საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის განიხილეს საბჭოს დებულება.
ეთიკის საბჭო მორიგ სხდომაზე, სავარაუდოდ, თანათავმჯდომარეებს აირჩევს, რის შემდეგაც საქმიანობის პრაქტიკულ ნაწილზე, ანუ საჩივრების განხილვაზე გადავა. სრულფასოვან მუშაობას საბჭო, წინასწარი ინფორმაციით, სექტემბრიდან შეუდგება.
პარლამენტის ეთიკის კოდექსის რა დარღვევებზე შეიძლება დაიწეროს საჩივრები, თეორიულად ცნობილია. არსებობს მოსაზრებაც, რომ საჩივრების უმრავლესობის შედგენის საბაბი იქნება დეპუტატთა შორის ჩხუბი, რომელიც იშვიათობა არ არის პარლამენტში.
რა ეკრძალება დეპუტატს ეთიკის კოდექსით?
პარლამენტის ეთიკის კოდექსით დეპუტატის ქცევის წესები 16 პუნქტადაა გაწერილი. მათ შორის:
- დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება
- დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დეპუტატის სტატუსის გამოყენება ოჯახის წევრის ან ნათესავის ინტერესებისათვის
- საქართველოს პარლამენტის წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე
- დაუშვებელია თანამშრომლების დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით
- პარლამენტის წევრმა თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული მისი სამუშაოს აღწერილობით
- დეპუტატი ვალდებულია დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი გახადოს თავისი სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია
პოტენციური საჩივრები და პოტენციური განმცხადებლები
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ პოტენციურ საჩივრებს შორის პროცენტულად მეტი იქნება ისეთი საჩივრების რაოდენობა, რომლებიც დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების საფუძველზე შეიქმნება.
დეპუტატებს შორის არაკორექტული გამოთქმები და ზოგჯერ ფიზიკური შეხებაც საქართველოს პარლამენტარიზმისთვის უცხო არ არის, ამ მხრივ არც ბოლო, მე-9 მოწვევის პარლამენტია გამონაკლისი.
ლიკა საჯაიას აზრით, ეთიკის საბჭოში შესული საჩივრების რაოდენობა, ისევე როგორც საჩივრებზე რეაგირება, დამოკიდებული იქნება საზოგადოების განწყობაზე. იგი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსი კარგად იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებისა და მედიის მხრიდან დეპუტატების მიერ კოდექსის დარღვევებს სათანადო ინტერესი მოჰყვება.
Name and Shame-ეთიკის კოდექსი სანქციებს არ ითვალისწინებს
ეთიკის კოდექსის მიღებას საქართველოს პარლამენტს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა ავალდებულებდა. ეთიკის კოდექსი მე-9 მოწვევის პარლამენტმა მეორე ცდაზე, 2018 წლის მიწურულს მიიღო. თუმცა პირველი პროექტისგან განსხვავებით, კოდექსის მეორე, დამტკიცებული პროექტი დეპუტატთა მიერ ეთიკური ნორმების დარღვევის გამო სანქციებს აღარ ითვალისწინებს და შემდეგი რეგულაციებით შემოიფარგლება;
- დარღვევის დადგენის შემთხვევაში საბჭო დეპუტატს სარეკომენდაციო წერილით მიმართავს
- პარლამენტის ვებგვერდზე დარღვევის მცირე აღწერით გამოქვეყნდება იმ დეპუტატების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი.
მოქმედი ნორმებისგან განსხვავებით, ეთიკის კოდექსის პირველი პროექტი დეპუტატთა პასუხისმგებლობასაც განსაზღვრავდა:
- დეპუტატებს, ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, დაუკავდებოდათ ხელფასი (10%-დან 50%-მდე)
- შეუჩერდებოდათ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის უფლება.(მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში)
„პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის“
თუ დეპუტატები მიმართავენ ეთიკის საბჭოს, ნელ-ნელა პრეცედენტი დამკვიდრდება, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა არ არის...თამარ ჩუგოშვილი
რეაგირების ეფექტური მექანიზმის არარსებობის პირობებში, ეთიკის კოდექსი პრაქტიკულად ფორმალურ, მაგრამ მაინც პროგრესულ დოკუმენტად მიიჩნევა. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კოდექსი, შესაბამისად ეთიკის საბჭო, შესაძლებლობის ფარგლებში ეფექტურად იმუშავებს და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების მიხედვით ეტაპობრივად გაუმჯობესდება.
„თუ დეპუტატები მიმართავენ ეთიკის საბჭოს, ნელ-ნელა პრეცედენტი დამკვიდრდება, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა არ არის", - განაცხადა, ეთიკის საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობის შეფასებისას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევა კი, რომელიც მან ახსენა, დეპუტატებს გიორგი ვოლსკისა და გიგა ბოკერიას შორის 11 ივნისს განვითარდა პარლამენტში.
ეთიკურები და არაეთიკურები ეთიკის საბჭოში
დეპუტატთა ეთიკურ გადაცდომებზე პარლამენტის ეთიკის საბჭო 14 კაცის შემადგენლობით იმსჯელებს. საბჭოში შვიდი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, სამი - „ევროპულ საქართველოს“, ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი „პატრიოტთა ალიანსს“, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
„ქართული ოცნებიდან“ ეთიკის საბჭოს წევრები არიან: ირინა ფრუიძე; ნინო წილოსანი; რუსლან გაჯიევი; კობა ლურსმანაშვილი; გენადი მარგველაშვილი; რატი იონათამიშვილი; რუსლან პოღოსიანი. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან ოთარ კახიძე; ხათუნა გოგორიშვილი და სერგი კაპანაძე. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საბჭოში შევიდა მამუკა ჩიქოვანი. ემზარ კვიციანი წარმოადგენს „პატრიოტთა ალიანსს“. დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით შევიდნენ საბჭოში ეკა ბესელია და რამაზ ნიკოლაიშვილი.
ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როცა სავარაუდო დარღვევა ეთიკის საბჭოს წევრს ეკუთვნის. ასეთ დროს საბჭო გადაწყვეტილებას ამ წევრის გარეშე იღებს, ხოლო ფრაქციას აქვს საშუალება დროებით იგი სხვა დეპუტატით ჩაანაცვლოს.