Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Economist: „პუტინი, როგორც ჩანს, იმარჯვებს უკრაინასთან ომში - ამ დროისთვის“


ვლადმირ პუტინი
ვლადმირ პუტინი

The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ უკრაინისათვის გაწეული დახმარების შესუსტება, რაც ბოლო დროს შეინიშნება აშშ-სა და ევროპაში, დიდი წინდაუხედაობაა.

„დასავლეთს ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო პუტინის გაწბილებისთვის. სურვილის შემთხვევაში, შეეძლო რუსეთზე აღმატებული სამრეწველო და ფინანსური რესურსების ამოქმედება. თუმცა, ამაში ხელი შეუშალა ფატალიზმმა, თვითკმაყოფილებამ და სტრატეგიული ხედვის შოკისმომგვრელმა ნაკლებობამ, განსაკუთრებით ევროპას. საკუთარი თავისა და უკრაინის გულისთვის დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა დააღწიოს თავი ლეთარგიას“, - წერს The Economist.

გამოცემა განმარტავს, რომ პუტინის გამარჯვებას შესაძლებლად მიიჩნევს იმიტომ, რომ გამარჯვებაში იგულისხმება არა იმდენად ტერიტორიების კონტროლი, რამდენადაც გამძლეობა.

არც რუსეთის და არც უკრაინის არმიას არ შეუძლია განდევნოს მოწინააღმდეგე მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან. უკრაინის კონტრშეტევა შეჩერებულია. რუსეთი ავდეევკისათვის ბრძოლაში ყოველდღიურად 900-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს.

ეს არის თავდაცვითი ომი და ის შეიძლება მრავალი წელი გაგრძელდეს.

სტატიის მიხედვით, ბრძოლის ველი გავლენას ახდენს როგორც პოლიტიკაზე, ასევე მორალურ სულისკვეთებაზე.

თუ უკრაინა უკან დაიხევს, კიევში დაპირისპირება უფრო გაძლიერდება. ისევე, როგორც დასავლეთში მოიმატებს ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინაში ფულისა და იარაღის გაგზავნა მფლანგველობაა.

2024 წელს რუსეთს უფრო ძლიერი პოზიციები ექნება ომის საწარმოებლად, რადგან მის განკარგულებაში იქნება მეტი დრონი და მეტი საარტილერიო ჭურვი, რადგან მისმა არმიამ შეიმუშავა რადიოელექტრონული ომის წარმატებული ტაქტიკა და რადგან პუტინი მზადაა არაფრად ჩააგდოს საკუთარი ხალხის საშინელი დანაკარგები.

მზარდი საგარეო მხარდაჭერა ნაწილობრივ ხსნის რუსეთის წარმატებას ბრძოლის ველზე. პუტინმა დრონები ირანიდან მიიღო, ხოლო რაკეტები - ჩრდილოეთ კორეიდან. მან დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ დაერწმუნებინა გლობალური სამხრეთის დიდი ნაწილი, რომ უკრაინის ბედი არცთუ ისე მნიშვნელოვანია მათთვის. თურქეთი და ყაზახეთი გადაიქცნენ არხებად, რომლებითაც რუსული სამხედრო მანქანა იკვებება.

დასავლეთის სქემა, შეზღუდოს რუსეთის შემოსავლები ნავთობზე ზღვრული ფასის (1 ბარელზე 60 დოლარი) დაწესებით, ჩაიშალა, რადგან გაჩნდა დასავლეთისთვის მიუწვდომელი პარალელური ვაჭრობის სტრუქტურა. რუსული Urals ნავთობის ფასი 64 დოლარია, რაც 2023 წლის დასაწყისის ფასთან შედარებით თითქმის 10%-ით მეტია.

პუტინი იმარჯვებს იმის გამოც, რომ მან გაიძლიერა პოზიციები რუსეთის შიგნით. ახლა ის აბსურდულად ეუბნება რუსებს, რომ ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან დასავლეთის წინააღმდეგ. უბრალო რუსებს შეიძლება არ მოსწონთ ომი, მაგრამ ისინი უკვე მიეჩვივნენ მას. ელიტამ გაზარდა კონტროლი ეკონომიკაზე და დიდ ფულსაც შოულობს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ კიევში ცუდი განწყობებია, - წერს გამოცემა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში დაბრუნდა პოლიტიკა და ხალხმა განაახლა გავლენისთვის ბრძოლა. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ზალუჟნი კონფლიქტში არიან. შიდა გამოკითხვები ცხადყოფს, რომ კორუფციულმა სკანდალებმა და უკრაინის მომავალზე შფოთვამ შეარყია ზელენსკის პოზიციები ამომრჩეველთა შორის.

ვალერი ზალუჟნი
ვალერი ზალუჟნი

დასავლეთის მთავრობები ამტკიცებენ, რომ კვლავინდებურად უკრაინის ერთგულები არიან, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბევრს ეჭვი ეპარება ამაში. ბაიდენის ადმინისტრაცია იბრძვის იმისთვის, რომ კონგრესმა უკრაინას დამატებით 60 მილიარდი დოლარი გამოუყოს. მალე ამ პროცესს საარჩევნო კამპანია შეუშლის ხელს. თუ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება ალბათ საერთოდ შეწყდება.

ევროპა უნდა მოემზადოს ასეთი საშინელი პერსპექტივისთვის, რომ ამერიკული დახმარება შენელდება, ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში. მაგრამ ევროპელი ლიდერები ისე იქცევიან, თითქოს გულუხვი ჯო ბაიდენი ყოველთვის თეთრ სახლში იქნება. ევროკავშირი 50 მლრდ ევროს დაჰპირდა უკრაინას, მაგრამ ამ ფულს უნგრეთი ბლოკავს.

The Economist-ის ავტორები მიიჩნევენ, რომ დეკემბრის ბოლოს ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს სიგნალი, რომ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის წევრობის შესახებ. მაგრამ ბევრი თვლის, რომ პროცესი შეგნებულად გაიწელება, რადგან გაფართოება რთული იქნება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მელონიმ განაცხადა, რომ ევროპა უკვე დაიღალა. შეიძლება გვეფიქრა, რომ ტრამპის პრეზიდენტობა გაზრდის ევროპის მხარდაჭერას უკრაინისადმი, რადგან ევროპამ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ დაცვაზე. თუმცა ერთ-ერთმა ლიდერმა პრივატულ საუბარში აღნიშნა, რომ მხარდაჭერა სინამდვილეში ფრაგმენტული იქნებაო.

„ეს კატასტროფა იქნებოდა. 2025 წლისთვის ომისგან გამოწვეულმა დაძაბულობამ შესაძლოა პუტინსაც შეუქმნას პრობლემები. რუსები შეიძლება სულ უფრო მეტად გააღიზიანოს იძულებითმა მობილიზაციამ, ინფლაციამ და სოციალური ხარჯების ჯარზე გადამისამართებამ. თუმცა, იმის იმედად ყოფნა, რომ პუტინის რეჟიმი დაინგრევა, უაზრობაა. მას შეუძლია წლების განმავლობაში დარჩეს ხელისუფლებაში და თუ ასე მოხდება, კვლავ მიმართავს ომის მუქარას, რათა ამით გაამართლოს შიდა რეპრესიები და საკუთარი ხალხის ტანჯვა“, - წერს The Economist-ი.

ამიტომ, ევროპამ უნდა დაგეგმოს თავისი მოქმედება იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი იქცევა მთავარ გრძელვადიან საფრთხედ მისი უსაფრთხოებისთვის.

ურზულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი), ვოლოდიმირ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი) და ჟოზეპ ბორელი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში). 2022 წ.
ურზულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი), ვოლოდიმირ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი) და ჟოზეპ ბორელი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში). 2022 წ.

„რუსეთი გადაიარაღდება. მას ექნება საბრძოლო გამოცდილება. ევროპის თავდაცვა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ პუტინმა არ იგრძნოს ფლანგების სისუსტე“, - წერს გამოცემა, რომლის მიხედვითაც, პუტინის შესაკავებლად კარგი იქნებოდა ევროპას ეჩვენებინა თავისი გაბედულება და შეუპოვრობა, რომ ბოლომდე ერთგულია აყვავებული, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული უკრაინისა. იარაღს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვას და შორი მანძილის რაკეტებს მტრის მომარაგების ხაზებზე იერიშების მისატანად.

სწორედ ამიტომ ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების ახალი ტრანშის დამტკიცება. რადგან მთელი არსენალი თითქმის ამოწურულია, მეტი ძალისხმევაა საჭირო დასავლელი იარაღის მწარმოებლების შესაძლებლობების გასაზრდელად. სანქციებიც უფრო ეფექტიანად უნდა იყოს მიმართული რუსეთის რეჟიმისა და ელიტის გახლეჩაზე.

ევროპაში პოლიტიკურ მოქმედებებს აქვს დიდი მნიშვნელობა. პუტინი შეუტევს უკრაინის ქალაქებს და ძირს გამოუთხრის უკრაინის საზოგადოებას, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის გარდაქმნას დასავლურ დემოკრატიად. საპასუხოდ, ევროპამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინის წინსვლის უზრუნველსაყოფად ფულის დაპირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გზით.

ევროპელი ლიდერები არ ცნობენ ამ ამოცანის მასშტაბს. მეტიც, ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს მას. ეს სიბრიყვეა. მათ ყურად უნდა იღონ ლევ ტროცკის შეგონება, რომ შეიძლება არ გაინტერესებდეთ ომი, მაგრამ ომი დაინტერესებულია თქვენით.

XS
SM
MD
LG