Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი მტერი“. ამერიკა სტალინიზმის სამიზნეში


"სტალინი ჩვენი მესაჭე". 1930-იანი წლების საბჭოთა პლაკატი
"სტალინი ჩვენი მესაჭე". 1930-იანი წლების საბჭოთა პლაკატი

უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრესორი რუსეთი აწარმოებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგების ქვეშ, კიევი კი, რუსული პროპაგანდის მიერ გამოყვანილია ვაშინგტონის ნების აღმსრულებლად. რუსეთის ხელისუფლების იდეოლოგიაში ანტიამერიკული ნოტები გაისმა ჯერ კიდევ ХХ-XXI საუკუნეების მიჯნაზე, ხოლო მიუნხენში პუტინის გამოსვლამ 2007 წელს მწვანე შუქი აუნთო კრემლის პროპაგანდას, დაწყებულიყო შეერთებული შტატების შედარება მესამე რაიხთან. კრემლის ამჟამინდელ ხელისუფლებას მრავალი პუბლიცისტი წარმოაჩენს ტრადიციული რუსული ექსპანსიონიზმის გამგრძელებლად, რაც სულ მცირე არაზუსტი შედარებაა. როგორც რუსეთის იმპერიის საზოგადოებრვი აზრისთვის, ისე მისი ხელისუფლებისთვის XVIII–XX საუკუნეებში არ იყო დამახასიათებელი ამერიკაფობია. ამ თვალსაზრისით ქრესტომათიულ მაგალითად გვევლინება ალასკა, რომლის გაყიდვაც შეუძლებელი იქნებოდა, ამერიკა არათუ მტრად, არამედ მოწინააღმდეგედ რომ ყოფილიყო აღქმული. სწორედ საბჭოთა კავშირმა აქცია შეერთებული შტატების განადგურება ერთგვარ ზეამოცანად და ამაში უმთავრესი როლი ითამაშა სტალინმა.

იმისთვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, როდის დაიწყო სტალინმა შეერთებულ შტატებზე თავდასხმის მომზადება, უნდა გავიხსენოთ მისი თითქმის მივიწყებული სტატია „ორი ბანაკი“, რომელშიც საუბარია არა წითელ კატორღაზე, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებზე. საგულისხმოა, რომ ავტორმა საბჭოთა ხელისუფლების გარე მტრების სიაში ამერიკელებს მიანიჭა საპატიო პირველი ადგილი:

„იქ, მათ ბანაკშია, ამერიკა და ინგლისი, საფრანგეთი და იაპონია თავიანთი კაპიტალით, იარაღით, გამოცდილი აგენტებითა და ადმინისტრატორებით. აქ, ჩვენს ბანაკში, საბჭოთა რუსეთია... თავისი საბჭოთა რესპუბლიკებით, მზარდი პროლეტარული რევოლუციით ევროპის ქვეყნებში... ამ ორი ბანაკის ბრძოლა შეადგენს მთელი თანამედროვე ცხოვრების ღერძს, ის შინაარსით ავსებს ძველი და ახალი სამყაროების მოღვაწეების ამჟამინდელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას (...) მსოფლიო ორ შეურიგებელ ბანაკად გაიყო: იმპერიალიზმის ბანაკად და სოციალიზმის ბანაკად“.

ჩანაფიქრი არა მხოლოდ ნებისმიერი მომზადების დასაწყისია, არამედ უმეტეს შემთხვევაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მკითხველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტექსტი აღწერს მეოცე საუკუნის შუა ხანებში არსებულ მდგომარეობას, მარტო არ არიან. ცივი ომის ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარიც კი ორი ბანაკის პოსტულატის გაჩენას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს მიაკუთვნებს. სინამდვილეში კი, ეს სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „იზვესტიაში“ 1919 წლის 22 თებერვალს.

მეტიც, სტალინი ოქტომბრის რევოლუციამდეც წერდა ელვარე ტექსტებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, 1917 წლის აგვისტოს სტატია „ამერიკული მილიარდები“, რომელშიც სტალინმა გაამათრახა რუსეთის მაშინდელი ზომიერად მემარცხენე დროებითი მთავრობა:

„ამერიკული იმპერიალისტური ბურჟუაზია აფინანსებს რუსეთის იმპერიალისტური ბურჟუაზიის (მილიუკოვი!) კოალიციას, მხედრიონს (კერენსკი!) და წვრილბურჟუაზიულ ზედაფენას, ლაქიასავით თვინიერ რუსეთის „ცოცხალ ძალებს“ (წერეთელი!) - აი, ეს არის დღევანდელი ვითარების სურათი (...) იმ დროს, როდესაც რუსული რევოლუცია ცდილობს ძალების მოკრებას თავისი მიღწევების დასაცავად, იმპერიალიზმი ცდილობს მისთვის ბოლოს მოღებას, - ამერიკული კაპიტალი მილიარდებით ამარაგებს კერენსკი-მილიუკოვ-წერეთლის კოალიციას, რათა მთლიანად შეაჩეროს რუსული რევოლუცია და ძირი გამოუთხაროს დასავლეთში მზარდ რევოლუციურ მოძრაობას“.

იმ პირობებში, ბოლშევიკებისთვის გერმანიის გენშტაბის მიერ გამოყოფილი ოქრო უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკული სესხები დემოკრატებისთვის. კომუნისტებმა აიღეს ძალაუფლება და სტალინმა დაიწყო თავისი ნელი სვლა ლიდერობისკენ. სტრატეგიული საერთაშორისო მიზანი უცვლელი დარჩა. ამიტომ, ზემონახსენები ბინარული კატეგორიები - როგორც ახლა იტყოდნენ, ცივი ომის ლექსიკა - არავითარ შემთხვევაში არ იყო ერთჯერადი პუბლიცისტური ილეთი, რომელიც შთაგონებული იქნებოდა სამოქალაქო ომის რომანტიკით ან ახალგაზრდა ექსტრემისტული მოძრაობის შემთხვევითი იმპულსებით. სტალინი ხალისით იყენებდა ამ შავ-თეთრ სურათს საჯარო გამოსვლებსა და სტატიებში მომდევნო 8,5 წლის განმავლობაში.

სტალინს ორი ბანაკი ნახსენები აქვს 1921 წლის 6 ივლისის თბილისის მოხსენებაში („ამიერკავკასიაში კომუნიზმის ამოცანების შესახებ“), ხოლო სრულიად რუსეთის საბჭოების X ყრილობაზე, სტალინმა, რომელიც უკვე უმაღლესი ძალაუფლების ნაწილი იყო, არა მხოლოდ გამოიყენა ეს მანიქევეული სქემა, არამედ შესთავაზა დელეგატებს ამ სნეულებებისგან განკურნების წამალი:

„კაპიტალიზმის ბანაკში ჩვენ გვაქვს იმპერიალისტური ომები, ეროვნული შუღლი, ჩაგვრა, კოლონიური მონობა და შოვინიზმი (...) ახალი საკავშირო სახელმწიფო იქნება ახალი გადამწყვეტი ნაბიჯი მთელი მსოფლიოს მშრომელთა გაერთიანებისაკენ“. ამ სიტყვების შემდეგ, სტენოგრამაში დაფიქსირებულია დელეგატების ხანგრძლივი აპლოდისმენტები და „ინტერნაციონალის“ შესრულება.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა გამოაცხადა პარტიაში ლენინური გაწვევა - ზომიერად მუყაითი, გულმოდგინე შემსრულებლებისა და ძალაუფლების მოყვარული მსახურების აყვანა. სწორედ ამ შემგუებლებს უნდა გაეტარებინათ მისთვის სასურველი საკადრო ცვლილებები ხელისუფლების ქვედა და საშუალო დონეზე 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში, რის შემდეგაც შეცვლიდა იმ ძველ ბოლშევიკებს, რომლებმაც მოახდინეს „ოქტომბრის რევოლუცია“ და გაიმარჯვეს სამოქალაქო ომში. „ახალწვეულებისთვის“ სტალინმა სვერდლოვსკის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“, რომელიც ჯერ გამოქვეყნდა „პრავდაში“ (1924 წ. გაზაფხული), შემდეგ კი გამოიცა ბროშურის სახით, რომელსაც ბელადმა წაუმძღვარა წარწერა: „ვუძღვნი ლენინურ გაწვევას“.

ვლადიმირ ლენინი. 1923 წ.
ვლადიმირ ლენინი. 1923 წ.

სხვა საკითხებთან ერთად, ამ ბროშურაში სტალინი ახსენებს მარქსის დაშვებას, რომ აშშ-სა და ბრიტანეთში დემოკრატია შეიძლება მშვიდობიანად გარდაისახოს სოციალიზმში, რაზეც სტალინი ამბობს, რომ ეს თეზისი მოძველებულია და ცხადად მიანიშნებს, რომ საჭიროა ამ ქვეყნების ხელახლა აღზარდა ლენინური გზით, ანუ, სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებისა და მასობრივი დახვრეტების დახმარებით:

„პროლეტარიატის დიქტატურა შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ბურჟუაზიული სახელმწიფო მანქანის, ბურჟუაზიული არმიის, ბურჟუაზიული ბიუროკრატიის, ბურჟუაზიული პოლიციის განადგურების შედეგად...) „ახლა, - ამბობს ლენინი, ... მარქსის ეს შეზღუდვა უქმდება. ინგლისიც და ამერიკაც... მთლიანად ჩაცვივდნენ იმ ბიუროკრატიულ-სამხედრო ინსტიტუტების საერთოევროპულ ბინძურ და სისხლიან ჭაობში, რომელიც ყველაფერს იქვემდებარებს, ყველაფერს თრგუნავს. ახლა, როგორც ინგლისში, ისე ამერიკაში, „ნებისმიერი ჭეშმარიტად სახალხო რევოლუციის წინაპირობა“ არსებობს... „სახელმწიფო მანქანის“ ნგრევა, განადგურება. მალე სტალინმა კვლავ გაიმეორა ეს აზრი.

ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც სტალინის ღია გაღიზიანებას იწვევდა, იყო „ცრუ, ყალბი, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პაციფიზმი“. 1924 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში „საერთაშორისო ვითარების შესახებ“ მან მუშათა კლასის საქმის ღალატში დაადანაშაულა „პაციფიზმის სოციალ-დემოკრატი გმირები“, რომლებიც, სტალინის მიხედვით, მხარს უჭერდნენ არსებულ მსოფლიო წესრიგს. არადა, სტალინის სიტყვებით, 1924 წლის აგვისტოდან თვით ევროპაშიც კი წამყვანმა ძალებმა დაკარგეს დამოუკიდებელი როლი - „...საფრანგეთის ჰეგემონიის ნაცვლად, მივიღეთ ამერიკის ჰეგემონია“, რადგან ანტანტის კონფერენციაზე გერმანიის რეპარაციების საკითხზე ლონდონში შეკრებილმა ქვეყნებმა... აღიარეს ამერიკის ჰეგემონია“.

ამერიკული ორგანიზაცია ARA-ს (American Relief Administration) თანამშრომლები ურიგებენ სასურსათო დახმარებას რუსეთის შიმშილით დაზარალებული ერთ-ერთი პროვინციის მცხოვრებლებს. 1921 წ.
ამერიკული ორგანიზაცია ARA-ს (American Relief Administration) თანამშრომლები ურიგებენ სასურსათო დახმარებას რუსეთის შიმშილით დაზარალებული ერთ-ერთი პროვინციის მცხოვრებლებს. 1921 წ.

ამ დროს სსრკ-სა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ არსებობდა, ამიტომ საბჭოთა ბელადმა საკუთარ თავს უხამსი გამოხდომის უფლება მისცა ახალ „მსოფლიო ჰეგემონზე“ თავდასხმის სახით.

1924 წლის 17 დეკემბერს ბიპოლარული სამყაროს სურათი ჩნდება სტალინის მორიგ პუბლიკაციაში, რომელიც ეძღვნება ოქტომბრის გადატრიალებასა და რუსი კომუნისტების ტაქტიკას („ოქტომბრის რევოლუცია, როგორც მსოფლიო რევოლუციის დასაწყისი და წინაპირობა“). მომდევნო წლის გაზაფხულზეც მოსკოველი კომუნისტებისადმი მიძღვნილ მოხსენებაში შეახსენა თანამებრძოლებს, თუ ვინ იყო №1 მტერი. მოგვიანებით ეს ტექსტი გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“:

„ვინ ვის აჯობებს - ეს არის საქმის მთელი არსი. (...) რადგან, მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო - კაპიტალიზმის ბანაკად, რომელსაც ხელმძღვანელობს ანგლო-ამერიკული კაპიტალი, და სოციალიზმის ბანაკად, რომელსაც ხელმძღვანელობს საბჭოთა კავშირი“.

