ჟურნალ The Economist-ში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიის - „პუტინი, როგორც ჩანს, იმარჯვებს უკრაინასთან ომში - ამ დროისთვის“ - ავტორები მიიჩნევენ, რომ პირველად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთს შეუძლია გაიმარჯვოს.
და აი, რატომ:
ვლადიმირ პუტინმა მოახერხა რუსეთის საომარ რელსებზე გადაყვანა და თავისი ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება.
პუტინმა ასევე მოახერხა დასავლეთის რწმენის შერყევა, რომ უკრაინას შეუძლია გამოვიდეს ომიდან, როგორც წარმატებული ევროპული დემოკრატია.
The Economist-ის სტატიის მიხედვით, პუტინის გამარჯვება მდგომარეობს არა მხოლოდ და იმდენად ტერიტორიების კონტროლში, არამედ იმაშიც, რომ გაისად რუსეთი უკრაინასთან შედარებით უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
პირველ რიგში, მას ექნება მეტი დრონები და საარტილერიო ჭურვები, მეორეც იმიტომ, რომ პუტინის არმიამ შეიმუშავა რადიოელექტრონული ომის წარმოების წარმატებული ტაქტიკა და მესამე - პუტინს არ აღელვებს, ის მზადაა ფრონტზე უზარმაზარი ადამიანური დანაკარგებისთვის.
უაზრობაა იმის იმედად ყოფნა, რომ პუტინის რეჟიმი დაემხობა, წერს The Economist-ი: პუტინს შეუძლია კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს ხელისუფლებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-ს უთხრა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგებს ზაფხულის კონტრშეტევის დროს.
კონტრშეტევის შედეგებსა თუ შედეგების სიმცირეზე 5 დეკემბერს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა The Washington Post-მაც.
უფრო ადრე, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა იწყებს თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ავდეევკის, მარინკისა და კუპიანსკ-ლიმანსკის მიმართულებებზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ.
რა საფუძველი აქვს The Economist-ს, როცა კითხულობს: "ნუთუ პუტინი იმარჯვებს?"
სწორედ ამ კითხვას უპასუხეს სამხედრო-პოლიტიკურმა ექსპერტმა იური ფეოდოროვმა და პოლიტოლოგმა ოლეგ საჰაკიანმა რადიო თავისუფლების ციფრული პლატფორმის, Current Time-ის სტუდიაში.
იური ფეოდოროვი: ვფიქრობ, რომ The Economist-ის სტატია გარკვეულწილად დამახინჯებული წარმოდგენაა იმის შესახებ, თუ რა ხდება ფრონტზე და ზოგადად ომის გარშემო. რას წერს The Economist-ის სტატიის ავტორი? ის წერს, რომ რუსეთსა და პუტინს მეტი ადამიანური რეზერვი აქვთ.
ეს მართლაც ასეა.
ის წერს, რომ უკრაინის მხარდამჭერი დასავლური კოალიცია იმედებს არ ამართლებს. ის წერს, რომ პუტინმა მოახერხა გლობალური სამხრეთის თავის მხარეზე გადაბირება და ქვეყნის შიგნით პოზიციების გაძლიერება და კიდევ სხვა რაღაცები.
მოდით შევხედოთ, რა ხდება სინამდვილეში.
პირველი - გლობალური სამხრეთი. გლობალური სამხრეთი მოლოდინის რეჟიმშია. უკავია ისეთივე პოზიცია, როგორიც ყოველთვის ჰქონდა: არ უერთდება, ცდილობს მანევრირებას ორ ბანაკს შორის. ამ შემთხვევაში, რუსეთსა და დასავლურ კოალიციას შორის. მაგრამ იმის თქმა, რომ გლობალური სამხრეთი მთლიანად რუსეთის მხარეს დადგა, სიმართლეს არ შეესაბამება. მით უფრო, რომ გლობალურ სამხრეთს ყოველთვის სურს და აკეთებს ამას: ის ყოველთვის ყურადღებით აკვირდება, ვინ არის უფრო ძლიერი.
გაიძლიერა თუ არა პუტინმა პოზიციები რუსეთის შიგნით?
ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან იყო პრიგოჟინის აჯანყება, რომელსაც მართალია არმიის სერიოზულმა ნაწილებმა არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ არც სათანადო რეაგირება მოჰყოლია არმიის მხრიდან. ეს კი ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ჯარში ყველა არ უჭერს მხარს რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ყველა არ უჭერს მხარს პუტინს. ასე რომ, არ მგონია, რომ პუტინმა სერიოზულად გაიძლიერა თავისი პოზიციები. პრიგოჟინი შეიძლება მოკლა, მაგრამ ჯარში განწყობა ამით არ შეიცვლება.
იმაში, რომ პუტინი არჩევნებში გაიმარჯვებს და მომდევნო ვადით გახდება პრეზიდენტი, ეჭვი არ მეპარება. ეს სრულიად აშკარაა, რადგან ყველა, ვინც ხმებს ითვლის, პუტინის კონტროლის ქვეშ იმყოფება. აქ კომენტარის გაკეთებაც კი არ არის საჭირო.
რაც შეეხება The Economist-ის სტატიის მთავარ თეზისს, რომელიც საკმაოდ თანმიმდევრულადაა გატარებული, ეს არის მიმართვა მმართველი წრეებისადმი, პირველ რიგში, ევროპისადმი.
მისი არსი მარტივია - მთლად ნათელი არ არის, როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები, რისი მიზეზიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით კონგრესში არსებული გაურკვევლობაა. ეს აჩენს ძალიან სერიოზულ კითხვებს ევროპაში, რადგან ევროპული პოლიტიკური წრეები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მათთვის საკმაოდ საგანგაშო ფაქტს: რა მოხდება, თუ შეერთებული შტატები მკვეთრად შეამცირებს უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერას?
ასეთ შემთხვევაში ევროპელებს მოუწევთ რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა, მაგრამ უკვე ამერიკის სერიოზული მხარდაჭერის გარეშე. ეს ძალიან აშფოთებთ ევროპელებს, რომლებიც ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები რუსეთის წინაშე.
ევროპაში მშვენივრად ესმით, რომ თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, თუ უკრაინა დამარცხდება, მაშინ რუსული ექსპანსიის მომდევნო სამიზნე ევროპული ქვეყნები იქნებიან.
ეს აშფოთებთ ევროპელ პოლიტიკოსებს.
დიახ, ევროპის საზოგადოებრივი აზრი ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს იმას, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური ელიტები ერთი და იგივე არ არის. ევროპული სახელმწიფოების ელიტებმა და მმართველმა წრეებმა კარგად იციან, რომ მათთვის უკრაინის პრობლემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც ხდება ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ პრესა ძირითადად წერს არა უკრაინაზე, არამედ ახლო აღმოსავლეთზე.
- თუ სწორად გავიგე, თქვენ არ ეთანხმებით თეზისს, რომ პუტინი იმარჯვებს, მაგრამ სტატია იმაზეა, რომ ევროპელებს ეშინიათ იმის, რომ პუტინი იმარჯვებს. ასე არ არის?
იური ფედოროვი: დიახ, ჩემი აზრით, ამ სტატიის მთავარი აქცენტი ესაა. და რომ პუტინი არ იმარჯვებს - მოდით, გადავხედოთ შექმნილ ფაქტობრივ მდგომარეობას, რასაც სტრატეგიულ ჩიხს უწოდებენ, თუმცა სიტყვა „ჩიხი“ მთლად ზუსტი არ არის. უფრო შესაფერისია „პოზიციური ომი“, პატური მდგომარეობა.
პატური ვითარება ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია გამარჯვება. ეს არის ამ ჩიხის არსი. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უკრაინა ვერ იგებს მოცემულ მომენტში - ვერ ატარებს წარმატებულ შეტევით ოპერაციებს და იძულებულია გადავიდეს თავდაცვაზე, რაც სრულიად გონივრულია, არამედ რუსეთიც.
მასაც არ შეუძლია გამარჯვების მიღწევა. ასე რომ, თვით პატური ვითარების არსი ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ პუტინი იმარჯვებს.
ხოლო ის, რომ პუტინს მეტი ადამიანური რესურსი აქვს, ფაქტია. მაგრამ თანამედროვე ომში კალაშნიკოვებით შეიარაღებული ხალხის ბრბო ბევრს არაფერს წყვეტს. წყვეტს ტექნოლოგიები, ტექნიკა, შეიარაღება.
– კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეთანხმება გენერალ ზალუჟნის, რომ ომი ჩიხში შევიდა. თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინაში აღარ სჯერათ საკუთარი ტერიტორიების სამხედრო გზით გათავისუფლების?
ოლეგ საჰაკიანი: არა, ასე არ არის.
უკრაინაში სჯერათ და ამას აჩვენებს სოციოლოგიაც და სამხედრო გეგმებიც. სხვა საქმეა, რომ ზაფხული-შემოდგომის კამპანია უპირველეს ყოვლისა წარმატებებით დასრულდა ზღვაზე და არა ხმელეთზე. ყველას მშვენივრად ესმის, რომ რუსეთის ჯარი გადაჯგუფდა, ხოლო უკრაინის შეტევამ, როგორადაც ჩაფიქრებული იყო, თავი ამოწურა.
შესაბამისად, მიმდინარეობს მზადება ზამთრისა და მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის. ამიტომ, ახლა უკრაინის არმია პირველ რიგში დგება დაცვაში, აძლიერებს დაკავებულ პოზიციებს და ემზადება რუსული კონტრშეტევის მოსაგერიებლად.
ამ შემთხვევაში, ბატონი კლიჩკო აკეთებს განცხადებას არა როგორც ექსპერტი ან ამ საქმეში ინფორმირებული პირი - არც ერთი და არც მეორე არ შეესაბამება მის როლს - არამედ როგორც პოლიტიკოსი. ვინაიდან მას დიდი ხნის კონფრონტაცია აქვს პრეზიდენტის აპარატთან, ახლა ის ცდილობს დაეყრდნოს თვითმმართველობის ძალებს, რომლებიც ხშირად კონფლიქტში არიან პრეზიდენტის აპარატთან.
ამ გზით კლიჩკო ცდილობს წარმოაჩინოს თავი, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციონერმა და ოფისთან თავისი პერსონალური დაპირისპირება გადაიტანოს ოპოზიციონერისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში. ამიტომაც არის ასეთი განცხადებები მის სტატიებში.
დასავლეთში კიდევ ერთი მეინსტრიმული თემაა უთანხმოება უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის, რომელსაც კონფლიქტადაც სახავენ. ასე რომ, ბატონმა კლიჩკომ და, როგორც ჩანს, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვიტეს ამ ტალღაზე გასეირნება.
- მაგრამ არის ზალუჟნის განცხადებაც, რაზეც კლიჩკოს ჰკითხეს.
ოლეგ საჰაკიანი: ზალუჟნის სტატია და არა განცხადება. სხვათა შორის, სტატიაში საუბარი არაა იმაზე, რომ ომი ჩიხშია. სტატიაში ნათქვამია, რომ სწრაფი გამარჯვების (რომელიც არ გამოვიდა) ალტერნატიული სცენარი პირველი მსოფლიო ომის თარგზე გამოჭრილი გაჭიანურებული ომია. ხორცსაკეპი მანქანა, რომელიც ბრუნავს ორივე მიმართულებით. მაგრამ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ყველაფრის მიუხედავად უკრაინა უარს არ იტყვის თავის დაცვაზე. რომ უკრაინა არ დათანხმდება არანაირ უხამს სამშვიდობო შეთანხმებას. უკრაინა უბრალოდ ჩადგება ყრუ დაცვაში და ევროპის ცენტრშიც გრძელდება სისხლისმღვრელი ომი, საიდანაც რუსეთი გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო ძლიერი გამოვა, რადგან ის ბევრად უფრო მზადაა გაჭიანურებული დაპირისპირებისთვის, ვიდრე დასავლეთი და უკრაინა, თუკი ეს უკანასკნელი მარტო დარჩება რუსეთთან.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომი ახლა ჩიხშია შესული. შეხედეთ, ზაფხულ-შემოდგომის კამპანიის შედეგად ყირიმი რუსეთის ძლიერების წყაროდან სისუსტის წყაროდ იქცა.
შავ ზღვაზე გარკვეული პარიტეტი დამყარდა, განიბლოკა უკრაინის პორტები. ფაქტობრივად, ეს არის უზარმაზარი სტრატეგიული წარმატება, რომელიც მთლიანობაში უზარმაზარ გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე.
ძალიან გულუბრყვილობაა იმის მოლოდინი, რომ ომში შეიძლება გაიმარჯვო ერთი ბრძოლით. მეორეც, გულუბრყვილობაა შეტევის წარმატების გაზომვა კვადრატულ კილომეტრებში.
ეს იყო უკრაინის საკომუნიკაციო ფრთის დიდი შეცდომა. უკრაინამ შექმნა დიდი მოლოდინი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შესაძლოა იარაღის მისაღებად, შესაძლოა, სხვა გარემოებების გამო.
– რა ვუყოთ დასავლეთის მედიაში გავრცელებულ აზრს, რომელიც ამბობს, რომ განხეთქილებაა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის? რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ამ სიტუაციაში?
ოლეგ საჰაკიანი: პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც არის დაძაბულობა. და ეს ლოგიკურია შეტევისა და ორი წლის ინტენსიური ბრძოლების შემდეგ. უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, ერთმანეთის მიმართ დაგროვდა გარკვეული კითხვები.
მაგრამ ახლა აუცილებელია ტანდემში მოქმედება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთთან მიმართებითაც. სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე დემონსტრაციული ნაბიჯი უნდა გადადგას ერთიანობის საჩვენებლად.
– უკრაინული სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელების 44% ომის დასრულებისთვის რუსეთთან კომპრომისის მოძებნის მომხრეა და, რომ თითქოს ეს მაჩვენებელი იზრდება: თებერვალში 35% იყო. შეიძლება თუ არა, ეს ფაქტი ჩაითვალოს The Economist-ის მიერ გამოთქმული თეზისის დადასტურებად, რომ პუტინი იმარჯვებს?
ოლეგ საჰაკიანი: მთლად კომპრომისის ძებნაზე არ არის საუბარი, მაგრამ, სინამდვილეში, ასეთია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ არიან კატეგორიულები თავიანთ პოზიციებში. ვფიქრობ, ისინი აპელირებენ იმით, რომ უკრაინის შეტევის ფონზე, რომელიც არ დაგვირგვინდა გამანადგურებელი წარმატებით, საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული დაღლილობა და დაძაბულობა, რამაც მსგავს გამოკითხვაში იჩინა თავი.
პირველ რიგში, მგონია, რომ ეს სტატია წარმოადგენს არა ობიექტური ვითარების ასახვას, არამედ მის ინტერპრეტაციას. სრულიად ვეთანხმები პატივცემული ექსპერტის აზრს, რადგან, ძალიან რომ გავამარტივოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან დასავლეთი დაკავებულია შიშების აწონით: პირველი შიში - რომ უკრაინა დაეცემა და განადგურდება. მეორე შიში - შიში იმისა, რომ რუსეთი განადგურდება. თავიდან იყო უკრაინის დაცემის შიში, შესაბამისად, კალკულატორებთან მყოფმა ადამიანებმა, მარტივად რომ ვთქვათ, გამოთვალეს და მიხვდნენ, რომ უკრაინის კრახს დასავლეთისთვის კოლოსალური ფასი და ძალიან მტკივნეული შედეგი ექნებოდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო უკრაინის მხარდაჭერა, რათა ის არ დაცემულიყო.
იმ მომენტიდან, როცა უკრაინამ თავისი ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყო, მოიგო პირველი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის: განდევნა მტერი ჩრდილოეთიდან, გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი და ხერსონი, ამ მომენტიდან გაჩნდა კითხვა: თუ უკრაინა გაიმარჯვებს, გამოდის, რუსეთი განადგურდება და დამარცხდება? იგივე ხალხი დაჯდა კალკულატორებთან და გამოთვალა, რას ნიშნავდა რუსეთის დამარცხება. კვლავ შიშმა შეიპყრო ისინი, რადგან ეს ნიშნავდა ბევრ კონფლიქტს, ჩინეთს და ა.შ. ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, ისე უნდა გაკეთდეს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, მაგრამ რუსეთი არ განადგურდეს. აქედანაა ყველა ეს ფორმულა, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს საუკეთესო არგუმენტებით და ყველაფერი სხვა.
ახლა ვითარება ამ ამბივალენტურობის ამოწურვამდე მიდის. ცოცხალი ბაყაყის მოხარშვის ამბავია: ან უმატებ ტემპერატურას და ხარშავ ბაყაყს ისე, რომ არ ეკითხები, სტკივა თუ - არა, აპირებს თუ არა ამბიციების დათმობას.
რადგან ყოველ ჯერზე ის უპასუხებს: „ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება გვაქვს, ჯაკუზიც მოგვწონს და საერთოდ, ყველაფერი მშვენივრადაა”.
მეტიც, თუ ტემპერატურას, მომატების ნაცვლად, დაუწევთ, ბაყაყი კიდევ უფრო უკეთესად იქნება. შესაბამისად, ეს სტატია მიზნად ისახავს იმას, რომ დასავლეთმა გამოიღვიძოს და შეიგნოს, რომ ახლა მეტი და სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რადგან ახლა ცოცხლდება შიში იმისა, რომ უკრაინა შეიძლება დამარცხდეს.
The Economist-ის სტატია მთლიანად დასავლეთს მიემართება. ის ნაკლებად ეხება რეალურ მდგომარეობას და უფრო მეტად შექმნილი ვითარების დინამიკაში ინტერპრეტაციისა და სტრატეგიული პერსპექტივის შესახებაა.