1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
- 1921 წ. 25 თებერვალი, პარასკევი
- როგორ დავთმეთ თბილისი
- როგორ დაიწყო ომი
- ძალთა ბალანსი
- ომის გმირები
- კვლავ 25 თებერვალი
- 25 თებერვლის შემდეგ
1921 წ. 25 თებერვალი, პარასკევი
„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“ - ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებს, როცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, 25 თებერვლის დადგომამდე, თანამებრძოლებთან ერთად სულგანაბული ელოდა სამშობლოსათვის თავგანწირვის დიად მომენტს, როცა სანგარში ჩამჯდარს თითები სველ ჩახმახზე ეყინებოდა და თოვლის ფიფქები თვალებში უვარდებოდა. თავდაპირველად ოფიცრის ბრძანება, ამოსულიყვნენ სანგრებიდან, შეტევაზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნია, თუმცა მალევე, სოღანლუღის ხიდის აფეთქების შემდეგ, მიხვდა რაშიც იყო საქმე: „ამ წამიდან როგორც ჩვენი სამშობლო, საქართველო, ისე ქართველი ერი სამუდამოდ დაიღუპა, ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა“.
ქართულმა ჯარმა თბილისი მართლაც მოულოდნელად დატოვა 24-25 თებერვლის სუსხიან ღამეს. მანამდე თბილისის დამცველებმა მოიგერიეს წითელი არმიის ორი იერიში და 23 თებერვლისთვის მტერი თბილისის მისადგომებიდან უკუაქციეს. სოღანლუღთან ბრძოლაში მოკლეს 530 და ტყვედ აიყვანეს 1600 მტრის ჯარისკაცი, შესაბამისად, საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იყო როგორც სამხედრო ნაწილებში, ასევე საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს 25 თებერვალს გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებული ოპტიმისტური სტატიები, ცნობები მობილიზაციისა და სასწავლო სროლების გაგრძელების შესახებ.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ ცხადდება, რომ ახლად გაწვეულ ჯარისკაცთა შესასწავლად სანიმუშო სროლა ქ. ტფილისში გაგრძელდება 25, 26 თებერვალს“ - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.
„რაც უნახავთ, ვერ ნახავენ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ“ ცნობა მტრის „ჰაეროპლანის“ მიერ თბილისში ყუმბარების ჩამოყრის შესახებ.
„ხმელეთზე ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ვერ გამოიწვიეს აჯანყება. დამარცხებულები მაღლა აფრინდნენ და ზემოდან მშვიდობიან ხალხს დაუშინეს. ეს არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ნაბიჯი- ამით უნდათ გვითხრან - დაგვნებდით, ბრძოლას თავი დაანებეთ, მაინც ვერ გაგვიძლებთ დიდხანსო, მაგრამ თბილისი არ შეკრთა. არ ეშინია მსხვერპლის არც ფრონტზე და არც მშვიდობიან ქუჩებში. საქართველოს დედაქალაქი არ კარგავს იმ სიდინჯეს, რომელსაც მოითხოვს მისგან დღევანდელი დღე. დამოუკიდებლობის დაცვა საქართველოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მისი ნებით ბოლშევიკები ვერ შემოვლენ აქ. ქართველ ხალხს აქვს ისეთი სიმაგრე, რომელსაც ისინი ვერ მოერევიან ვერც ზარბაზნებით და ვერც ჰაეროპლანებით. ეს სიმაგრე მისი მკერდი, მისი სულიერი განწყობილებაა“, - წერდა „ერთობა“.
„თბილისის პოზიციებზე დამარცხებულ მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე რაზმმა, გუშინ საღამოს აიღო სოფელი კუმისი და წალასკური. კუმისთან ღამის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 8 ტყვიისმფრქველი, 3 ოფიცერი და 53 წითელარმიელი“, - ამგვარი შინაარსის ცნობა გაავრცელა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
როგორ დავთმეთ თბილისი
საბრძოლო წარმატებებისა და მაღალი საბძოლო სულისკვეთების მიუხედავად, საქართველოს მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაინც მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება.
რა იყო ამის მიზეზი?
გიორგი კვინიტაძე მოგონებების წიგნში წერს, რომ 24 თებერვალს დღის სამ საათზე მიიღო ცნობა, რომ წითელი ცხენოსნები გამოჩნდნენ ზურგში, ავჭალაში და, რომ მათ დაიკავეს მიმდებარე სოფლები.
„ცხადია, ეს ის ცხენოსნები იყვნენ, რომლებმაც გვერდი აუარეს პოლკ. გედევანიშვილის ფლანგს. შესაბამისად, მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ჩვენს ზურგში და ხელში ჩაიგდო უკან დასახევად საჭირო რკინიგზის კვანძი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუყოვნებლივ არ გამოიყვანა მწყობრიდან რკინიგზის ხაზი, ხელში არ ჩაიგდო სადგური, ტელეგრაფი და ა.შ. და ამგვარად, რატომ არ გაწყვიტა ჩვენი კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ყველაფერი ეს შეეძლო მტერს და ჩვენ ხელს ვერ შევუშლიდით. საჭირო იყო დაუყოვნებლივ მოქმედება“, - წერს გიორგი კვინიტაძე, რომლის თქმითაც, ერთი დღით ადრე მტერი ასევე გამოჩნდა ნახშირგორასთან, საიდანაც თავისუფლად შეეძლო სოფელ დიღომის დაკავება, რაც ავჭალის აღების გათვალისწინებით, თბილისის სრულ ალყაში მოქცევას, მთელი ჯარისა და მთავრობის აპარატის დაღუპვას გამოიწვევდა.
„ეს ნიშნავდა ომის დასრულებას!“ - შენიშნავს გიორგი კვინიტაძე.
ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ კვინიტაძის სიფრთხილე უსაფუძვლო არ იყო.
„მარცხენა ფლანგს უვლიდა წითელი არმიის ორი დივიზია. ამ ორ დივიზიაში 3-4 ათასამდე ცხენოსანი შედიოდა. თან რუსული ცხენოსანი დივიზიის სტრუქტურაში შედიოდნენ არა მხოლოდ ცხენოსნები, არამედ არტილერისტებიც. მარჯვენა მხრიდან გვივლიდა ერთი ცხენოსანი პოლკი და ერთი ბრიგადა, მთლიანობაში ორივე მხრიდან 4-5 ათასი ცხენოსანი გვაქცევდა ალყაში. კვინიტაძის ეს გადაწყვეტილება სადავო იყო, არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული ძალები აპირებდნენ თბილისის ალყაში მოქცევას. 24-ში მხოლოდ მცდელობა ჰქონდათ და მცირე ძალებით მოგვისინჯეს კბილი, თუ რამდენად გვქონდა დაცული და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ადგილებში ცხენოსანი ჯარის გავლა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს - თბილისის დაცვის ცენტრალური სექტორის სარდალს, რომლისთვისაც გამაოგნებელი მოულოდნელობა აღმოჩნდა 24 თებერვალს, 23.23 სთ-ზე ტელეფონით მიღებული მთავარსარდლის ბრძანება ტფილისიდან მცხეთაში უკან დახევის შესახებ.
„ყველაზე მეტად ერთი გარემოება მაოცებდა: ტფილისის დაცვა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არც კი ინებეს“, - წერს გიორგი მაზნიაშვილი მოგონებებში.
თბილისის დატოვების წინააღმდეგი ვიყავიო, ამბობს მთავრობის მაშინდელი მეთაური ნოე ჟორდანიაც („ჩემი წარსული“): „ვედავებოდი, ვაჩერებდი, არ გადადგა ასეთი ნაბიჯი-მეთქი... მოვსთხოვე მიზეზი, გამარჯვებული ჩვენ ვართ, უკან იხევს ჩვეულებრივათ დამარცხებული თქვა. მან მიპასუხა: ეს თეორიაა, საქმეს წყვეტს კონკრეტული მდგომარეობა, ჩვენ შემოქალტული ვართ, გზა მოჭრილია. რჩება ერთი ბილიკი - მცხეთისკენ მიმავალი გზა და თუ ამეღამ ვერ გავასწრებთ, ხვალ იძულებული ვიქნებით ტყვედ ჩავბარდეთო“.