სტალინი მერეც წერდა, რომ „...მთელი მსოფლიოს ფინანსური ექსპლუატაციის ცენტრმა ევროპიდან ამერიკისკენ გადაინაცვლა (...) მსოფლიოს ფინანსური ექსპლუატაციის ცენტრი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატებია“. სტალინის თქმით, ვაშინგტონმა დაიმონა ევროპა, რომელიც „იძულებულია გაზარდოს მოსახლეობის საგადასახადო ტვირთი და გააუარესოს მშრომელთა მდგომარეობა“. ამგვარად, პლანეტაზე აშენდა რაღაც ბოროტების იერარქიის მსგავსი, რომლის სათავეში დგანან უოლ-სტრიტის საქმოსნები და მათი დაქირავებულები თეთრ სახლში: „ევროპის ქვეყნები, აგრძელებენ რა თავიანთი კოლონიების ექსპლუატაციას, ახლა თავად ჩავარდნენ ამერიკის ფინანსურ დაქვემდებარებაში“.

როგორც ფილოლოგმა მიხაილ ვაისკოფმა აღნიშნა, სტალინის არგუმენტები ხშირად ეფუძნებოდა ფარულ ტავტოლოგიას, რაც შთამბეჭდავ შედეგს იძლეოდა. ერთ-ერთ მოხსენებაში მან ხუთჯერ გაიმეორა, რომ „ახლა მსოფლიოს მთავარი ფინანსური ექსპლუატატორები არიან ჩრდილოეთი ამერიკა და ნაწილობრივ მისი თანაშემწე ინგლისი“. სიცხადისთვის მან ასევე არაერთხელ გაიმეორა მეორე ბანაკის აღწერა: „უკმაყოფილო და იმპერიალიზმთან სასიკვდილოდ დაპირისპირებულ ქვეყნებს სათავეში უდგას ჩვენი ქვეყანა, საბჭოთა კავშირი“.

1926 წლის ნოემბრის გამოსვლაში სტალინმა უკვე წარმოაჩინა შეერთებული შტატები, როგორც მომავალი ფართომასშტაბიანი სისხლისღვრის მიზეზი: „შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის ძარცვა ძველი ხელობაა, რადგან აშშ, 1860-იანი წლების სამოქალაქო ომის შემდეგ, აღდგა მეზობელი ქვეყნებისა და კუნძულების ძარცვის ხარჯზე“.

ოქტომბრის რევოლუციიდან ათი წლის შემდეგ, 1927 წლის შემოდგომაზე სწორედ ამერიკულ მუშათა დელეგაციასთან შეხვედრისას, საბჭოთა ბელადმა წარმოთქვა ერთგვარად წინასწარმეტყველური სიტყვები: „საზოგადოების შემდგომი განვითარების პროცესში, გლობალური მასშტაბით, წარმოიქმნება ორი ძლიერი მიზიდულობის ცენტრი: სოციალისტური და კაპიტალისტური. ამ ორი ცენტრის გარშემო შექმნილ ბანაკებს შორის ბრძოლა გადაწყვეტს კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ბედს მთელ მსოფლიოში“.

თუმცა, სტალინი ბრძოლის მომზადებაში ყველას ადანაშაულებდა, საკუთარი თავისა და საბჭოთა კავშირის გარდა, ხოლო ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებს შორის ჩვეულებრივ კონკურენციას (განსაკუთრებით ენერგორესურსებისთვის) წარმოაჩენდა სისხლისღვრის გეგმად: „...რადგან შეუძლებელია ნავთობის გარეშე ბრძოლა (...) საქმე მიდის სახელმწიფოების ახალი კოალიციების ორგანიზებისკენ, რათა მოამზადონ ახალი ომები საერთაშორისო ბაზრებისა და ნედლეულის დასაუფლებლად (...) წყნარი ოკეანის პრობლემა ახალი იმპერიალისტური ომების წყაროა (...) ახალი ომისთვის მზადება მთელი სისწრაფით მიმდინარეობს...“

სტალინის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განცხადება აჩვენებს არა მხოლოდ იმას, თუ ვინ იყო ცივი ომის გამჩაღებელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებაც კი საბჭოთა ბელადისთვის არ წარმოადგენდა რაიმე სახის მნიშვნელოვან ეტაპს შეერთებული შტატების, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერის, მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება ბელადის საჯარო გამოსვლებს, 1927 წლის შემდეგ ანტიამერიკანიზმის ინტენსივობა შესამჩნევად შემცირდა, რადგან სტალინს „მძაფრად სურდა“ შეერთებული შტატებიდან სპეციალისტებისა და ტექნოლოგიების მიღება, რამაც ითამაშა კიდეც გადამწყვეტი როლი მომდევნო 3,5 წლის მანძილზე მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნაში. 1930 წლის ივნისში კომუნისტური პარტიის XVI ყრილობაზე წაკითხულ საანგარიშო მოხსენებაში სტალინმა ისაუბრა ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე: „ტექნოლოგიის სფეროში ჩვენ ვართ მოწაფეები... პირველ რიგში და ძირითადად ამერიკელებისა“.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ზუსტად იცოდა, რომ მის გამოსვლებს ყურადღებით აკვირდებოდნენ საზღვარგარეთ, იგი მაინც ცდილობდა გაეძლიერებინა ანტიამერიკული განწყობები გერმანიაში, ნაწილობრივ იმისთვის, რომ გერმანელები მოსკოვისთვის უფრო დამყოლი სავაჭრო პარტნიორები გამხდარიყვნენ: „ორიგინალური ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბდა გამარჯვებულ ქვეყნებსა და გერმანიას შორის, შეიძლება აღიწეროს იმგვარი პირამიდის სახით, რომლის წვერზეც ბატონკაცურად სხედან ამერიკა, საფრანგეთი, ინგლისი ხელში იუნგის გეგმით და წარწერით: „გადაიხადე!“, ქვემოთ კი გერმანიაა გართხმული“.

არადა, გერმანიის რეპარაციების ე.წ. იუნგის გეგმა, რომელიც წამოაყენა შეერთებულმა შტატებმა და მოიწონეს მოკავშირეებმა, წარმოადგენდა წინა, დაუესის გეგმის შემცირებულ ვარიანტს (მალე, კრიზისის გამო, რეპარაციის გადახდა საერთოდ შეჩერდა). თუმცა, მარქსისტული დიალექტიკის ერთგული სტალინი ვალების შემცირებასაც კი სასტიკ ექსპლუატაციად სახავდა.

1931 წლის 6 სექტემბერს კონფიდენციალურ შეტყობინებაში ლაზარ კაგანოვიჩს, იაკოვ რუძუტაკსა და სერგო ორჯონიკიძეს - სტალინი სწერდა: „ჩრდილოეთი ამერიკა, ფინანსური სამყაროს ამჟამინდელი ჰეგემონი და ჩვენი მთავარი მტერია...“ იმ დროისთვის იტალიას უკვე დიდი ხანია მართავდნენ ფაშისტები, ხოლო ტოკიოში ძლიერდებოდა სამხედრო რეჟიმი, რომელიც მილიტარიზაციის ფართომასშტაბიან პროგრამას ახორციელებდა, თუმცა სტალინისთვის არც მუსოლინი და არც „სამურაები“, როგორც მტრები, ახლოსაც კი ვერ მივიდოდნენ მდიდარ და ძლიერ შეერთებულ შტატებთან.

სსრკ-ის სამრეწველო შესყიდვების სიმძიმის ცენტრმა 1931 წლისთვის დასავლეთ ევროპისკენ გადაინაცვლა, თუმცა ეს მოხდა არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ გლობალური კრიზისის პირობებში ევროპული ჩარხებისა და ტექნიკური ცოდნის ფასი მნიშვნელოვნად გაიაფდა, ამერიკულთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან მაინც გაგრძელდა. მეტიც, სტალინი ცდილობდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვაშინგტონთან. მალე ასეთი შესაძლებლობაც გაჩნდა: რესპუბლიკელებმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკებისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი დემოკრატები. სტალინმა გასაგებად მიანიშნა ფრანკლინ რუზველტს, ეღიარებინა საბჭოთა კავშირი, რისთვისაც ჟურნალ „ბოლშევიკში“ გამოაქვეყნა ერთ-ერთ ამერიკელ მეწარმესთან სამი წლის წინ შემდგარი საუბრის ოქმი - ტექსტი შეიცავდა ბევრ თბილ სიტყვას ამერიკელების მიმართ, ეკონომიკური კავშირების გაფართოების იმედებს და, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ფრაზას: „დიპლომატიური აღიარების საკითხი თავისთავად გადაწყდება, როცა ორივე მხარე მიხვდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები მომგებიანია“.

1933 წლის 13 მაისს სტალინმა კონფიდენციალური მოლაპარაკება გამართა ამერიკის მთავრობის ექსპერტთან - ეკონომისტსა და მწერალ რაიმონდ რობინსთან, რომელიც არ იშურებდა საქებარ სიტყვებს საბჭოთა ადმინისტრაციულ-მმართველობითი სისტემის მიმართ. 1932 წლის სექტემბრის დასაწყისში რობინსი თეთრ სახლში უნდა შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერს, მაგრამ მოულოდნელად გაუჩინარდა და მხოლოდ ორი თვის შემდეგ გამოჩნდა თავის აგარაკზე. მწერალს შეცვლილი ჰქონდა როგორც გარეგნობა (მოეშვა წვერ-ულვაში), ასევე გვარ-სახელი. საკუთარ თავს რეინოლდს როჯერს უწოდებდა, ვერ ცნობდა ცოლს და ავლენდა სხვა არაერთ უცნაურობას. ფსიქიატრთან მკურნალობის შემდეგ რობინსს მეხსიერება აღუდგა, რის შემდეგაც კვლავ შეუდგა სტალინთან კავშირის დამყარებას. მათი შეხვედრა 13 მაისს შედგა.

გაჭირვებამ აიძულა: სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმამ, რითაც დააგვირგვინდა ორი დიქტატურის თანამშრომლობა, სტალინი აიძულა ალიანსში შესულიყო "იმპერიალისტ მტრებთან" - დასავლურ დემოკრატიებთან. იალტა, 1945 წლის თებერვალი, "დიდი სამეული": ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი
გაჭირვებამ აიძულა: სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმამ, რითაც დააგვირგვინდა ორი დიქტატურის თანამშრომლობა, სტალინი აიძულა ალიანსში შესულიყო "იმპერიალისტ მტრებთან" - დასავლურ დემოკრატიებთან. იალტა, 1945 წლის თებერვალი, "დიდი სამეული": ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი

საბჭოთა ბელადმა არ დაინანა საქებარი სიტყვები ვაშინგტონის მიმართ: „ამერიკელები ძალიან დაგვეხმარნენ. ეს უნდა ვაღიაროთ. სხვებზე უკეთ და თამამად გვეხმარებოდნენ. ამისთვის მადლობა მათ“. საუბრის დასასრულს რობინსმა მოკრძალებულად განაცხადა, რომ „არაფერია უფრო ამაღლებული და დიდებული, ვიდრე ახალი სამყაროს შექმნაში მონაწილეობა, მონაწილეობა იმაში, რითაც ახლა ვართ დაკავებული...“. განშორებისას სტენოგრამამ დააფიქსირა თანამოსაუბრეების მეგობრული სიცილი. როგორც ჩანს, ბელადი საკმაოდ გულწრფელად იცინოდა, რადგან ყველაზე კარგად იცოდა, როგორი სამყარო და რა ფასად ააშენა საბჭოთა კავშირში და რის შეტანას აპირებდა ამერიკაში. ეს ყველაფერი ვაშინგტონშიც იცოდა ყველამ, ვისაც სურვილი ჰქონდა რომ ცოდნოდა. შემთხვევით არ იყო, რომ 1931 წელს ამერიკის ხელისუფლებამ აკრძალა ხე-ტყის იმპორტი სსრკ-ის ევროპული ნაწილის ოთხი ზონიდან, კარელიიდან კომამდე, რადგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ სფეროში დიდი დოზით გამოიყენებოდა პატიმრების შრომა.

გადადო რა ყველაზე სადავო საკითხები მომავლისთვის, 1933 წლის 16 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა შეერთებულ შტატებთან. აღიარების ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ კრემლი არ გაატარებდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ამერიკის წინააღმდეგ, რის თაობაზეც საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მაქსიმ ლიტვინოვმა დეტალური ნოტები გაცვალა რუზველტთან. ვალდებულების მეოთხე პუნქტში აშშ საბჭოთა კავშირისგან ითხოვდა:

„არ დაუშვას თავის ტერიტორიაზე ისეთი ორგანიზაციის (ჯგუფის) შექმნა ან მოქმედება, რომლის მიზანი იქნება შეერთებული შტატების, ან მისი ნაწილის ან თანამდებობის პირის, ან მისი საკუთრების წინააღმდეგ მოქმედება, ასევე პოლიტიკური ან სოციალური წყობის ძალით შეცვლა“.

ნოტის პირობების შესრულება უდავოდ გამოიწვევდა საკავშირო კომუნისტური პარტიის თვითდაშლასა და სსრკ-ის თვითლიკვიდაციას. არანაკლებ უცნაური იყო კრემლის ვალდებულება, თავი შეეკავებინა აგიტაციისა და სხვა სახის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისგან თავად შეერთებულ შტატებში. ამერიკაში საბჭოთა დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის ერთ-ერთი მიზანი ხომ სწორედ ასეთი საქმიანობის გაფართოება იყო.

მოსკოვში კომინტერნის VII ყრილობის ჩატარებიდან მალევე მოხდა დიპლომატიური სკანდალი. 1935 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუზველტთან შეთანხმებით, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მოსკოვს იმის თაობაზე, რომ კონგრესზე განიხილებოდა აშშ-ის კომუნისტური პარტიის პოლიტიკა. ვაშინგტონი აცხადებდა, რომ „მოსალოდნელია სერიოზული შედეგები, თუ სსრკ-ის მთავრობა არ მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეერთებული შტატების მთავრობისადმი მიცემული საზეიმო დაპირების უგულებელყოფა“.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატმა, ჩვეულებისამებრ, განაცხადა, რომ მისი ძალაუფლება არ ვრცელდება კომინტერნზე, ხოლო სტალინმა, სახის შესანარჩუნებლად, რამდენიმეთვიანი პაუზა აიღო, შემდეგ კი გააკეთა თავისი ხმაურიანი განცხადება, რომ არ აპირებდა ჩარევას მეზობლების შიდა სტრუქტურებში. ეს განცხადება მან გააკეთა არა ევროპელ ან აზიელ ჟურნალისტებთან, არამედ ამერიკელ როი ჰოვარდთან ინტერვიუში. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა გავლენიან საგაზეთო ასოციაციას Scripps-Howard Newspapers-ს, რომლის მეშვეობით საბჭოთა ბელადმა დაამშვიდა კაპიტალისტები:

„თუ ფიქრობთ, რომ საბჭოთა ხალხს სურს, თუნდაც ძალით, შეცვალოს მოსაზღვრე სახელმწიფოების სახე, მაშინ ძალიან ცდებით. საბჭოთა ხალხს, რა თქმა უნდა, სურს, რომ შეიცვალოს მიმდებარე სახელმწიფოების სახე, მაგრამ ეს თავად მოსაზღვრე ქვეყნების საქმეა, მე ვერ ვხედავ, რა საფრთხე შეიძლება დაინახონ მიმდებარე სახელმწიფოებმა საბჭოთა ხალხის იდეებში, თუ ეს სახელმწიფოები მართლაც მყარად სხედან უნაგირებზე.

ჰოვარდი. ნიშნავს თუ არა თქვენი ეს განცხადება, რომ საბჭოთა კავშირმა გარკვეულწილად უარი თქვა მსოფლიო რევოლუციის მოწყობის გეგმებსა და განზრახვებზე?

სტალინი. ასეთი გეგმები და განზრახვები არასდროს გვქონია.

ჰოვარდი. მისტერ სტალინ, მეჩვენება, რომ დიდი ხნის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იქმნებოდა განსხვავებული შთაბეჭდილება.

სტალინი. ეს გაუგებრობის ნაყოფია.

ჰოვარდი. ტრაგიკული გაუგებრობის?

სტალინი. არა, კომიკურის. ან, შესაძლოა, ტრაგიკომიკურის“.

ეს საუბარი ასევე გამოქვეყნდა „პრავდაში“ 1936 წლის 5 მარტს, მაგრამ ყველა უცხოელმა ექსპერტმა როდი დაიჯერა ბელადის სიტყვები. მაგალითად, გერმანიის ელჩმა თურქეთში ფრიდრიხ ფონ კელერმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ „სტალინი იტყუება რევოლუციის გაფართოების გეგმებზე“.

ოთხი თვის შემდეგ, 1936 წლის 26 ივნისს, სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება საოკეანო ფლოტის შექმნის თაობაზე - ძირითადი კლასის 533 ხომალდითა და 1,3 მილიონი ტონა ჯამური წყალრწყვით, - რასაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საზღვაო ძალად უნდა ექცია.

რა თქმა უნდა, სტალინი თავს იკატუნებდა, ვითომ უარი თქვა პლანეტის გაწითლების იდეაზე, რაც გამოჩნდა კიდეც 1938 წლის 12 თებერვალს „პრავდაში“ გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციიდან: „მე თვითონ ძალიან მინდა, რომ მსოფლიოში აღარ იყოს ისეთი უსიამოვნო რამ, როგორიც კაპიტალისტური გარემოცვაა...“ იმავე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ეპოქალური ნაშრომი, სტალინის მიერ გარედაქტირებული „საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორია. მოკლე კურსი“, რომელიც შეიცავდა მიმოხილვას მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოქმედებების ერთიანობის შესახებ, პირდაპირ მინიშნებით მსოფლიოში სოციალიზმის გარდაუვალ ტრიუმფზე.

„დემოკრატიული“ სახელმწიფოების მმართველი წრეები... შემოიფარგლებიან თავხედი ფაშისტი მმართველების დაყვავების პოლიტიკით (...) ცარიზმის პირობებში, რუსეთის ლიბერალ-მონარქისტულ ბურჟუაზიას... ეშინოდა ხალხის და ამიტომ გადავიდა მეფის დაყვავების, დაყოლიების პოლიტიკაზე... როგორც ცნობილია, რუსეთის ლიბერალურ-მონარქისტულ ბურჟუაზიას ძვირი დაუჯდა ასეთი ორმაგი პოლიტიკა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინგლისის მმართველი წრეები და მათი მეგობრები საფრანგეთსა და აშშ-შიც მიიღებენ თავიანთ კუთვნილ ისტორიულ მისაგებელს“.

იმაზე, რომ სტალინი უკვე საქმიანად ემზადებოდა ატლანტის ოკეანის კამპანიისთვის, ნათლად მეტყველებს 1939 წლის მარტში საკავშირო კომუნისტური პარტიის XVIII ყრილობაზე მისი გამოსვლის ტექსტი: „იმისათვის, რომ ეკონომიკურად გადავასწროთ შეერთებულ შტატებს... ჩვენ თუჯის წარმოების წლიური მაჩვენებელი 50-60 მილიონ ტონამდე უნდა გავზარდორთ“. ეს, ბელადის თქმით, უზრუნველყოფდა პირველობას ფოლადის, ნაგლინის პროდუქტებისა და მანქანათმშენებლობის წარმოებაში. „ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ (...) და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გადავიდეთ კომუნიზმის პირველი ეტაპიდან მის მეორე ფაზაში (...) ეს კი მოითხოვს, პირველ რიგში, როგორც წინსვლის სერიოზულ და დაუოკებელ სურვილს, ასევე მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნას...“

მსხვერპლი მართლაც მოჰყვა როგორც მილიტარიზაციის ეტაპის დაწყებას (1939 წ. აგვისტო), რამაც გამოიწვია ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის გაზრდა, ასევე მეორე მსოფლიო ომს, რომელშიც სსრკ მოღალატურად ჩაება როგორც აგრესორი. სტალინიზმის ტრიუმფი შესაძლებელი გახდა „მთავარი მტრის“ დახმარებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროებითი მოკავშირე იყო. ამიტომ, როდესაც ექვსი თვის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ გადაიქცა მოწინააღმდეგედ, შემდეგ კი საერთოდაც მტრად კორეის ომში, არც საბჭოთა ხალხს და არც პარტიულ-სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ რაიმე განსაკუთრებული გაკვირვება. ყველამ, ვინც პოლიტიკით იყო დაინტერესებული, დიდი ხანია იცოდა, რომ სოციალისტურ ბანაკში ცხოვრობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG