Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნება აბასთუმნის ობსერვატორიაში დაბრუნებაზე


შმიდტის ორგუმბათიანი ტელესკოპი. ობსერვატორია
შმიდტის ორგუმბათიანი ტელესკოპი. ობსერვატორია

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე ბინის საკუთრების გამო კიდევ ერთი ოჯახი უპირისპირდება დაწესებულების ადმინისტრაციას. ამჯერად ასტრონომ რევაზ ნაცვლიშვილის ქალიშვილი დავობს.

ასტრონომი, რომელიც 52 წლის განმავლობაში აბასთუმანში მუშაობდა და ცხოვრობდა, ერთი თვის წინ გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე ანექსირებული ყირიმიდან ჩასული შვილი ოჯახით, მამის საცხოვრებელ ბინაში შევიდა. ნანა ნაცვლიშვილი-ბელინოვა, ლტოლვილი უკრაინიდან, ამბობს, რომ ახლა წასასვლელი არსად აქვს და ობსერვატორიაში ითხოვს დარჩენას.

„ყირიმში ვცხოვრობდი უკრაინული პასპორტით. მამის გარდაცვალების გამო წამოვედი. იქიდან კი გამომიშვეს რუსებმა, მაგრამ მითხრეს, რომ ამ პასპორტით უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. მაშინ ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი, გარდაცვლილი მამის გასვენებაში მაინც ჩამოვსულიყავი. მარტო რომ ვიყო, კიდევ წავალ სადმე, მაგრამ ბავშვთან ერთად ამ ყინვაში სად წავიდე?“ - ამბობს ნანა ნაცვლიშვილი.

ნანა ნაცვლიშვილი-ბელინოვა, რევაზ ნაცვლიშვილის ქალიშვილი
ნანა ნაცვლიშვილი-ბელინოვა, რევაზ ნაცვლიშვილის ქალიშვილი

გარდაცვლილი ასტრონომის ქალიშვილმა ობსერვატორიის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროს წერილები გაუგზავნა და თავშესაფრის გამოძებნამდე ობსერვატორიის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება ითხოვა. თუმცა ორივე უწყებიდან უარი მიიღო.

„მივეცით ერთი თვე, რომ ნივთები მოეგროვებინათ. შევიდნენ [ბინაში] მოტყუებით და ახლა ამბობენ, არსადაც არ წავალთო. გასაგებია, რომ აბასთუმანი მოდაში შემოვიდა, კარგი საკურორტო ზონაა და დაუფლება ყველას უნდა, მაგრამ ასე არ შეიძლება“, - ეუბნება ობსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი რადიო თავისუფლებას.

ნანა ნაცვლიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც ობსერვატორიის ტერიტორიაზე ბინაში დარჩენას ითხოვს. ზაფხულში, ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებმა, რომელთაც ადმინისტრაცია ბინების გასაღებების დაბრუნებას სთხოვს, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ობსერვატორიის დირექტორის მაისის ბრძანებას აპროტესტებდნენ, რომელიც უცხო პირებს (მათ, ვინც ობსერვატორიაში არ მუშაობს) სამეცნიერო დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავდა.

„ჩემი მეუღლე, რომელიც 60 წლისაა, აქ დაიბადა და გაიზარდა. წლებია აქ ვცხოვრობთ. ჩემი მამამთილი ცნობილი ასტრონომი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი სტეფანე აფრიამაშვილი იყო. მისი სურათებით ამაყობენ. მის შვილებს კი [ობსერვატორიაში] არ უშვებენ. გვაინტერესებს, გვითხრან, განგვიმარტონ, ვინ არ გვაძლევს უფლებას შესვლის. ჩვენი ინფორმაციით, ეს დირექტორის გადაწყვეტილებაა“, - ამბობდა მაშინ საპროტესტო აქციის მონაწილე მაკა ღვაბელაძე.

19-მა ოჯახმა, რომელთა ოჯახის წევრები ასტრონომები ან ობსერვატორიის თანამშრომლები იყვნენ და ათწლეულები ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, დავა სამართლებრივი გზით გადაწყვიტა, ადვოკატი აიყვანა და სარჩელის მომზადება დაიწყო.

„სარჩელში [ტერიტორიაზე შეშვების აკრძალვის] ბრძანების გაუქმებას და ბინების დაკანონებას ვითხოვთ. სახელმწიფომ რაღაცნაირად უნდა მოახერხოს, რომ დაგვიკანონოს. ამდენი წელია უწყვეტად ვცხოვრობთ, ჩვენ ვუვლით ამ ბინებს და მოვითხოვთ რაღაც იურიდიული მხარე მისცენ და დაგვიკმაყოფილონ ეს მოთხოვნა. ამის პრეცედენტები არსებობს როგორც ბალტიისპირეთის, ასევე პეტერბურგის "პულკოვოს" ობსერვატორიების შემთხვევაში“, - ამბობს თეონა ტოროშელიძე, რომელიც ძმასა და მშობლებთან ერთად ობსერვატორიის ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, მისი დედ-მამა ათწლეულები სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ.

ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრების პრეტენზიებს და სურვილებს „წარმოუდგენელს“ უწოდებს ობსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი. ის ამბობს, რომ კანონით ობსერვატორიის ბინებს საერთო საცხოვრებლის სტატუსი აქვს და იქ ცხოვრება მხოლოდ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ:

„მინისტრთა საბჭოს დადგენილებაა, რომ ამ საცხოვრებლით უნდა ისარგებლონ თანამშრომლებმა… ეს ყოველთვის ასე იყო. როცა ადამიანი აღარ მუშაობს და წყვეტს ურთიერთობას [ობსერვატორიასთან] სხვადასხვა მიზეზის გამო - ან სხვა სამსახურში მიდის, ან პენსიაზე გადის, ან გარდაიცვალა ადამიანი, ასეთ დროს ერთი თვის განმავლობაში ბინა უნდა დაცალონ და გაიტანონ თავისი ნივთები, ასევე გასაღები ჩააბარონ ადმინისტრაციას, ამაში ახალი არაფერია“.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის შესასვლელი
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის შესასვლელი

ობსერვატორიის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, საკუთარ ბინებში შესვლა ყოფილ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, პირველად 2020 წელს, პანდემიის დროს აეკრძალათ, თუმცა არც პანდემიის დასრულების შემდეგ აღუდგათ. 2023 წლის მაისიდან შეზღუდვების ახალი საბაბი გაჩნდა - ობსერვატორია ყველაზე დიდი ტელესკოპის შენობას არემონტებს.

მაგალითად, ამ მიზეზით წელს ზაფხულში სახლში ჩასვლაზე უარი უთხრეს ობსერვატორიის ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ თანამშრომელს - 88 წლის მერი მეტრეველს. მას მისწერეს, რომ როგორც უცხო პირს, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰქონდა.

ობსერვატორიის ადმინისტრაციის პასუხი მერი მეტრელეველის თხოვნაზე მიეცათ ტერიტორიასა და შესაბამისად სახლში შესვლის უფლება, 20023 წლის ზაფხული.
ობსერვატორიის ადმინისტრაციის პასუხი მერი მეტრელეველის თხოვნაზე მიეცათ ტერიტორიასა და შესაბამისად სახლში შესვლის უფლება, 20023 წლის ზაფხული.

ტელესკოპი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება და, ადმინისტრაციის აზრით, საფრთხის შემცველია იქ ყოფნა, ასტრონომის სახლიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

მერი მეტრეველი და მისი მეუღლე თომა ბარბლიშვილი ობსერვატორიაში 60 წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მათ შორის, მძიმე 90-იან წლებში, როდესაც ყანობილის მთაზე ობსერვატორიას დენი და გათბობა აღარ ჰქონდა. მერი მეტრეველი, რომელიც უკიდურეს ხანდაზმულობამდე ობსერვატორიაში რჩებოდა, ახლა იმ 19 ადამიანს შორისაა, ვინც სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

როდესაც თითქმის ერთი საუკუნის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, მთა ყანობილზე ობსერვატორია დაარსდა, ასტრონომები და ობსერვატორიის სხვა თანამშრომლები იქ ოჯახებთან ერთად დასახლდნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის მაშინ ეს ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი იყო, სხვა სახლები მათ არ ჰქონიათ. დროთა განმავლობაში ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა, მაღაზია, სამრეცხაო და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა - თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ფაქტობრივად გაუსვლელად ცხოვრობდნენ მთა ყანობილზე.

ამ ზაფხულს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ ობსერვატორიის ადმინისტრაცია მათ უფლებას არ აძლევდა იქ შესულიყვნენ, სადაც მათი მშობლები წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ, ცხოვრობდნენ და სადაც თავადაც დაიბადნენ.

ობსერვატორიის დირექტორი ამაზე საპასუხოდ ამბობს, რომ მიუხედავად ამ გარემოებებისა, ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრების მოთხოვნების დაკმაყოფილება უკანონო და შეუძლებელია: არ გამოვა ასე - [ობსერვატორია] ან უნდა იყოს სამეცნიერო დაწესებულება, ან დასასვენებელი სახლი… ახალი თანამშრომლები ხომ უნდა მივიღოთ მომავალ წელს, იქით წელს? ახალი ხალხი ხომ უნდა შემოვიდნენ და სად უნდა მოთავსდნენ ისინი? ეს ერთი, და მეორე - იმათ თუ საკუთრებაში ექნებათ ეს ბინები, მაშინ მოქმედ თანამშრომლებსაც უნდა მივცეთ ბინები და დამთავრდა მაშინ… უნდათ, რომ ობსერვატორია დახურონ?თანამშრომლებისთვის აღარ უნდა დარჩეს ადგილი?“

რევაზ ჭანიშვილის თქმით, შექმნილი ვითარება ხელს უშლის ობსერვატორიის სამეცნიერო განვითარებას. გაზაფხულზე ობსერვატორიას 3 მილიონი ევროს ღირებულების ახალი ავტომატიზებული ტელესკოპი ექნება, რაც სამეცნიერო ცენტრს საერთაშორისო ქსელებში ჩართვის საშუალებას მისცემს. თუმცა, ჭანიშვილის თქმით, ობსერვატორიას საბინაო ფონდის სრულად გამოყენების შესაძლებლობა თუ არ მიეცა, არათუ უცხოელი კოლეგები, ობსერვატორიაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებიც კი ვერ ჩავლენ დაკვირვებებზე.

რევაზ ჭანიშვილის თქმით, ახლა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საბინაო ფონდი სულ 80 ბინაა, ადმინისტრაცია კი ამის ნახევარს ვერ განაგებს.

ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტოფიზიკური ობსერვატორია
ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტოფიზიკური ობსერვატორია

ყოფილი თანამშრომლები და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ობსერვატორიის ადმინისტრაციის არასწორი პოლიტიკის გამო, ობსერვატორიამ უკვე დაკარგა თავისი სამეცნიერო ღირებულება. შენობების - როგორც ტელესკოპების, ასევე საცხოვრებელი სახლების - უმრავლესობა შესაკეთებელია, არ ტარდება სათანადო სამეცნიერო კვლევები, ობსერვატორია ვეღარ იზიდავს ახალ კადრებს, ვინც დარჩა, ისინიც გაუსაძლის პირობებში არიან და თუ ეს ადგილი სამეცნიერო დაწესებულების ფუნქციას კარგავს, ეს ადმინისტრაციის მიზეზით ხდება.

„ჩვენი ბინების გარდა, [ობსერვატორიაში] არის დაკეტილი, ცარიელი ბინები, რომელთა შევსებაც ვერ ხდება… მათ [ობსერვატორიის ადმინისტრაციის წევრებს - რ.თ.] არ აქვთ არანაირი პირობა იმისა, რომ ახალგაზრდა ჩამოვიდეს და მიუძღვნას თავი მეცნიერებას“, - ამბობს თეონა ტოროშელიძე, ასტრონომ თემო ტოროშელიძის ქალიშვილი.

ობსერვატორიას რომ ახალგაზრდა კადრების პრობლემა აქვს, ამას თავად დირექტორიც ადასტურებს: „ვცდილობთ მოვიზიდოთ თუნდაც ასტროფიზიკოსები, ვინც ჩაერთვება დაკვირვების პროცესში. თეორიულ ნაწილში პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ დაკვირვების ნაწილში პრობლემაა“, - ამბობს რევაზ ჭანიშვილი.

მისი თქმით, ახლა ობსერვატორიას სულ 114 თანამშრომელი ჰყავს, მათგან მთა ყანობილზე მხოლოდ 10 ასტრონომი მუშაობს და ოჯახის წევრებთან ერთად აბასთუმნის ობსერვატორის ბინებში ცხოვრობენ.

16 ტელესკოპიდან, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩა, დაკვირვებები მხოლოდ ერთზე მიდის, ეს ტელესკოპიც 70-იანი წლების მიწურულს არის შეძენილი.

რევაზ ჭანიშვილი, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი
რევაზ ჭანიშვილი, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი

სერგეი დანიკი აბასთუმნის ობსერვატორიაში 2010 წლიდან მუშაობდა. სამსახურიდან წელს, 5 აგვისტოს წამოვიდა, - ამბობს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო.

„მაიძულეს [წამოვსულიყავი], წლების განმავლობაში ბულინგი, დაუფასებლობა, არა მაღაზია, არა გაზი, გათბობა "ფეჩით", საცხოვრებელი პირობები ნოლი, მცირე ანაზღაურება, უკანონო დენის გადასახადი 31 თეთრი იურიდიული ტარიფი. რასაც ვაკეთებდი სამსახურისთვის, არ დამიფასეს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სერგეი დანიკი.

ცხრა წლის განმავლობაში სერგეი დანიკი აბასთუმნის ობსერვატორიაში „ზედა ატმოსფეროს შემსწავლელ ლაბორატორიაში“ დაკვირვებისთვის საჭირო ხელსაწყო-მოწყობილობების ტექნიკოსი იყო. მისი თქმით, სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ დირექციას აკრიტიკებდა. სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე მასაც მოსთხოვეს ბინის დაცლა.

„მხოლოდ მე და იმ ერთეულ თანამშრომელს გვთხოვენ ბინების დაცლას, რომლებმაც დირექციის წინააღმდეგ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრებები… ნუთუ, არ შეიძლება, ამ სახელმწიფოში ღიად გამოვხატოთ ჩვენი აზრი კონკრეტულ მოვლენაზე და ამაზე საპასუხოდ არ დავიჩაგროთ რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი?!. ბინა არ დამიცლია და არც ვაპირებ დავცალო. სანამ სამინისტროს ან სასამართლოს განჩინება არ იქნება“, - წერს ის განათლების სამინისტროს ღია წერილში.

აბასთუმნის ყოფილი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ადვოკატი, ლევან ხირჩილაშვილი აცხადებს, რომ მთავარ მოთხოვნად ბინების დაკანონება რჩება.

„არის პრეცედენტი, ყველას არ აქვს მოგების შანსი, არსებობს მთავრობის ძველი დადგენილება და ადრე რამდენიმე თანამშრომელმა მოიგო ეს საქმე ჩვენი სასამართლოს პირობებში და ისინი დაკმაყოფილდნენ ალტერნატიული ფართით. მე მათ ვუთხარი, რომ არსებული ვითარებიდან 3 თუ 4 მათგანს აქვს მოგების შანსი. ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია სახელმწიფოსთან და მან მიგვითითა სასამართლოსკენ. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია - ანუ უნდა შევეშვათ, ან სასამართლოს გადაწყვეტილება მივუტანოთ“.

ადვოკატის თქმით, არსებობს იმის პრეცედენტები, როდესაც ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლები და მათი ოჯახები არა ობსერვატორიის ტერიტორიაზე, მაგრამ აბასთუმანსა და თბილისში საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს.

მაქსუტოვის სისტემის მენისკური ტელესკოპის შენობა, დაიდგა 1955 წელს.
მაქსუტოვის სისტემის მენისკური ტელესკოპის შენობა, დაიდგა 1955 წელს.

ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს ექვემდებარება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები კი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ობსერვატორიას უვადო სარგებლობაში აქვს გადაცემული. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამეცნიერო დაწესებულების ადმინისტრაცია უკანონოდ იქცევა, როდესაც მათ ბინებში შესვლას უკრძალავს.

ასტრონომ რეზო ნაცვლიშვილის ქალიშვილი ნანა ნაცვლიშვილი ობსერვატორიის ბინაში რჩება, ადმინისტრაციის მიერ მისთვის მიცემული ვადა კი გავიდა, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოში სხვაგან წასასვლელი უკრაინიდან ლტოლვილს არ აქვს, ხარაგაულში მისი ოჯახის სახლი საცხოვრებლად არ გამოდგება.

საცხოვრებელი კორპუსი აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე
საცხოვრებელი კორპუსი აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე

აბასთუმანში დარჩენას ისედაც არ ვაპირებ ბავშვის გამო, იანვარში შვიდი წლის გახდება და სკოლაში ხომ უნდა წავიდეს, თან ქართულიც ისწავლოს. გავიგე, რომ ლტოლვილის სტატუსის აღება შემიძლია და თუ ავიღებ, უფრო დამეხმარებიან, ვიდრე ესენი, სადაც მამა 52 წელი მუშაობდა“, - ამბობს გარდაცვლილი ასტრონომის შვილი.

თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები, მათ შორის ყირიმიდან დაბრუნებული ნანა ნაცვლიშვილი, დათმობაზე არ წავლენ, რას აპირებს ადმინისტრაცია, ამ კითხვას დირექტორი რევაზ ჭანიშვილი ასე პასუხობს:

„პოლიციის ძალით საქმის კეთება, ეს არ არის ობსერვატორიის საქმე. ეს არ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, მაგას არ ვიზამ, რომ პოლიცია გამოვიძახო და ძალადობრივი სცენები დავდგა“.

აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს პროფესორმა ევგენი ხარაძემ დააარსა. ეს იყო პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია ყოფილ საბჭოთა კავშირში. კვლევითი ცენტრის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებად განისაზღვრა გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილებისა და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.

XS
SM
MD
LG