Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მიღებული განაჩენი: ალბერ კამიუ კგბ-მ მოკლა?


ალბერ კამიუ (1913–1960)
ალბერ კამიუ (1913–1960)

1960 წლის 4 იანვარს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ალბერ კამიუ, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, ავტორი სახელგანთქმული წიგნებისა „შავი ჭირი“ და „უცხო“. ავტომობილი, რომელსაც გამომცემელი მიშელ გალიმარი მართავდა, მოულოდნელად ხეს შეეჯახა. მაშინ ბევრს უჩვეულოდ ეჩვენა, რომ კატასტროფა მოხდა სწორი გზის გრძელ მონაკვეთზე, რომელზეც არ იყო გაცხოველებული მიმოსვლა. მაგრამ პოლიციამ ინციდენტი ჩვეულებრივ ავარიად მიიჩნია და მიზეზად ბორბლის გაუმართაობა დაასახელა. Facel-Vega-ს მარკის ავტომობილი დაილეწა, მიშელ გალიმარი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მიშელ გალიმარის ავტომობილი კატასტროფის ადგილზე. 1960 წ. 5 იანვარი.
მიშელ გალიმარის ავტომობილი კატასტროფის ადგილზე. 1960 წ. 5 იანვარი.

1980 წელს ჩეხმა მწერალმა და მთარგმნელმა იან ზაბრანამ (1931–1984) თავის დღიურში დაწერა, რომ კამიუს სიკვდილი არ იყო შემთხვევითობა.

კამიუ კგბ-ს აგენტის მიერ სტეპან ბანდერას მკვლელობიდან სამ თვეში დაიღუპა

მისი სიტყვებით, სსრკ-სთან კავშირების მქონე კარგად ინფორმირებულმა ადამიანმა მას შეატყობინა, რომ ეს იყო კგბ-ს მიერ მომზადებული თავდასხმა. „მათ საბურავში მოათავსეს ინსტრუმენტი, რომელმაც ის გახეთქა მაღალ სიჩქარეზე მოძრაობის დროს“. მისი თქმით, ოპერაცია ჯერ კიდევ 1957 წელს იქნა ჩაფიქრებული დმიტრი შეპილოვის მიერ. სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი გაცოფებული იყო კამიუს სტატიით „კადარი და მისი შიშის დღე“, რომელშიც საქმე ეხება შეპილოვის პასუხისმგებლობას უნგრეთში სისხლისღვრისთვის. კამიუ წერდა სიტყვაზე, რომელიც შეპილოვმა გაეროში წარმოთქვა. მასში ის ამართლებდა უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას, ასევე აკრიტიკებდა „დასავლურ ხელოვნებას“​.

დმიტრი შეპილოვი (1905–1995)
დმიტრი შეპილოვი (1905–1995)

შეპილოვს, რომელიც საბჭოთა ხელმძღვანელობაში კონსერვატორებს განეკუთვნებოდა, მალე დაუპირისპირდა ხრუშჩოვი და სსრკ-ის ახალმა ლიდერმა ის მიაკუთვნა ანტიპარტიული ჯგუფის მონაწილეებს. ისტორიას შემორჩა გამოთქმა „და მათ მიკედლებული შეპილოვი“. 1957 წლის ზაფხულში მას ყველა თანამდებობა დაატოვებინეს. მაგრამ, თუკი ამ ვერსიას დავუჯერებთ, კამიუს მოშორების შესახებ მისი გადაწყვეტილება კვლავაც მიზანშეწონილად მიიჩნეოდა.

„როგორც ჩანს, დაზვერვას სამი წელი დასჭირდა ბრძანების შესასრულებლად, - წერს ზაბრანა თავის დღიურში. - ბოლოს და ბოლოს მათ ეს მოახერხეს და დღემდე ყველას ეგონა, რომ კამიუ უბრალოდ საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. ჩემმა თანამოსაუბრემ არ გამიმხილა თავისი წყარო, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს აბსოლუტური სიმართლეა“.

სსრკ უკიდურესად გაღიზიანებული იყო საერთაშორისო კამპანიით, რომელსაც უნგრეთში საბჭოთა ინტერვენციით აღშფოთებული კამიუ აწარმოებდა

ზაბრანა დისიდენტი იყო და მისი დღიურები „ჩემი ცხოვრება“ ჩეხეთში, ვაცლავ ჰაველის წინასიტყვაობით, მხოლოდ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ გამოვიდა. კამიუს სიკვდილზე ჩანაწერს პირველად იტალიელმა მწერალმა ჯოვანი კატელიმ მიაქცია ყურადღება. 2011 წელს მან დაიწყო გამოძიება, 2013 წელს გამოაქვეყნა წიგნი „კამიუ უნდა მოკვდეს“, 2019 წლის შემოდგომაზე კი საფრანგეთში, მწერლის სიკვდილის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით, გამოვიდა განვრცობილი გამოცემა - „კამიუს სიკვდილი“.

იან ზაბრანა (1931–1984)
იან ზაბრანა (1931–1984)

უცხოეთში წერტილოვანი დარტყმების სტალინური პროგრამა, რომლის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი იყო ლევ ტროცკი, ხურშჩოვის დროსაც გრძელდებოდა. 1957 წლის 12 ოქტომბერს მიუნხენში მოკლეს იურისტი ლევ რებერი, 1959 წლის 15 ოქტომბერს - სტეპან ბანდერა.

კგბ შეეცადა, მკვლელობები უბედურ შემთხვევებად გაესაღებინა

ცნობილია, რომ ხრუშჩოვი პირადად ადევნებდა თვალს ამ სპეცოპერაციებს. ორივე შემთხვევაში კგბ შეეცადა, მკვლელობები უბედურ შემთხვევებად გაესაღებინა: რებეტის სიკვდილის მიზეზად ჯერ ინფარქტი დაასახლეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა დეტალები, მას მერე, რაც კგბ-ს აგენტი ბოგდან სტაშინსკი, რომელსაც თავისი ბოროტმოქმედებებისთვის წითელი დროშის ორდენი ჰქონდა მიღებული, 1961 წელს დასავლეთში გაიქცა.

თუკი დავუჯერებთ კატელის წიგნში გადმოცემულ ვერსიას, სტეპან ბანდერას სიკვდილიდან სამ თვეში კგბ-ს მიერ გულდასმით შემუშავებულ ოპერაციას ალბერ კამიუ ემსხვერპლა.

წიგნი „კამიუ უნდა მოკვდეს“, იტალიური გამოცემა.
წიგნი „კამიუ უნდა მოკვდეს“, იტალიური გამოცემა.

წიგნი „კამიუს სიკვდილი“ სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა ევროპული სპეცსამსახურები და გამომძიებელი ჟურნალისტები პოულობენ იმის ახალ მტკიცებულებებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები განაგრძობენ რეჟიმისთვის არასასურველ პირთა მოშორების პროგრამას და საამისოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ - ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი სკრიპალი და ემელიან გებრევი მოწამლეს, ზელიმხან ხანგოშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ხოლო, როგორც BuzzFeed-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი, მილიონერი სკოტ იანგი და მისი რამდენიმე ნაცნობი სხვადასხვა საშუალებით მოკლეს ისე, რომ ბრიტანეთის პოლიციას შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მათ თავი მოიკლეს. არის საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პრესის ყოფილი მინისტრი ლესინი, აგრეთვე ბიზნესმენები ბორის ბერეზოვსკი და ალექსანდრ პერეპელიჩნი ასევე მოკლეს.

რებეტსა და ბანდერაზე თავდასხმის მოტივები ნათელია, მაგრამ რატომ კამიუ? ცხადია, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი საბჭოთა ხელმძღვანელობას არა მხოლოდ იმით აღიზიანებდა, რომ იმ დროისთვის თანამდებობადაკარგულ შეპილოვს აკრიტიკებდა.

იან ზაბრანას დღიური პრაღაში გამოვიდა ვაცლავ ჰაველის წინასიტყვაობით.
იან ზაბრანას დღიური პრაღაში გამოვიდა ვაცლავ ჰაველის წინასიტყვაობით.

საფრანგეთის კომპარტიას 1950-იანი წლების ბოლოს რთული პერიოდი ჰქონდა. უნგრეთის 1956 წლის მოვლენებამდე ის მრავალი ინტელექტუალის მხარდაჭერით სარგებლობდა, პირველ რიგში მისი მხარდამჭერი იყო ჟან-პოლ სარტრი. იდეოლოგიური დავის გამო შეწყდა სარტრისა და კამიუს მეგობრობა. ესეში „მეამბოხე ადამიანი“ (1951) კამიუმ დაგმო რევოლუციური ძალადობა, რომელიც იმას ემსახურება, რომ ისტორია შემოატრიალოს საჭირო მიმართულებით და დაამყაროს „სამართლიანობა, რომელიც ესწრაფვის ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩახშობას და კლავს თავისუფლებას“. სსრკ-იდან ჩამოსული ცნობებით შეძრწუნებულ კამიუს შესანიშნავად ესმოდა, რომ ეს იყო უკანონობის ქვეყანა. სარტრს, რომელიც „სამართლიანობისთვის“ ძალადობას ამართლებდა, მიაჩნდა, რომ კომუნისტური საზოგადოების აშენებისთვის აუცილებელია დაუნდობელი რევოლუცია, ვინაიდან საჭიროა არსებული წესრიგის აღგვა პირისაგან მიწისა. სარტრს, ისევე როგორც ბევრს მემარცხენე ინტელექტუალს, თვალები აეხილათ 1956 წელს, პარტიის XX ყრილობაზე ხრუშჩოვის გამოსვლისა და უნგრეთის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ. და მაინც, საფრანგეთის კომპარტია ძლიერი რჩებოდა, საბჭოთა კავშირს კვლავაც არ ჰყავდა ცოტა მეგობარი, კგბ-ს აგენტურა კი საფრანგეთში თავს თავისუფლად გრძნობდა.

კამიუს აშფოთებდა ევროპაში პროსაბჭოთა განწყობის ზრდა და ფრანგი მემარცხენეების მზადყოფნა, თვალები დაეხუჭათ უნგრეთსა და სხვა დამონებულ სახელმწიფოებში ჩადენილ დანაშაულებებზე; ძალადობის ექსპანსიის არდანახვის სურვილი „არაბულ აღორძინებაში“, რომელსაც სსრკ უწევდა დახმარებას.

ჟაკ ვერჟესი ლიბანელი ტერორისტის სასამართლო პროცესზე (1986).
ჟაკ ვერჟესი ლიბანელი ტერორისტის სასამართლო პროცესზე (1986).

წიგნში „კამიუს სიკვდილი“ ჯოვანი კატელი იმოწმებს ჯაკ ვერჟესს (1925–2013), ცნობილ „ეშმაკის ადვოკატს“, რომელიც იცავდა ალჟირელ

ლიკვიდაციის გეგმა საფრანგეთში ხრუშჩოვის ვიზიტის წინ აამოქმედეს

ტერორისტებს, ტერორისტ კარლოსს, ნაცისტ ბოროტმოქმედ კლაუს ბარბიესა და სლობოდან მილოშევიჩს. თუკი ვენდობით მის მეგობარს, იტალიელ იურისტ ჯულიანო სპაცალის, ვერჟესმა იცოდა იმის შესახებ, რომ კამიუ საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იქნა ლიკვიდირებული. მეტიც, მას მიაჩნდა, რომ საფრანგეთის დაზვერვამ იცოდა, რომ კგბ კამიუს მოკვლას აპირებდა, მაგრამ არ ერეოდა, რათა არ ევნო საფრანგეთ-სსრკ-ის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

1960 წლის მაისში, კამიუს სიკვდილიდან რამდენიმე თვეში, ნიკიტა ხრუშჩოვი პარიზში ჩავიდა ვიზიტით. თავის მოგონებებში ის ჰყვება, როგორ ზეწოლას ახდენდა სსრკ საფრანგეთზე, როგორ აშინებდა გერმანიის ეკონომიკის გაძლიერებით და ემუქრებოდა მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებით, თუკი საფრანგეთი გააგრძელებდა პოლიტიკას, რომელიც ნატოს ყველაზე აგრესიული ძალების ფარვატერში მოძრაობდა.

ნიკიტა ხრუშჩოვი და შარლ დე გოლი პარიზში, 1960 წლის მაისი.
ნიკიტა ხრუშჩოვი და შარლ დე გოლი პარიზში, 1960 წლის მაისი.

„როცა შეისწავლი მტკიცებულებებს, რომლებსაც გვთავაზობს კატელი, ძნელია, არ დაეთანხმო მას. ამგვარად, „საავტომობილო კატასტროფა“ ახლა უნდა განხილულ იქნეს, როგორც „პოლიტიკური მკვლელობა“. ასეთ დასკვნამდე მიდის ცნობილი ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა „კამიუს სიკვდილს“.

კამიუს გავლენიანი მტრები ჰყავდა და მისი მოშორებით ბევრი შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული

ჯოვანი კატელი არის პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი, აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტი, ЕаST Journal-ის თანამშრომელი. კამიუს სიკვდილის გარემოებებზე კატელის გამოკვლევა მხოლოდ უკანასკნელ ხანებში შენიშნეს რუსეთში. რუს ექსპერტებს არ უწარმოებიათ დამატებითი კვლევა. 8 წლის წინ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომელშიც მოტანილია კამიუს ბიოგრაფის, მიშელ ონფრეს მოსაზრება, რომ მოწყობილი კატასტროფის ვერსია არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან მწერალი მატარებლით აპირებდა პარიზში გამგზავრებას და მხოლოდ უკანასკნელ მომენტში გადაწყვიტა, მიშელ გალიმარის მანქანით მგზავრება. „კგბ-ს განკარგულებაში იყო მრავალი საშუალება, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა კამიუს განადგურება. საბჭოელებს, სავარაუდოდ, მართლაც უნდოდათ, რომ გასწორებოდნენ კამიუს, მაგრამ არა ამ გზით,“ წერს ონფრე.

Guardian-ი იმოწმებს ლიტერატურათმცოდნე ელისონ ფინჩს, რომელიც არადამაჯერებელს უწოდებს ვერჟესის ვარაუდს, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურებმა იცოდნენ თავდასხმის მზადების შესახებ და შეგნებულად გადგნენ განზე. „ეს ნიშნავს, რომ მკვლელობას მხარი დაუჭირეს ყველაზე მაღალ დონეზე, შესაძლებელია, დე გოლის დონეზეც. ეს არადამაჯერებლად მიმაჩნია. დე გოლი თავად იყო მწერალი, ძალიან აფასებდა ფრანგ ინტელექტუალებს, მათ შორის იმათაც, რომლებსაც არ ეთანხმებოდა.“

ჯოვანი კატელი, ავტორი წიგნისა „კამიუს სიკვდილი“.
ჯოვანი კატელი, ავტორი წიგნისა „კამიუს სიკვდილი“.

მიუხედავად ამ კრიტიკისა, ჯოვანი კატელი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აი, რა უამბო მან რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

– კგბ-მ მრავალი მკვლელობა მოაწყო საზღვარგარეთ და რუსეთის სპეცსამსახურები განაგრძობენ ხალხის მოკვლას, მაგრამ მაინც ძნელია იმის დაჯერება, რომ ხრუშჩოვმა მოიწონა 1960 წელს ცნობილ ფრანგ მწერალზე თავდასხმა. რისთვის დასჭირდა მას ეს?

კამიუს დაკრძალვაზე ღიად ლაპარაკობდნენ, რომ ავარია მოწყობილი იყო

– სსრკ-ისა და გულაგის შესახებ სარტრთან დისკუსიის შემდეგ კამიუ იმ წლებში საფრანგეთის კომპარტიის აგრესიული კრიტიკის ობიექტი იყო. გარდა ამისა, სსრკ უკიდურესად გაღიზიანებული იყო საერთაშორისო კამპანიით, რომელსაც ატარებდა უნგრეთში საბჭოთა ინტერვენციით აღშფოთებული კამიუ. ის პირდაპირ აკრიტიკებდა საგარეო საქმეთა მინისტრ შეპილოვს, რომელმაც, როგორც წერს იან ზაბრანა, გასცა მისი განადგურების ბრძანება. თუკი ვერჟესს ვენდობით, ადრე მომზადებული ლიკვიდაციის გეგმა აამოქმედეს საფრანგეთში ხრუშჩოვის ვიზიტის წინ, რათა ახალშობილი სსრკ-საფრანგეთის მეგობრობისთვის არაფერს შეეშალა ხელი.

– როგორი იყო კამიუს პოლიტიკური შეხედულებები?

წიგნის ფრანგული გამოცემა, 2019.
წიგნის ფრანგული გამოცემა, 2019.

– კამიუ ბუნებით ანარქისტი იყო და პოლიტიკურ თემებზე მისი ნააზრევი ძირითადად ანარქისტულ ჟურნალებში ქვეყნდებოდა. ის იმედგაცრუებული იყო საბჭოთა კავშირში შექმნილი ვითარებით და მკვეთრად აკრიტიკებდა გულაგის სისტემას, მაშინ, როცა სარტრი სსრკ-ს იცავდა. კამიუს გამორჩეული ჟურნალისტური და პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა: ის წერდა უნგრეთში საბჭოთა ინტერვენციაზე, მდგომარეობაზე საფრანგეთის ალჟირში, ფრანკოს ფაშისტურ დიქტატურაზე ესპანეთში. მას მოუმრავლდნენ გავლენიანი მტრები და მისი მოშორებით ბევრი შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული.

– ტექნიკურად როგორ განხორციელდა თავდასხმა?

– იან ზაბრანას თქმით, რომელსაც საბჭოთა სპეცსამსახურებთან დაახლოებული წყარო ჰყავდა, სპეციალური ინსტრუმენტით დააზიანეს იმ ავტომანქანის საბურავი, რომელშიც მგზავრობდნენ კამიუ და გალიმარი, რათა დიდ სიჩქარეზე მოეშალათ ის. მანქანა მძლავრი იყო, გალიმარს კი უყვარდა სწრაფად ტარება.

– 1960 წელს პოლიციას ეჭვი ეპარებოდა უბედური შემთხვევის ვერსიაში?

– როგორც ჩანს, პოლიციას არ ჩაუტარებია გამოძიება და მაშინვე შეჩერდა უბედური შემთხვევის ვერსიაზე; ითვლებოდა, რომ საბურავი გარეშე ზემოქმედების გარეშე გასკდა. მაგრამ კამიუს ერთ-ერთმა ახალგაზრდა მეგობარმა, რომელიც ახლა ცოცხალია, შემატყობინა, რომ მას მაშინვე გაუჩნდა თავდასხმის ეჭვი, და რომ კამიუს დაკრძალვაზე ბევრნი, მათ შორის Cahiers du Sud-ის გამომცემელი ჟან ბალარი ღიად ამბობდნენ, რომ ეს მოწყობილი ავარია იყო. მაგრამ ამ ხმებს ყური არ ათხოვეს იმ დროს, როცა კულტურულ სცენაზე სარტრი და კომპარტია ბატონობდნენ.

– არსებობს თქვენი ვერსიის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ მხოლოდ ირიბი საბუთები მოგეპოვებათ?

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ კამიუ მოკლეს

– წიგნში გადმოცემული ვერსია საბუთებს ემყარება; პოლიციის მონაცემები ადასტურებს, რომ ავარია მოხდა საბურავის გამო, ამას ამტკიცებდა ზაბრანაც. ვერჟესის მტკიცებულება ძალიან მნიშვნელოვანია, ის მთლიანად იყო ინტეგრირებული კომუნისტურ წრეებში და არ იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის მიმართ ცილისწამებაში.

– მოახერხეთ იმის დადგენა, ვის შეიძლებოდა მიეწოდებინა ინფორმაცია ზაბრანასთვის?

– ამ საკითხზე ვესაუბრე ზაბრანას ქვრივს და სამი ადამიანი ამოვარჩიეთ - სამივე დადიოდა მოსკოვში და სერიოზული კავშირები ჰქონდათ.

– როგორ დაიწყო თქვენი გამოძიება და გრძელდება თუ არა ის?

– ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ კამიუ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მწერალი, მოკლეს. მაგრამ არ ვიყავი იმაში დარწმუნებული, ვინ იყო დამნაშავე, ვინაიდან პოლიტიკურ თემებზე გამოსვლებით კამიუმ ბევრი მტერი გაიჩინა. ვფიქრობდი ფრანგულ ან ალჟირულ მოტივებზე. ალჟირის ეროვნული განთავისუფლების ფრონტი მას სიკვდილით ემუქრებოდა. როცა ზაბრანას ჩანაწერები წავიკითხე, დავიწყე გამოძიება და თანდათან მივედი დასკვნამდე, რომ მტკიცებულება საკმაოდ დასაბუთებულია, და წიგნის დაწერა გადავწყვიტე. მერე, მილანში პრეზენტაციის დროს, ცნობილმა იტალიელმა იურისტმა, რომელიც ვერჟესთან მეგობრობდა, საკუთარი მტკიცებულება წარმომიდგინა. მე გავაგრძელე გამოძიება და გაჩნდა ახალი თავები, რომლებიც არგენტინულ და ფრანგულ გამოცემებში არის წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG