სტალინი როგორც მკაცრი, „ულვაშა ძია“ პერიოდულად გვიბრუნდება ხოლმე; გვიბრუნდება, როგორც „უნარიანი მენეჯერი“, როგორც „უსამართლობასთან მებრძოლი რაინდი“, როგორც „საყოველთაო კეთილდღეობისა და ფაშიზმზე გამარჯვების მომტანი“ და ა.შ. სტალინის ასეთ „დაბრუნებებში“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ე.წ. „სტალინის კონსტიტუცია“ – „სოციალიზმის ბიბლია“, რომლის XIII თავი და 146 მუხლი ისეა გაჟღენთილი მშრომელ ადამიანზე ზრუნვით, რომ გაუწაფავი თვალი ვეღარ ამჩნევს, 1936 წლის კონსტიტუცია, მელნის ნაცვლად, ადამიანის სისხლით რომაა ნაწერი.
1951 წელს, „სტალინის კონსტიტუციის“ მე-15 წლისთავზე, კონსტიტუციის ტექსტთან ერთად, ცალკე წიგნად გამოიცა ბელადის მოხსენება წაკითხული 1936 წლის 25 ნოემბერს, საბჭოების VIII საგანგებო საკავშირო ყრილობაზე. ამ მოხსენებაში, რომელიც წინ უსწრებდა კონსტიტუციის მიღებას, სტალინმა გააკრიტიკა ბურჟუაზიული კონსტიტუციები და შეაქო თავისი, საბჭოთა კონსტიტუცია, რომელიც, მისი თქმით, დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებაში აღარ არიან ანტაგონისტური კლასები, რომ საზოგადოებაში არიან მხოლოდ მეგობრულად განწყობილი კლასები მუშათა და გლეხთა კლასების სახით. ამასთან, როგორც სტალინი ამბობს მოხსენებაში, უპირატესობა მინიჭებული აქვს მუშათა კლასს, რომელიც მოწინავედ ითვლება და კონსტიტუციის დანიშნულებაც ისაა, რომ განამტკიცოს მუშათა კლასის დიქტატურაო და ა.შ.
მოხსენება ვრცელია. ტექსტში მონიშნულია ადგილები, სადაც ყრილობის დელეგატები ბელადს აწყვეტინებენ გამოსვლას ხან ტაშით, ხანაც ემოციური შეძახილებით. გამორჩეული იყო ოვაციები სიტყვის წარმოთქმის წინ და, განსაკუთრებით, სიტყვის დასრულების შემდეგ:
„მთელი დარბაზი ფეხზე დგება. ყველა მხრიდან გაისმის შეძახილები: ვაშა ამხანაგ სტალინს! გაუმარჯოს სტალინს! გაუმარჯოს დიდ სტალინს! დიად გენიოსს ამხანაგ სტალინს ვაშა! ვივატ! ამხანაგ სტალინს დიდება! როტ ფრონტ!“
თუ მხოლოდ კონსტიტუციის ტექსტით ვიმსჯელებთ, დელეგატებსა და მათ მრავალმილიონიან ფიქტიურ ამომრჩეველს, ნამდვილად ჰქონდათ აღფრთოვანების მიზეზი. კონსტიტუციის მიხედვით ხომ, ყველა საბჭოთა მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იყო შრომის, დასვენების, განათლების, სიბერეში, ავადმყოფობისა და შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური უზრუნველყოფის უფლება. გარდა ამისა, კონსტიტუცია უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებად გაერთიანების უფლებას, სინდისისა და მიწერ-მოწერის თავისუფლებას. კონსტიტუციის 125-ე მუხლი კი გვეუბნებოდა, რომ „მშრომელთა ინტერესებისა და სოციალისტური წყობის განმტკიცების მიზნის შესაბამისად საბჭოთა მოქალაქეებს კანონით მინიჭებული აქვთ: ა) სიტყვის თავისუფლება; ბ) ბეჭდვის თავისუფლება გ) შეკრებებისა და მიტინგების გამართვის თავისუფლება გ) დემონსტრაციებისა და მსვლელობების თავისუფლება“.
არადა, საბჭოთა კავშირის მთელი ისტორია სწორედაც რომ ამ უფლებების უპრეცედენტო ხელყოფის ისტორიაა, რადგანაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი წყვეტდა, „რა ეწინააღმდეგებოდა მშრომელთა ინტერესებსა და სოციალისტური წყობის განმტკიცების მიზანს“, ხოლო ვინც „ეწინააღმდეგებოდა“ ის მიდიოდა მრავალი წლით ან ციხეში ან - სამუდამოდ მიწაში.
სტალინის კონსტიტუციის 118-ე და 119-ე მუხლებით ასევე გარანტირებულია შრომისა და დასვენების უფლება და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილია 8 საათიანი სამუშაო დღით, რომელიც, სამუშაოს სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია შემცირდეს 7 ან 6 საათამდე.
სინამდვილეში, მრავალი მილიონი ადამიანისთვის კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს სიტყვები მწარე დაცინვა იყო და სხვა არაფერი.
ცხადია, აღწერილია მათი სადაგი დღე!
„16 საათიანი სამუშაო დღე. სძინავთ ნიჩბების ტარზე დაყრდნობილებს, - არც დაჯდომა შეიძლება და არც - დაწოლა. ეგრევე დახვრეტენ.
... მერე დაბრუნება ბანაკში, ე.წ. ზონაში, სადაც კარიბჭის თავზე აღმართული თაღის ფრონტონზე მსხვილი ასოებით გამოყვანილია წარწერა: „შრომა არის ღირსების საქმე, დიდების საქმე, მამაცობისა და გმირობის საქმე!“
ვისაც სამუშაოზე გასასვლელად სიარული არ შეუძლია, იმათ ცხენის სათრეველაზე აბამენ და ასევე მიათრევენ 2-3 კილომეტრზე...
გადის დრო და ადამიანი ხვდება, რომ, თურმე, შესაძლებელია ცხოვრება ხორცის, შაქრის, ტანისამოსის, ფეხსაცმლის, ღირსების, სინდისის, სიყვარულის, მოვალეობის გარეშე“, - ესაა ფრაგმენტი ვარლამ შალამოვის მიერ ბორის პასტერნაკისათვის მიწერილი წერილიდან, რომელშიც გულაგის მრავალმილიონიანი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფაა აღწერილი.
ამ ორი ადამიანის ისტორია საყოველთაოდაა ცნობილი: ერთმა დიდმა მწერალმა მრავალი წელი გაატარა საბჭოთა ბანაკებში (20 მილიონამდე სხვა ადამიანთან ერთად), მეორე დიდ მწერალს კი მრავალი წლის განმავლობაში არ უბეჭდავდნენ წიგნებს, უარი ათქმევინეს ნობელის პრემიაზე და ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ღორი უძახეს.
დღეს, როცა ამდენი ცოდნაა დაგროვილი სტალინისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, დაუჯერებლად გეჩვენება, სტალინის ქმედებათა გადაფასების მცდელობა და გიჭირს დაიჯერო, რომ ვინმეს სერიოზულად შეუძლია ასეთი რამ დაწეროს:
"1920-იან და 30-იან წლებში, მისი [სტალინის] ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირში ხდება ეკონომიკური გარდაქმნები, რის შედეგადაც მოსახლეობა აღწევს მატერიალური კეთილდღეობის იქამდე არნახულ დონეს, სახელმწიფო ინდუსტრიით, განათლებითა და ჯანდაცვით“.
გასული საუკუნის 30-იანი წლების ყველაზე მასშტაბური სტალინური რეფორმები ცნობილია ორი თავზარდამცემი სახელით: „ჰოლოდომორი“ და „დიდი ტერორი“.
... 1933 წელი იდგა და სტალინი განგებ აშიმშილებდა საბჭოთა უკრაინას, რომელმაც საერთო ჯამში 3 მილიონ ადამიანზე მეტი დაკარგა. შემორჩენილია კანიბალიზმის ამსახველი როგორც ფოტომასალა, ასევე თვითმხილველთა ჩანაწერები:
„ბავშვებს გასიებული მუცლები ჰქონდათ, იარებითა და ფუფხებით სავსე; ერთი სიტყვით, ტანი გასკდომაზე ჰქონდათ. ჩვენ ისინი გარეთ გაგვყავდა, ზეწრებზე ვსვამდით. გაუთავებლად ტიროდნენ ხოლმე. ერთ დღეს ბავშვები უცნაურად გაჩუმდნენ. გამოვხედეთ და დავინახეთ, რომ ყველაზე პატარას, პეტრუსს, ჭამდნენ; კანს აძრობდნენ და ჭამდნენ. პეტრუსიც იმასვე აკეთებდა - თავის თავს აცლიდა კანს და ჭამდა, რამდენიც შეეძლო, იმდენს. სხვა ბავშვებმა მის ჭრილობებს პირი მიადეს და სისხლის წოვა დაიწყეს. ჩვენ სასწრაფოდ გამოვაცალეთ პეტრუსი დამშეულ ბავშვებს და მთელი დღე ვტიროდით”.
საბჭოთა კავშირის ისტორია საბჭოთა ლაგერების ისტორიაცაა და, გასაკვირი არ არის, რომ ისიც იწყება 1924 წლიდან, იწყება ხოლმოგორის ბანაკიდან, რომელსაც მალევე წამოეწევა სოლოვეცკის ცნობილი ბანაკი, მერე, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოვა, „ისპრავდომებსა“ და „დომზაკებს“ მთავარ პოლიტიკურ სამმართველოს (ГПУ) გადასცემენ და ახალი სუნთქვა გაიხსნება: ბელამორკანალი, პოტმა, დმიტლაგი და მერე სათვალავიც აირევა: სევლაგი, სევვოსტლაგი, სიბლაგი, ბამლაგი, ტაიშეტლაგი, ირკუტლაგი და ა.შ. საბჭოთა კავშირი იქცევა ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად, რომელშიც ადამიანს ხის ნაფოტის ფასიც არ ექნება, შედგება დასახვრეტთა სიები და ასობით ათასი ადამიანი სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე დაიხვრიტება, რაც უამრავი ფაქტობრივი მასალით გამყარებული და დადასტურებული კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და არა „სტალინის ლიბერალური კრიტიკა“.
კვლავ ვარლამ შალამოვს რომ დავესესხოთ, არაფერია იმაზე მეტი სიმდაბლე, ვიდრე მცდელობა „დაივიწყო“ ეს დანაშაული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.