გიორგი კვინიტაძემ ეს გადაწვეტილება ერთპიროვნულად მიიღო (ქვაბულში განთავსებული, ალყაშემორტყმული ქალაქის დაცვა შეუძლებლად მიაჩნდა), რის უფლებასაც მას მოქმედი კანონმდებლობა აძლევდა. გარდა ამისა, ძალაში იყო თავდაცვის საბჭოს მიერ 1920 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თბილისის დატოვება არ ნიშნავდა ომის დასრულებას. გიორგი კვინიტაძე მოგონებებში ამ საკითხს საფუძვლიან ეხება და ამბობს, რომ მთავარსარდლად დანიშვნისთანავე (16 თებერვალი) დავაზუსტე ეს საკითხი და მივიღე ყველა ზომა ქუთაისში დაუყოვნებელი ევაკუაციის თაობაზეო.
„24 თებერვლისთვის, თბილისის დატოვებისას, ქალაქში მხოლოდ სამი მატარებელი იყო დარჩენილი: დამფუძნებელი კრების, მთავრობის და მთავარსარდლის. სხვა ყველა უწყება ევაკუირებული იყო ქუთაისში“, - იხსენებს გიორგი კვინიტაძე და არც თუ სიამაყის გარეშე შენიშნავს, რომ მტრისთვის ერთი შაშხანაც კი არ დაუტოვებია.
როგორ დაიწყო ომი
1921 წლის 11 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთი იწყებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, თუმცა მოსკოვი რადიოთი აუწყებს მსოფლიოს, რომ საქართველოში აჯანყება დაიწყო ლორეს ხეობაში, რომელიც საბჭოთა სომხეთის პროტესტის მიუხედავად საქართველოს ეკავა.
1921 წლის თებერვლისათვის აზერბაიჯანიც გასაბჭოებულია და - სომხეთიც, რეგიონში თავისუფლების კუნძულად შემორჩენილია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიისა და ტფილისის კომიტეტების ორგანო გაზეთი „ბორბა“ თებერვალშივე ამტკიცებდა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი და არა აჯანყება, რადგანაც რეგიონი ახალი განიარაღებული იყო და, მისი მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ შეიძლებოდა შეიარაღებული ამბოხების წამოწყებას.
„ეჭვი არ არის, ამბოხთან კი არა, მტრის აგენტთა ბანდების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე“, - წერდა გაზეთი.
„11 თებერვალს „აჯანყდნენ“ ბორჩალოს „სომხები“, გარეკეს ჩვენი ჯარი, დაატყვევეს ბევრი. ერთი სიტყვით, ვიწვნიეთ მოულოდნელი სამარცხვინო დამარცხება“, - ასე იხსენებს ნოე ჟორდანია რუსეთთან ომის დაწყებას მოგონებების წიგნში.
ამასობაში „ამბოხებულებს“ შეიარაღებულ მხარდაჭერას უცხადებს მოსკოვი. 15 თებერვალს ვლადიმირ ლენინი აძლევს მითითებას კავკასიის ფრონტის მე-11 წითელ არმიას, რომ შეიარაღებული დახმარება გაუწიოს ბოლშევიკურ ამბოხებას საქართველოში და აიღოს თბილისი. მეორე დღესვე მე-11 არმიის ნაწილები გენერალ ანატოლი გეკერის სარდლობით კვეთენ საქართველოს საზღვარს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, იკავებენ წითელ ხიდს, სოფელ შულავერს და მიიწევენ თბილისის მიმართულებით. ფოილოს ხიდთან განლაგებული სახალხო გვარდიის სასაზღვრო ნაწილები ხანმოკლე შეტაკების შემდეგ აფეთქებენ ხიდს და უკან იხევენ.
ომის დაწყებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძეა. სწორედ მას აკისრებს ომის პირველ დღეებში განცდილი მარცხის გამო პასუხისმგებლობას მთავრობის მეთაური და მისგან ითხოვს „სირცხვილის ანგარიშს“, რაზეც, ნოე ჟორდანიას სიტყვებით, იღებს ასეთ განმარტებას: „ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწილებული, შეერთება ვერ მოასწრეს. დანაწილება კი მოახდინა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ აკ. ჩხენკელმა დეკემბერში“.
16 თებერვალს ილია ოდიშელიძეს ცვლის გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელმაც თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის ომში, 1919 წელს სერვერ ბეგის, 1920 წლის მაისში კი - საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში.
საბჭოთა რუსეთის სამხედრო ატაშე, გენერალი პავლე სიტინი, ერთ-ერთ საიდუმლო დოკუმენტში, ასე ახასიათებს გენერალ კვინიტაძეს: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა. იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლად ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.
ნოე ჟორდანიაც ამბობდა, რომ არავითარი სხვა არჩევანი არ იყოო, რომ ყველა მარწმუნებდა, ჯარი კვინიტაძეს ენდობა და მას გაჰყვებაო. თუმცა, არც მთავარსარდლად დანიშვნამდე და არც შემდეგ, გიორგი კვინიტაძეს არ დაუმალავს თავის ხედვა, რომ 11-12 თებერვალს განცდილი კატასტროფის შემდეგ, საქართველოს ჯარს გაუჭირდებოდა თბილისის შენარჩუნება.
16 თებერვალს მე-11 წითელი არმიის მსროლელთა სამი და საბჭოთა სომხეთის ერთი ცხენოსანი ბრიგადა, ქართველ ბოლშევიკებთან ერთად იკავებენ სოფელ შულავერს, სადაც იქმნება რევოლუციური კომიტეტი ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით, რომელიც 18 თებერვალს აცხადებს საბჭოთა ხელისუფლებას და მიმართავს საბჭოთა რუსეთს დახმარებისათვის.
ომის პირველ დღეებში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის იოსებ გედევანიშვილის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, ლორეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ქართული ნაწილების განადგურებამ და უწესრიგოდ უკან დახევამ (ტყვედ ჩავარდა დაახლოებით ათასი ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. განადგურდა 5 და 8 ბატალიონები, ნაწილობრივ მე-7 ბატალიონიც), მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა ბრძოლები თბილისის შემოგარენში გადმოეტანა. სწორედ თბილისის დაცვისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს თავი როგორც ქართველმა სამხედროებმა, ასევე მოქალაქეებმა. და ეს მაშინ, როცა მხარეებს შორის თვალშისაცემი დისბალანსი იყო ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და მატერიალური რესურსების თვალსაზრისით.
ძალთა ბალანსი
1921 წლის იანვარში (ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე) გენერალმა ილია ოდიშელიძემ საქართველოს მთავრობას გაუგზავნა დეტალური ანგარიში, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს, სულ მცირე, მტრის ორმოცდაათიათასიან ძალასთან მოუწევდა ბრძოლა, მაშინ, როდესაც მისი საკუთარი ჯარის რიცხოვნობა ოცდახუთ ათასს არ აღემატებოდა. ოდიშელიძის რჩევით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 60 ათასამდე უნდა გაეზარდა. უცხოეთში უნდა შეძენილიყო საბრძოლო მასალები და იარაღი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, რომელსაც დიდ ფინანსურ სირთულეებთან უწევდა გამკლავება, ამ აუცილებელი ხარჯის გაწევა ვერ შეძლო.
თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობას უცდია იარაღის შეძენა. საქართველოს მიერ მოთხოვნილი იარაღის ნუსხა, რომელიც ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა კავკასიაში, პოლკოვნიკმა სტოქსმა, საკუთარ მთავრობას გაუგზავნა, ასევე გამოიყურება: 75 000 შაშხანა, 150 მლნ შაშხანის ვაზნა, 470 ან 550 ტყვიამფრქვევი, ტყვიამფრქვევის 8 მლნ ვაზნა, 96 ქვემეხი 444 ათასი ჭურვით (გ. გელაშვილი. ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. N1 2014 წ).
„ომი რომ დაიწყო, საქართველოს მცირერიცხოვანი, ცუდად აღჭურვილი ჯარი ჰყავდა. პრაქტიკულად არ გააჩნდა არტილერია, ჰყავდა მცირერიცხოვანი კავალერია და ჰქონდა ათი თვითმფრინავი, რომლებიც ხარისხიანი საწვავის უქონლობის გამო, ომის დღეებში სათანადოდ ვერ გამოიყენეს“, - წერს ისტორიკოსი ფირუზ ქაზემზადე, ავტორი წიგნისა „კავკასიისათვის ბრძოლა“.
ცხადია, შეიარაღების ნაკლებობაზე ჩიოდნენ ბრძოლის ველზე მყოფი ქართველი ჯარისკაცებიც, რომელთა რიგები დღიდან დღემდე ივსებოდა თავდაცვის საბჭოს მიერ გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაციის (გაწვევას ექვემდებარებოდნენ 40 წლამდე მამაკაცები) შედეგად.
„ვიღებდით ვაზნის გილზებს მიწიდან, გასისხლიანებულ ბრძოლის ველიდან და ვაგზავნიდით თბილისში ახალი ვაზნების გასაკეთებლად. ამით გავიგე პირველად, რომ ჩვენ ჯარს ვაზნებიც კი არ ჰქონდა საკმარისი“, - ვკითხულობთ 18 წლის ჯარისკაცის, გივი ღამბაშიძის დღიურში.
ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, იარაღის ნაკლებობა, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა სამობილიზაციო რესურსის არათუ სრულ, არამედ სანახევრო გამოყენებასაც კი.
„გადამწყვეტ მომენტებში (სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ბრძოლები, ბრძოლა თბილისთან) რუსეთის უპირატესობა 2:1- ზე იყო. 24 თებერვალს, თბილისს 10 ათასი ჯარისკაცი იცავდა, რუსების მხრიდან 20-22 ათასი ჯარისკაცი იბრძოდა. მტერს ასევე დიდი უპირატესობა ჰქონდა ცხენოსანი ნაწილების მხრივ, ცხენოსნები კი რუსეთის სამოქალაქო ომში და ზოგადად იმ პერიოდის ომებში თამაშობდნენ უდიდეს როლს, თუნდაც პირველ მსოფლიო ომში, სადაც ფრონტის ხაზი ერთიანი იყო და ცარიელი სივრცეები არ რჩებოდა, ჩვენთან კი, ჯარის ნაკლებობის გამო, ბევრი ცარიელი სივრცე იყო დარჩენილი. 25 თებერვლისათვის ქართველთა ზურგში გადიოდა 4000-4500 კავალერისტი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, იმ პირობებში როდესაც ქართული კავალერია მოწინააღმდეგისას მინიმუმ 8-9-ჯერ ჩამოუვარდებოდა რაოდენობაში და ქართველთა ფლანგები თითქმის დაუცველი იყო. ცხადია, ამ უპირატესობას იყენებდნენ ეფექტურად და ეს იყო მათი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
ამასთან საბჭოთა რუსეთი საქართველოში მხოლოდ ერთი მიმართულებიდან როდი შემოიჭრა. თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე მხრიდან: ჩრდილო-დასავლეთიდან გაგრა-სოხუმის მიმართულებით, ჩრდილოეთიდან მამისონის უღელტეხილით, ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით, აღმოსავლეთიდან კახეთის მიმართულებით, სამხრეთ-დასავლეთიდან ბორჩალოს მიმართულებით.
აშკარა უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით იგერიებდნენ თბილისზე მომდგარ მტერს.
გიორგი კვინიტაძის თქმით, ის, რომ რამდენჯერმე აღმატებულმა მტერმა ვერ შეძლო თბილისის აღება მთელი ცხრა დღის განმავლობაში, შეიძლება აიხსნას მხოლოდ საქართველოს ყველა ფენის მხურვალე სურვილით, შეენარჩუნებინათ დედაქალაქი.
ომის გმირები
საქართველოს თავდაცვის კომიტეტის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას ბევრი მოქალაქე გამოეხმაურა.
„მოქალაქეებო, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა!“ - ასეთი იყო მოწოდება.
16 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ:
„შეაჩერეთ ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი, აი, რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებით. შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენ ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო, ხელი ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია! საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება“.
1921 წლის 23 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სტუდენტები, რომლებსაც სიტყვით მიმართა სასწავლებლის დამფუძნებელმა და რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა:
"შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"
სწორედ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო ფრონტზე მოხალისედ წასული მოწყალების და, 20 წლის მარო მაყაშვილი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა თავში ჭურვის ნამსხვრევებით. ასევე თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ სტუდენტები: პავლე ბეშკენაძე, კოლია კალანდარიშვილი, გიორგი გამყრელიძე, კოტე კვიცარიძე.
სამაგალითო გმირობა გამოიჩინეს სამხედრო სკოლის ოფიცრებმა და იუნკრებმა, რომლებიც თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში იბრძოდნენ. მტერთან ბრძოლაში დაიღუპა 9 და დაიჭრა 43 იუნკერი.
„ჩვენ სულისკვეთებაზე ვერავითარი სიძნელე ვერ მოქმედებდა და ვერ გვასუსტებდა. სიკვდილზე არც არავის გვიფიქრია და არც შეგვშინებია. ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ხელყუმბარები და ჭურვთა ნამსხვრევები, ჩვენ კი სანგრებში ჩამალვას სანგრების პირას ფეხზე დგომას ვარჩევდით. შიგა და შიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა წრე შეგვიკრავს და ცეკვა-სიმღერა წამოგვიწყია“, - ასე იხსენებდა წლების შემდეგ სანგრებში გატარებულ დღეებს ყოფილი იუნკერი ნიკოლოზ მათიკაშვილი.
სულისშემძვრელია გმირობა იუნკერ შალვა ერისთავისა, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა რამდენიმე ათეული თანამებრძოლი, როცა სტრატეგიული სიმაღლის 1046-ის დაბრუნებისას, კონტრშეტევაზე გადასულ ქართველებს „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა გორაკზე გამაგრებულმა მტერმა. შალვა ერისთავმა სწრაფად გადაირბინა მონაკვეთი ტყვიამფრქვევამდე, მემიზნე ოფიცერს ხიშტი აძგერა, თვითონ კი ტყვიამფრქვევს გადაეფარა.
ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობის შედეგია 19 თებერვლის გამარჯვება და 1600-მდე წითელარმიელის დატყვევება,
„კულტუროსან საქართველოს რჩეულმა შვილებმა - ქართველმა ჯარისკაცებმა - იგრძნეს სავსებით საბედისწერო დღის სიმწვავე, გააფრთრებული ლომებივით თავგანწირვით ეკვეთნენ მოსულ კალია მტრის ჯარს და სამარე გაუთხარეს მას შეხლის გზაზე. დიაცის მანდილი მოახვიეს მას სახეზე, კურდღლებივით ჩამოლალეს თბილისის ქუჩებზე ყეყეჩი რუსი მუჟიკები. 19 თებერვლის გამარჯვებით ჩვენმა ჯარმა სამარადისო გვირგვინი დაიდგა განათლებული კაცობრიობის თვალში“, - წერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქართველი ჯარისკაცების გამარჯვებაზე.
რუსი ტყვეები მართლაც ჩამოატარეს რუსთაველის გამზირზე, რის შესახებაც ცნობა ქართულმა გაზეთებმაც გამოაქვეყნეს.
„გუშინ კიდევ ჩამოიყვანეს ფრონტიდან დიდძალი „წითელი“ ტყვეები. როგორც პირველ დღეებში ჩამოყვანილი ტყვეები, ესენიც მეტად ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ნახევრად ტიტვლები, დამშეულები, ძალზე მოქანცულნი და ძალზე სასომიხდილნი, მაღაზიებში მსუნაგ ძაღლებივით იყურებოდნენ. მათ დიდად გაუკვირდათ, როცა დაინახეს მაღაზიებში პური, ხორცეულობა და სხვა სურსათი”, - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.
კვლავ 25 თებერვალი
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქი 25 თებერვალს, გათენებამდე დატოვეს. რამდენიმე საათში თბილისი მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს. როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, წითლების შემოსვლას ქალაქი შეხვდა ცივად, ინერტულად.
„უმეტესი ნაწილი მოქალაქეებისა დარჩა ქალაქში, არადა დიდი იყო შიში და მოლოდინი იმისა, რომ მე-11 არმია დაიწყებდა ქალაქის დარბევას და ძალადობას. ჩვეულებრივი ამბავი იყო ეს, მოგეხსენებათ, რა რეპუტაცია ჰქონდა წითელ არმიას, რომელიც ომის კანონით ბრძოლით დაკავებულ ქალაქში აკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა. ქუჩები, როგორც წესი, უკაცრიელი იყო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
თბილისელთა პირქუშმა დახვედრამ ხასიათი ვერ გაუფუჭა ქართველი ბოლშევიკების ჯგუფს. 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძე რუსეთში გზავნის ელვა-ტელეგრამას:
“მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”
თუმცა, ტელეგრამის მთავარი ადრესატები არ შეიმჩნევენ სიხარულს. 27 თებერვალს მოსკოვის საბჭოს პლენარულ სხდომაზე ლენინი იტყვის, შეუმოწმებელი ინფორმაციით ტფილისში საბჭოთა მმართველობა დამყარდა და რუსეთი ფსონს საქართველოს პროლეტარიატზე დებსო.
ნიშანდობლივია ის, რომ რევკომმა დაიკავა ქალაქის თვითმმართველობის - ქალაქის საბჭოს შენობა და არა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების სასახლე. ირაკლი ხვადაგიანი ამ ფაქტს ასეთ ახსნას უძებნის: 1. ომი ჯერ არ იყო დასრულებული და რევკომს ჰქონდა გარკვეული კომპრომისებისა და ვაჭრობის მოლოდინი, რის გამოც არ ჩქარობდა დამფუძნებელი კრების შენობისა და ადგილის დაკავებას. 2. რევკომმა, როგორც საბჭოთა ხელისუფლების ნაწილმა დაიკავა საბჭოს შენობა და არა დამფუძნებელი კრებისა, რომელიც მიუღებელი და საძულველი სიტყვა იყო ბოლშევიკებისათვის.
ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს რევკომმა მალევე გამოსცა პირველი ბრძანება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს საგანგებო კომისია - „ჩეკა“, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ელისაბედაშვილი, ახალი თაობის ბოლშევიკი, თუმცა ის არასრულ ერთ თვეში შეცვალა გამოცდილმა ბოლშევიკმა კოტე ცინცაძემ.
ისტორიკოს ერიკ ლის თქმით, წითელმა არმიამ და „ჩეკამ“ მალევე უჩვენეს ყველას, თუ ვის ეკუთვნოდა მართვის სადავეები საქართველოში. რეჟიმი ძალიან სწრაფად გადაიქცა რეპრესიულ მანქანად, მაგრამ ქართველები, როგორც მეცნიერი შენიშნავს, დაუოკებელნი იყვნენ დამოუკიდებლობის სურვილში და კიდევ დიდხანს უჭერდნენ მხარს თავიანთ არჩეულ ლიდერებს, რომელთა პოპულარობა პირადად იწვნია სტალინმა 1921 წლის ივლისში, როცა ნაძალადევის თეატრში შეკრებილ 5 ათას მუშას მენშევიკების უღლის გადაგდება მიულოცა. მსმენელმა სტალინის გამოსვლას ყვირილი და შეძახილები მიაგება: „ტყუილია! აქ არ ყოფილა მენშევიკური უღელი! საქართველოში კომუნისტური რევოლუცია არ მომხდარა! თქვენმა ჯარმა თავისუფლება წაგვართვა!“
1921 წელსვე ბოლშევიკებმა აკრძალეს ანტიბოლშევიკური პარტიების პოლიტიკურ საქმიანობა და მათი პრესის ორგანოების გამოცემა.
25 თებერვლის შემდეგ
გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი და მოეხდინა ჯარების გადაჯგუფება მცხეთასთან, სავალალო შედეგი გამოიღო.
„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, - ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
რეალურად ქართულმა ჯარმა ახალი, ბრძოლის გასამართად ვარგისი პოზიციების დაკავება მხოლოდ ხაშურთან შეძლო. გიორგი კვინიტაძე ჯერ კიდევ არ ჰკარგავდა მტრის მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის იმედს, თუმცა ხაშურთან თავი იჩინა არმიისა და სახალხო გვარდიის ხელმძღვანელობებს შორის კოორდინაციის პრობლემამ. გენერალური შტაბის ოფიცრის ვალიკო თევზაძის მოგონებების მიხედვით, გენერალმა კონიაშვილმა სთხოვა მას მოეხსენებინა კვინიტაძისათვის, რომ „გვარდიელებმა დაადგინეს არ შეუტიონ მტერს, შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება არა მაქვსო“.
„აბა, თევზაძე თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა?“ - უთქვამს გიორგი კვინიტაძეს შტაბის ოფიცრისათვის.
ამასობაში თურქეთმა ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებზე განაცხადა პრეტენზია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ბათუმიდან ქემალისტების განდევნისათვისაც მოუწიათ ბრძოლა.
8 მარტს საქართველოს რევკომმა საქართველოს მთავრობას სამხედრო ოპერაციის დასრულება, საბჭოთა რეჟიმის ცნობა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე დისკუსიის დაწყება შესთავაზა. 17 მარტს, როცა შავი ზღვის ვიწრო ზოლის გარდა ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ თავისი წარმომადგენლები რევკომის დელეგატებთან შესახვედრად გაგზავნა. შეთანხმებას 18 მარტს, ქუთაისში მოეწერა ხელი, თუმცა როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რევკომმა ვერ მიაღწია სასურველ მიზანს, ვერ გააფორმა ოკუპაცია შიდა გადატრიალებად და ვერ მოახვია საქართველოს მთავრობას კაპიტულაციის მსგავსი შეთანხმება.
„შედეგად რევკომი იძულებული იყო გამოეცა დეკრეტი, რომლითაც საქართველოს დამფუძნებელი კრება - რესპუბლიკის სრულფასოვანი დემოკრატიული წარმომადგენლობა გამოცხადდა გაუქმებულად. შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკას არ უცვნია ოკუპაცია, არ გადაუბარებია ძალაუფლება არანაირი ფორმით. დამფუძნებელმა კრებამ თავის ბოლო შეკრებაზე ბათუმში დააკომპლექტა მთავრობის ახალი შემადგენლობა, მიანიჭა მას მანდატი, შექმნა გაფართოებული პრეზიდიუმი, რომელიც წავიდა ემიგრაციაში როგორც სრულფასოვანი წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, რითაც მან ყოველგვარი იურიდიული საფუძველი მოსპო იმისათვის, რომ ეჭვის კითხვები დასმულიყო ოკუპაციის გარშემო, რაც დღემდე გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ლეგალურად (იურიდიულად) არსებობა არასოდეს შეუწყვეტია“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
რაც შეეხება საქართველოს მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღმდეგობას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ომში დამარცხებისა, საქართველომ უნდა იამაყოს პირველი რესპუბლიკის ჯარისკაცებით.
„უნდა ვიამაყოთ თუნდაც იმიტომ, რომ ხუთი კვირის განმავლობაში ვებრძოდით რუსეთს და უბრძოლველად არ შემოვუშვით, მაშინ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა თითო დღეში დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვებრძოდით 5 კვირის განმავლობაში და ვებრძოდით შეზღუდული რესურსებით - როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და სამხედრო თვალსაზრისით. თან მოვიგეთ ცალკეული ბრძოლები, გვქონდა კონკრეტული გმირობის მაგალითები, მაგალითი შალვა ერისთავისა, კაპიტან ყიფიანისა, იმერეთის გვარდიის ბატალიონისა, რომელმაც რუსული ტანკები მოიგერია და სხვ. რა თქმა უნდა, საამაყოა მიუხედავად მარცხისა. თან ყველა მარცხი მარცხი არ არის. დარჩა გმირობის ისტორია, რომელიც მომავალი თაობების საბრძოლო სულისკვეთებას ამაღლებს“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, პოლიტიკური პარტიების მეთაურები და მაღალი ჩინის სამხედროების ნაწილი ბათუმის ნავსადგურიდან ტვებენ საქართველოს ფრანგული და იტალიური გემებით - „კირალი“, „ვესტა“ და „მარია“.
19 მარტს ბათუმში შედის მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია. საქართველოს რევკომი და რუსეთის წითელი არმია სრულად აკონტროლებენ საქართველოს ტერიტორიას. შესაბამისად, საქართველო კიდევ ერხელ გამოცდის საკუთარ თავზე თავისუფლების დაკარგვით გამოწვეულ მანკიერებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღწერა არჩილ ჯორჯაძემ:
„სადაც არ არის ეროვნული თავისუფლება, იქ ადამიანებს არ შეუძლიათ წინსვლა, იქ ისინი უფრო ეცემიან, ირყვნებიან, მახინჯდებიან გონებით, გლახაკდებიან სულით. იქ არ არის არავითარი მოძრაობა, არავითარი საზოგადოებრივი ცხოვრება, იქ დაბრკოლებულია კაცის განვითარება“.
საქართველოს განვითარება მთელი სამოცდაათი წლით დააბრკოლა რუსეთის საბჭოთა იმპერიამ.