Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 თებერვალს გაწყვეტილი სიმფონია


ისტორიკოსმა რიჩარდ გ. ჰოვანესიანმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუსრულებელი სიმფონია უწოდა.

„სამოცდაათი წელი დასჭირდა, რათა ბედის ბორბალი მობრუნებულიყო და შესაძლებელი გამხდარიყო შეწყვეტილი მელოდიის გაგრძელებაო“, - წერს ამერიკელი მკვლევარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში.

არადა, იმ სამ წელიწადში, რომელიც ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა, ურთულეს პირობებში შეიქმნა “სიმფონიის“ ძირითადი ნაწილი. სწორედ იმ სამ წელიწადში მიღებული იქნა კონსტიტუცია, ჩამოყალიბდა საქართველოში მართვის საპარლამენტო საკაბინეტო სისტემა, ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, დაიწყო აგრარული, განათლებისა და თვითმმართველობის რეფორმები, დაიგო გზები და რკინიგზები, შეკეთდა სატელეგრაფო ხაზები, მსოფლიო ომის შემდეგ პირველად სრულად იქნა ათვისებული სახნავ-სათესად გამოსადეგი სავარგულები და ეს ყველაფერი მოხერხდა ურთულეს პირობებში, როცა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი ქვეყანა ეკონომიურად იყო განადგურებული.

ამ სიტყვების ავტორს, ცნობილ მეცნიერსა და პედაგოგს მიხეილ ზანდუკელს რომ დავესესხოთ, საქართველოს მემკვიდრეობად ერგო: „დაცარიელებული ხაზინა; ომის შემდეგ მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობა; გზებისა და ტრანსპორტის უვარგისობა; მეურნეობა დაბალი, შეიძლება ითქვას, პრიმიტიულ დონეზე მყოფი; სწავლა-განათლება დამახინჯებული, შევიწროებული, გადაგვარების მიმცემი. ახალი ხელისუფლება სახელმწიფოებრივ მართვაში იყო სრულიად გამოუცდელი, ტრადიციის არმქონე, ყველა მიმართულებით ახალი გზის დამწყები, ქვეყნის ახალ დემოკრატიულ-სოციალისტურ საწყისებზე გარდამქმნელი. ამას თუ დავუმატებთ გარშემორტყმულ სახელმწიფოთა მიერ არახელშემწყობ პირობებს: დენიკინელების, თურქეთის მოწოლას, სომხეთთანაც კი ომების წარმოებას – ასეთ პირობებში ქვეყნის მართვა შეუძლებელი თუ არა, უძნელესი მაინც იყო“.

ყველაზე „დიდი სიძნელე“ მაინც რუსეთის ზეწოლას უკავშირდებოდა, მაგრამ, დღევანდელი საქართველოსაგან განსხვავებით, პირველი რესპუბლიკის მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ არ არსებობდა ორი და სამი რუსეთი, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში თეთრი და წითელი რუსეთი არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან (აკი, ვლადიმირ ლენინიც აღიარებდა, ბევრ კომუნისტს თუ გადაფხეკთ, ველიკოდერჟავნიკს აღმოაჩენთო).

„ღრმად დავრწმუნდით, რომ ჩვენი ხსნა ჩვენშია მხოლოდ, რუსეთი კი საფრთხეს გვიმზადებს როგორც შავ, ისევე წითელი დროშის ქვეშ“, - წერდა ასი წლის წინ ვახტანგ კოტეტიშვილი სტატიაში PRIMO OCCUPANTI.

პირველი რესპუბლიკის კულტურული და მსოფლმხედველობრივი არჩევანიც მკაფიო იყო. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1919 წლის 9 ნოემბრის ნომერში დაბეჭილია საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი ახალგაზრდების სია, რომელსაც წინ უძღვის განმარტება:

„მიმდინარე წლის 1 ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით შესდგა სხდომა იმ საუწყებათაშორისო კომისიისა, რომელსაც დამფუძნებელ კრების მიერ 8 ივლისს მიღებული დეკრეტის თანახმად, დავალებული ჰქონდა შეემუშავებინა წესი 2 მილიონიან თანხის განაწილებისა და შემდეგ გაეგზავნა კიდეც საზღვარგარეთ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად ან ცოდნის შესაძენად ქართველი ახალგაზრდები“.

სტატიას დართული აქვს სია იმ 50 „ღირსეული კანდიდატისა“, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სტიპენდია დაუნიშნა. სტატიიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ „სახელმწიფო სტიპენდიატი მოვალეა სახელმწიფო მოთხოვნილებისამებრ იმსახუროს თვითოეულ სასტიპენდიო წელიწადისათვის ორი წელიწადი იქ, სადაც სათანადო უწყება საჭიროდ დაინახავს სამსახურს“.

საქმე ის არის, „რჩეული ახალგაზრდები“ სასწავლებლად გაგზავნა არა ზოგადად მთავრობამ, არამედ რამდენიმე უწყებამ: მიწათმოქმედების სამინისტრომ - 16 ახალგაზრდა, გზათა დეპარტამენტმა - 8, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ - 15, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 7, შრომის სამინისტრომ - 1, თავდაცვის სამინისრომ - 1, განათლების სამინისტრომ - 2.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შერჩეულმა ახალგაზრდებმა დასავლეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლეს და საუკეთესო მეცნიერებად, ინჟინრებად, ეკონომისტებად, მხატვრებად, არქიტექტორებად თუ სხვა პროფილის სპეციალისტებად დაუბრუნდნენ სამშობლოს, თუმცა, ბედის ირონიით, დაუბრუნდნენ ოკუპირებულ, იძულებით გაწითლებულ სამშობლოს და, რა გასაკვირია, რომ მათ დიდ ნაწილს არ დასცალდა საქართველოსთვის ბოლომდე დახარჯვა.

1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ბრწყინვალედ დაწყებულ მათ კარიერას, არამედ სიცოცხლესაც. 30-იან წლებში ამ ახალგაზრდების ნაწილი (რამიშვილი, ჩიტაძე, ლეონიძე...) დახვრიტეს, ნაწილი კი ისე დააშინეს, რომ ვერც თვითონ ისარგებლეს მიღებული ევროპული განათლებით და დასავლეთის უნივერსიტეტებში გამომუშავებული აზროვნების წყობით და ვერც სხვებს ასარგებლეს. შესაბამისად, 70 წლის შემდეგ, როცა ბედის ბორბალი მობრუნდა და კვლავ შესაძლებელი გახდა შეწყვეტილი მელოდიის გაგრძელება, აღმოჩნდა, რომ სიმფონიის არათუ დამსრულებელი, არამედ გამგრძელებელიც კი აღარ გვყავდა.

ის კაკაფონია და ატონალური ხმაური, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ქმნის საქართველო, ყველაფერია სიმფონიის გარდა. ვცვლით ტემპს, ბგერათა სიხშირეს, ინსტრუმენტების სახეობებსა და რაოდენობას, თუმცა ჩვენი მაინც არავის ესმის. მეტიც, ჩვენი ატანა წლიდან წლამდე სულ უფრო ძნელი ხდება. არადა, II რესპუბლიკა უკვე ათჯერ მეტი წლისაა, ვიდრე პირველი, სიმფონია კი კვლავინდებურად დაუსრულებელია...

P.S. ბევრი პატრიორტი იწუნებდა I რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების ეროვნული საკითხისადმი „ნიჰილისტურ დამოკიდებულებას“, მაგრამ ფაქტია, როგორც კი, ძალაუფლება აიღეს ხელში, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ეროვნულობას და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას. ნიშანდობლივი ფაქტია, 1919 წლის 29 ივნისს ტფილისის თვითმმართველობამ, რომელსაც ქალაქის არჩეული მოურავი, ბენია ჩხიკვიშვილი, ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა სახელწოდებები შეეცვალათ და დარქმეოდათ:

  • პასკევიჩის („ერევნის“) მოედანს - თავისუფლების მოედანი;
  • გოლოვინის პროსპექტს - რუსთაველის პროსპექტი;
  • სასახლის ქუჩას - დამფუძნებელი კრების ქუჩა;
  • ოლღას ქუჩას - აკაკის ქუჩა;
  • ანდრეევის ქუჩას - ილიას ქუჩა;
  • ელისაბედის ქუჩას - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა;
  • ბარიატინსკის ქუჩას - ნინოშვილის ქუჩა;
  • ალექსანდრეს ბაღს - ნინოშვილის ბაღი.

1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა ყველაფერი თავის თარგზე - „უიალქნო კოსმოპოლიტიზმის“ შესაბამისად გადააკეთეს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც თავისუფლების მოედანს უმტრეს: ჯერ ზაკფედერაციის სახელი დაარქვეს, შემდეგ ლავრენტი ბერიასი და, ბოლოს, ლენინისა, რომელიც ბოლომდე, ოკუპაციის დასრულებამდე შერჩა, ვიდრე კვლავ „თავისუფლების მოედნით“ არ შეიცვალა. ასე რომ, არც ამ მოედანს და არც თავისუფლებას ბოლშევიკებზე დიდი მტერი არა ჰყოლია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG