ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბინების მობინადრეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ისინი ჰყვებიან, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბასთუმანში, რადგან მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები ობსერვატორიის თანამშრომლები იყვნენ. 10 ივნისს ისინი არ შეუშვეს ობსერვატორიის ტერიტორიაზე, 12 ივნისს კი მათ თბილისში, კოსტავას #42-ში მდებარე ობსერვატორიის ლაბორატორიაში, სურდათ დირექტორთან, რეზო ჭანიშვილთან შეხვედრა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.
აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებმა თეონა ტოროშელიძემ უამბო რადიო თავისუფლებას ამჟამინდელი ვითარების შესახებ.
„ტერიტორიაზე არის როგორც სამეცნიერო დაწესებულებები, ისე საცხოვრებელი სახლები. ობსერვატორიის დაარსებიდან (1932 წელს დაარსდა ხარაძის მიერ) ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ობსერვატორიის აღმშენებლობაში და სამეცნიერო კუთხით განვითარებაში (იყო ასტრონომი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი), თავის დროზე, დირექტორის გადაწყვეტილებით, ყველა სახლდებოდა ამ ბინებში. მუშაობდნენ, ცხოვრობდნენ, იზრდებოდნენ მათი შვილები.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამჟამინდელმა დირექტორმა დაიწყო როგორც მოქმედი თანამშრომლების, ასევე ყოფილთა ოჯახების არშეშვება ამ შენობებში. პირველად, სამი წლის წინ, საბაბად კოვიდი იყო გამოყენებული, დავექვემდებარეთ ქვეყანაში შემოღებულ წესებს. შემდეგ გაუქმდა ეს ბრძანება, მაგრამ ჩვენთან, იმ „პატარა სახელმწიფოში“, შეზღუდვები დარჩა. ეს გამოიყენეს, დაბრკოლებას გვიქმნიდნენ ამ ვითომ არსებული ბრძანებით, როცა უკვე გაუქმებული იყო.
ახლა კიდევ ერთხელ იყო მცდელობა და არ შეგვიშვეს. 10 ივნისს ვცადეთ შესვლა (ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახების წევრებმა) და არ შეგვიშვეს. ბრძანება იყო გამოცემული და ამას ვითომ სარემონტო სამუშაოებს აბრალებენ, რაც ობსერვატორიაში მიმდინარეობს. რა არის ეს სარემონტო სამუშაოები, გეტყვით: ტელესკოპის ერთ ნაწილს ცვლიან. მიმდინარეობს გუმბათის დემონტაჟი, მთლიანი შენობის არა. შესაბამისად, კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, უსაფრთხოების ყველა წესების დაცვით, შემოფარგლული აქვს ეს ტერიტორია, დაცულია იქ ყველაფერი, გარედან გამოკრულია ბანერები და რაც მთავარია, ის საცხოვრებელი ტერიტორიიდან ძალიან მოშორებით არის. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საცხოვრებელ შენობებში ჩვენი შესვლა დაბრკოლებებს ქმნის.
10 ივნისს როდესაც ჩავედით, შენობაში ვერ შევედით. პოლიცია და მთელი ამბები მოხდა. მშვიდობიანად, ასე ვთქვათ, მაგრამ ვერავინ შევიდა. ვერც ჟურნალისტები შევიდნენ და ვერ გადაიღეს შენობა შიგნიდან“, - გვითხრა თეონა ტოროშელიძემ.
მობინადრეები შენობასთან ემოციურად არიან დაკავშირებული და ამბობენ, რომ მათთვის კარების დაკეტვა განსაკუთრებით მძიმე იყო.
„ახლა გვინდა ამის გარკვევა, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება ამას მოჰყვეს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საკუთარ სახლში, რომელშიც ცხოვრობთ წლების განმავლობაში... თქვენი მშობლები იქ ცხოვრობდნენ. არის პირადი ნივთები, სახლში რამდენი რამე შეიძლება იყოს - საბუთი, ფოტო. დღეს ამ მოტივით, რომ სადღაც რაღაც მშენებლობაა, ვერ მიდიხარ შენს სახლში.
საქმე ეხება დაახლოებით 20-22 ოჯახს. მათ შორის რამდენიმე ოჯახი აბასთუმანში მუდმივად ცხოვრობს იქ და მუშაობს - ზოგი არის სამეცნიერო მიმართულების თანამშრომელი, ზოგი - ტექნიკურ ნაწილის“, - თქვა ტოროშელიძემ.
ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბინების მცხოვრებლები ვითარების გაუარესებას ობსერვატორიის ამჟამინდელ დირექტორს, რეზო ჭანიშვილს უკავშირებენ.
„ეს ყველაფერი დაკავშირებულია ამ პიროვნებასთან. დაახლოებით ოთხი წელია, დირექტორია. ვცდილობთ დავადგინოთ, რა არის რეალური მიზეზი. მშენებლობა საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, ხომ მოძრაობს და დადის ადამიანი?!“ - აღნიშნა თეონა ტოროშელიძემ.
2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. მთავრობის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტით, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, გათვალისწინებულია დიდი ტელესკოპის, AZT-11-ის შენობის სრული რეაბილიტაცია.
ობსერვატორიის დირექტორი რეზო ჭანიშვილი ბლეფსა და პროვოკაციას უწოდებს იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც საკუთარ თავს მიიჩნევენ აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბინების მართლზომიერ მფლობელებად და მუდმივ მცხოვრებლებად. სწორედ ეს ტერმინები გამოიყენა საპასუხო წერილში მთავრობის ადმინისტრაციამაც. ჭანიშვილი ტერმინებზე აქცენტის გაკეთებას „იაფფასიან ნაბიჯად“ მიიჩნევს. როგორც ის ამბობს, პირველ წერილში ეს ტერმინები იყო გამოყენებული და სწორედ ამიტომ საპასუხო წერილშიც არის ასახული.
ჭანიშვილი ბინების თემაზე ორ საკითხს გამოყოფს, პირველი არის მისი ბრძანება, რომლის თანახმად, ობსერვატორიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. დირექტორი ამ ნაბიჯს უსაფრთხოების ნორმების დაცვას უკავშირებს და ამბობს, რომ თბილისიდან ჩასული თანამშრომლების ნაწილსაც კი ეზღუდება ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლა.
ძირითად თემას კი ბინების გამოყენების კანონიერი უფლება წარმოადგენს. ჭანიშვილის განცხადებით, შენობა არ არის ობსერვატორიის საკუთრება და ის ეკუთვნის სახელმწიფოს. ამიტომ, მან პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, მიმართონ შესაბამის უწყებას (ეკონომიკის სამინისტროს) ან სასამართლოს.
„ისინი იმყოფებიან აბსოლუტურად არაკანონიერად. დაკეტილია ეს ბინები მთელი წლის განმავლობაში და იყენებენ, როგორც აგარაკებს. როგორ მოხვდნენ? ეს არ იყო კერძო საკუთრება, რომელიც მათ მშობლებს მემკვიდრეობით გადაეცათ. საერთო საცხოვრებლის სტატუსი ჰქონდა ამას. 90-იან წლებში ისარგებლეს არეული სიტუაციით, არ ჩააბარეს გასაღები“, - თქვა მან.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება (2019 წელს) ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, ბინების გამოყენებას განაგრძობდნენ იქ მცხოვრები ადამიანები. ვითარება ქვეყანაში კოვიდის გამო რეგულაციების შემოღების შემდეგ შეიცვალა.
„როდესაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა (ილიას უნივერსიტეტისგან), არ შევედით მათთან კონფლიქტში თავიდან, შემეძლო გამომეცა ბრძანება და მეთქვა, რომ გარეშე პირები არ დაიშვებიან შენობებში. არ ყოფილა ლაპარაკი, რომ შეიცვალა სიტუაცია და ახლა აქედან წადით“, - გვითხრა რეზო ჭანიშვილმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან კოვიდ-რეგულაციები სხვა მიზნითაც გამოიყენა - ადამიანებს, რომლებსაც წლები აკავშირებთ ობსერვატორიასთან, დღემდე საშუალება არ აქვთ მის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში შევიდნენ. კოვიდ-რეგულაციებს მშენებლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მოჰყვა.
რეზო ჭანიშვილმა გვითხრა, რომ ათი დღის წინ ჰქონდა მცხოვრებლებთან შეხვედრა, რომლებსაც გააცნო ბრძანება, რომ მშენებლობის გამო შეზღუდვა წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მისი თქმით, შეთანხმება შედგა, თუმცა 10 ივნისს მობინადრეები ავტომანქანებით ჩავიდნენ აბასთუმანში და შენობაში შესვლა სცადეს. მათ დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა.
1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც მშენებლობის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება, ობსერვატორიის დირექტორი, სავარაუდოდ, არ აპირებს, შენობაში მცხოვრებლები შეუშვას.
„თქვენ ხომ შეიტანეთ საჩივარი, გაირკვეს ვის ეკუთვნის ბინები, წლის ბოლომდე დაწესებული გვაქვს შეზღუდვა, მერე რა იქნება მოვილაპარაკოთ. ამჟამად რაც ნაკლები ხალხი იქნება ობსერვატორიის ტერიტორიაზე, მით ნაკლები რისკებია (მშენებლობის გამო), - მიმართავს მობინადრეებს რეზო ჭანიშვილი და განაგრძობს, - როდესაც მოთავდება სამუშაოები, მერე ვილაპარაკოთ ამის თაობაზე. მათ მოითხოვეს ამ ბინების პრივატიზება, რაც ობსერვატორიის დახურვას გულისხმობს. საცხოვრებელი ფონდის ნახევარი მათ განკარგულებაშია, აგარაკად გადააქციეს ეს ობსერვატორია. ეს ქონება არ არის ჩვენი. გადმოცემული გვაქვს სამართავად. მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს ან სასამართლოს“.
რეზო ჭანიშვილი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ობსერვატორიის ტერიტორიაზე მობინადრეთა ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ადამიანები ამ შენობას საცხოვრებლად იყენებენ, დირექტორის აზრით, ბინების პრივატიზება ობსერვატორიის დახურვას ნიშნავს. მან ასევე გაიხსენა 1994 წელს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ოთარ ფაცაციას დადგენილება, რომლის თანახმად, შენობას საერთო საცხოვრებლის სტატუსი მიენიჭა. ჭანიშვილმა ობსერვატორიის თანამშრომელთა შთამომავლებს „შეჭრილები“ უწოდა.
„როდესაც თანამშრომლები აბასთუმნიდან წავიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგი გარდაიცვალა, ზოგი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ზოგი სხვაგან მუშაობს - მათ შეინარჩუნეს ეს ბინები“, - თქვა ჭანიშვილმა.
ობსერვატორიის დირექტორის მტკიცებით, ამჟამინდელი მობინადრეები არა ობსერვატორიის თანამშრომლები, არამედ მათი შთამომავლები არიან. „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ესენი იზრდებოდნენ იქ, რადგან მშობლები იქ მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. ვინც სკოლა დაამთავრა, მერე ყველა წამოვიდა. მერე დაიტოვეს ეს ბინები უკანონოდ და იყენებენ აგარაკებად. მსოფლიოში არსად ცხოვრობენ ობსერვატორიაში გარეშე პირები“, - განაცხადა ჭანიშვილმა. მისი თქმით, ამჟამად ობსერვატორიის ტერიტორიაზე 80-90 ბინაა და მათი ნახევარი ადმინისტრაციის განკარგულებაში არ არის. „თანამშრომლებს ჩასვლა უნდოდათ და ბინა არ იყო“, - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მობინადრეები დატოვებენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე შენობას, რა კონკრეტული გეგმა აქვს დირექციას, ჭანიშვილმა გვითხრა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არსებობს. როგორც ის ამბობს, მომავალში ობსერვატორიაში იგეგმება ახალგაზრდებისთვის საზაფხულო სკოლების მოწყობა და სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის გავლას.
ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.
2018 წლის აგვისტოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა.
„აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“, - თქვა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა.