Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" ლავროვის განცხადებას მიესალმა - რა იგეგმება შემდეგ?


„ქართულმა ოცნება“ იწონებს და მიესალმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელშიც ის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს მეზობელ ქვეყნებად მოიხსენიებს და ნორმალიზების ხელშეწყობის მზაობას გამოხატავს.

ლავროვის განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის არც დაპირება და არც მინიშნება არ არის. მისი შეთავაზება მთლიანად აგებულია ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების ძველ მოთხოვნაზე. იგივე ისმის ოკუპირებული რეგიონებიდანაც.

ამასთან, დე ფაქტო ლიდერები „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენაც მოუწოდებენ.

საქართველოს ხელისუფლება კი ლაპარაკობს „ქმედითი ნაბიჯების“ აუცილებლობასა და შემდგომ საუბარზე რუსეთთან.

  • რას ემსახურება გადაძახილები თბილისსა და მოსკოვს შორის
  • რა გეგმა აქვს კრემლს და რისკენ მიდის „ქართული ოცნება“?

შემდეგი ნაბიჯი - საუბარი რუსეთთან?

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა - კახა კალაძემ 29 სექტემბერს ნათქვამი 30 სექტემბერსაც გაიმეორა და კვლავ მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები. კალაძე ფიქრობს, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.

კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის ამჟამინდელი პოზიცია პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმაურებული მიზნებიდან გამომდინარეობს.

ლავროვის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც მოიწონეს - ყველა მათგანი პროცესის გაგრძელების მოლოდინშია.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ასე იწყება მოგვარება ურთულესი პრობლემებისა“ და იმედი გამოთქვა, რომ:

  • „ადრე თუ გვიან“ „მოლაპარაკებები დიდ ძალებს შორის განხორციელდება“;
  • „მისთვის [რუსეთისთვის] მნიშვნელოვანი შუა დერეფანია“, ხოლო „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს“.

„ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და, შესაბამისად, რუსეთის გარეშე ამ ტერიტორიების დაბრუნება ცოტა წარმოუდგენელია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - ეს უკვე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის სიტყვებია. ისიც იმედოვნებს, რომ მოსკოვის რიტორიკის „პოზიტიურ სიგნალს“ უნდა მოჰყვეს „საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით“.

რუსეთთან საუბრისთვის მზად არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია.

„როდესაც ჩემი ქვეყნის გაერთიანებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, როდესაც ამხელა ყინული შეიძლება დაიძრას, სალაპარაკოდ რუსეთთან კი არა, ყველაზე ისტორიული დიქტატორი რომ გააცოცხლო და დამისვა, პირადად მასთან დავჯდები და ვისაუბრებ“, - კირცხალიას განცხადებას პროსახელისუფლებო „იმედი“ ავრცელებს.

„ოცნება“ აცხადებს, რომ რუსეთთან საუბრის მიზანი საქართველოს დეოკუპაციაა.

ლავროვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება არ გაუცია და არც ის უთქვამს, რომ მოსკოვი მომავალში მაინც გადახედავს ამ საკითხს.

28 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ თბილისისთვის შეთავაზებული ნორმალიზების ხელშეწყობის გეგმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს და სამომავლო საუბარი შესაძლებელია მხოლოდ სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლობაზე წარიმართოს.

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ სწორედ ასე თქვეს, რომ ისტორიული შერიგება გვინდაო. და როგორი სახით, როგორი ფორმით არის ეს შერიგება შესაძლებელი - ეს თავად ქვეყნების გადასაწყვეტია: აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან. იქ რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი ყველა მხარეს ექნება, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფა... მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით დახმარებისთვის“, - განაცხადა ლავროვმა 28 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ლაპარაკი იმაზე - აი, ჩვენ გვინდა ჯარის გაყვანა და ამისთვის უნდა დავიწყოთ რუსეთთან საუბარიო, არის ტყუილი - რადგან ამ საკითხების დარეგულირება იყო ჟენევის ფორმატის მთავარი ამოცანა და რაზე ლაპარაკობდნენ, აბა, ჟენევაში?! კონფლიქტის მთელი არსი მდგომარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე და დასძენს, რომ რუსეთს ყოველთვის ჰქონდა ამოცანა - პირისპირ მარტო დაეტოვებინა საქართველო.

გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ თუკი საქართველო და რუსეთი საუბარს საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დაიწყებენ, ეს იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო გადაწყვეტილება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ქართული მხარე ამ ფორმატის მთავარ ძლიერ მხარედ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის - აშშ-ის ჩართულობას თვლიდა.

წინასაარჩევნო მხარდაჭერა თუ მეტი?

ლავროვის განცხადებას „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ გადაგდებულ წარუმატებელ „მაშველ რგოლს“ უწოდებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე.

„რუსეთი ცდილობს დაეხმაროს "ქართულ ოცნებას", რომელიც თავის მხრივ ცდილობს - გააჩინოს ხალხში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დაბრუნების მოლოდინი და ამის ხარჯზე დაიწერონ ქულები. მაგრამ რეალურად, რუსეთს არაფერი შეუცვლია საკუთარ პოზიციაში - ის საქართველოს ტერიტორიაზე სამ სახელმწიფოს ხედავს. არ მესმის, როგორ უნდა მოსწონდეს ვინმეს მისი განცხადებები... "ქართული ოცნების" პოლიტიკა მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების დაბნევას, შეცდომაში შეყვანას, ყურადღების გადატანას მნიშვნელოვანი საკითხებიდან“, - გიგი გიგიაძე ვარაუდობს ასევე, რომ ხელისუფლების მიზანია საზოგადოებაში დაამკვიდროს ახალი განცდა, რომ „პოზიტიური როლის“ თამაში რუსეთსაც შეუძლია.

„ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა არ არის ლავროვის განცხადებებში სამი სახელმწიფოს ხსენება. ცხადია, რომ რუსეთი თავისი ინტერესებიდან მოქმედებსო, - თქვეს მმართველ პარტიაში.

კახა კალაძემ კი, ამ აქცენტზე ყურადღების გამახვილებისთვის მედიას სპეკულაციაში დასდო ბრალი. „ბოროტებას, მოღალატეობრივ ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. აუცილებლად მიხდება გამოძიება - რა მოხდა 2008 წელს, ვისი დავალებით განხორციელდა ეს მოღალატეობრივი ქმედებები და ვინ მოაწერა ხელი მოღალატეობრივ რეზოლუციას“, - კალაძემ ჟურნალისტებთნ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც გაიმეორა.

გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რომ ამჟამად მიმდინარე პროცესები სპონტანური და მხოლოდ წინასაარჩევნო მიზნების არ არის, რადგან „უკვე ჩაჭრილია ["ქართული ოცნების"] კავშირები დასავლეთთან“ და „ახლა დარჩენილია რუსეთთან დე ფაქტო ალიანსის გაფორმება, ფორმალურად“.

„მორჩა პროდასავლური პოლიტიკის იმიტაცია, რომლისთვისაც "ქართული ოცნება" სხვადასხვა წარმატებით იწუხებდა თავს. ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ ღია, კონკრეტულ ნაბიჯებს - ერთი მხრივ, რუსული ტიპის ძალაუფლების ვერტიკალის გაფორმების მიზნით, რასაც ემსახურება ეს "რუსული კანონი" და კლავს თავისუფლების ბოლო სივრცეს ჩვენს ქვეყანაში და, მეორე მხრივ, არის უშუალო ნაბიჯები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ბადრიძე და მოელის, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საჭიროებით შეიფუთება.

„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. თბილისი ამ ნაბიჯს დაუშვებლად თვლიდა - საქართველოს დეოკუპაციამდე.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა 29 სექტემბერს თბილისს ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყებამ“ ურჩია.

„წინასაარჩევნო რბოლის დროს "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" და სხვა მითური ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისკენ მიდის, რადგან დაპირებულ „ნორმალიზაციაში“ რუსეთი სწორედ მის მიერ შექმნილი რეალობის „ნორმალურად გამოცხადებას“ გულისხმობს.

„გვეუბნებიან ["ქართული ოცნება"], რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ კონსტიტუციაში ჩანაწერის შესაცვლელად, რომელიც თითქოს უნდა დაეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ არ გვეუბნებიან - კონკრეტულად რას აპირებენ. თუ ფიქრობენ კონფედერაციაზე, მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის შეიძლება შედგეს ეს შეთანხმება. მათი აღიარების შემთხვევაში, აღიარებების აღლუმი დაიწყება მოსყიდული ქვეყნების მხრიდან... და აღიარების შემთხვევაში დევნილებსაც კი არ დააბრუნებენ, პირიქით - აგერ ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს გამზადებული აქვს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული პრეტენზია ჩვენს მიმართ“, - გიორგი ბადრიძე ლაპარაკობს საქართველოს სასიცოცხლო პრინციპების ღალატზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება:

„ივანიშვილი თვლის, რომ რუსეთი არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების და კონტროლის შესანარჩუნებლად როგორც უსაფრთხოების, ასევე ქონების თვალსაზრისით“.

ბოლო კვირებში რუსეთის მედია ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისთვის გაასამართლებს მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველო იპოვის ძალას ბოდიში მოუხადოს ოსებს - 2008 წლის საომარი კონფლიქტისთვის.

ძალის არგამოყენების მოთხოვნა - აღიარების ტაქტიკა

„ჩვენი პოზიცია უცვლელია - საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტს“, - განაცხადა 30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

14 სექტემბერს, გორში, ბიძინა ივანიშვილის ხმაურიანი გამოსვლის შემდეგ, როცა მან ოსებისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივაზეც ილაპარაკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაჩნდა იმედი, რომ შესაძლებელი იქნებოდა თბილისის დათანხმება ძალის არგამოყენების დოკუმენტის გაფორმებაზე, რაც თავის განცხადებაში ლავროვმაც მოიხსენია.

„რევოლუციური მიდგომის შენარჩუნება "ქართული ოცნებისთვის" სახიფათო გახდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ - შესაძლოა, ხელისუფლება დაკარგონ. შესაბამისად, პროგრამა ჩაასწორეს და "ქართული ოცნება" დაბრუნდა საწყის პოზიციებზე - "აფხაზებო და ოსებო, დაბრუნდით საქართველოში და მაშინ ჩვენ ჩაგეხუტებითო“, - დაწერა აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ასეთი დაპირება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ვერ მოისმინა.

ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას რუსეთი უკვე 16 წელია ითხოვს - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და კერძოდ იმას, რომ თბილისმა ასეთ შეთანხმებას ხელი მოაწეროს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

„ოცნება“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის საკითხის გადახედვას. დღემდე, თბილისი, წლების განმავლობაში - უარზე იყო.

„შეუძლებელია არასაერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტთან რაიმე სახის საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება. თუკი "ქართული ოცნება" რეალურად განიხილავს ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ეს იქნება საქართველოს მხრიდან მათი დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიგი გიგიაძე.

გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე, მსოფლიო ლიდერების წინაშე გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს საერთოდ არ უხსენებია რუსეთი, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შერიგების პერსპექტივებზე ლაპარაკობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში. ჩვენ თანმიმდევრულად და დაუღალავად ვშრომობთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში.

მოგვიანებით კი, თბილისში მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოსვლას არაფერი აკლდა - რომ ახსენა ოკუპაცია, ხოლო ვინ არის ოკუპანტი, „ყველამ კარგად იცის“.

30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა სოხუმს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 31 წლისთავი მიულოცა და „სახელმწიფოს“ განვითარებაში დახმარებასაც დაჰპირდა.

„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში“, - წერს ვლადიმირ პუტინი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG