Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკოსთა ჯგუფი საველე ჰოსპიტლით - ყველაზე გონივრული დახმარება სომხეთს საქართველოსგან


სანდრო ჩუმაშვილი 18 წლისაა. სკოლა წელს დაამთავრა. სწორედ სანდროა სომხეთის მხარდამჭერი პეტიციის ავტორი, რომელიც 4 ივნისს, მას შემდეგ დაწერა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა, რომ ქვეყანას ჰყავს კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, თუმცა, იმის გამო, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის, ეს ვერ ხერხდება.

„მე არც ეპიდემიოლოგი ვარ და არც საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტი, თუმცა, ვხედავ, რამდენად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა მეზობელ სახელმწიფოში და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუკი, საქართველოს მთავრობა რაიმე ტიპის დახმარებას გაუწევს სომხეთს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პეტიციის დაწერა. ჩემი მიზანი იყო, რომ საზოგადოების ხმა მიმეწვდინა იმ პირებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და მგონია, რომ ეს მიზანი შესრულდა. გუშინ, საღამოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთს და თქვა ისიც, რომ გუშინ, ამ საკითხზე სომეხ კოლეგასაც ესაუბრა“.

რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს საქართველომ სომხეთს? - ამ კითხვას სანდრო ასე პასუხობს:

„თუკი იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი ექიმების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული, მაშინ შესაძლოა, რომ ადამიანური რესურსით გავუწიოთ დახმარება. შესაძლოა, ექიმთა ჯგუფი გაემგზავროს სომხეთში. ანდა, თუნდაც მცირე რაოდენობით პაციენტები მივიღოთ საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ექიმთა უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული“, - ფიქრობს სანდრო.

პეტიციას, რომელიც 4 ივნისს შეიქმნა და რამდენიმე ასეული ხელმომწერი ჰყავს, გამოხმაურება მოჰყვა სომხეთშიც, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ქართული საზოგადოების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას, სომეხი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მადლიერების გრძნობით ხვდებიან. მათ შორის არის სომხურ-ქართული საპარალემნტთაშორისო მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლენა ნაზარიანი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ის მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ქართველ ხალხს:

„ძვირფასო ქართველო პარტნიორებო, როგორც სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, გამოვხატავ მადლიერებას კოლეგებისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში მხარდაჭერისათვის. ჩვენმა ძვირფასმა ქართველმა და სომეხმა ხალხმა, ათასწლეულების განმავლობაში, მრავალი გამოწვევა გადალახა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ. დიდი მადლობა“, - წერს ლენა ნაზარიანი სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება საქართველოს მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერის სურვილს „გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელი, სტეპან გრიგორიანი:

„COVID19-ის გამო, სომხეთს მძიმე დრო უდგას. დღეს უამრავი ზარი, მეილი და მესიჯი მივიღე ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომლებიც მხარდაჭერას გვთავაზობენ. გარდა ამისა, ვნახე არაერთი განცხადება, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები, გამოთქვამენ მზადყოფნას, დაეხმარონ სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში. დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა ძალიან ძვირფასია!“, - წერს „ფეისბუკში“ სტეპან გრიგორიანი.

ქართველი ხალხის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერის სურვილს, რომ სომხეთში დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს სომხური სათემო პლატფორმა „არძაგანქის“ ხელმძღვანელი, გიორგი ტუმასიანიც:

„სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს და მადლიერებას გამოხატავენ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი ორმხრივი ურთიერთობებისთვის სახალხო დონეზე და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ერთმანეთთან ეს ორი ქვეყანა. ახლა დგას სწორედ ის დრო, როდესაც გეოპოლიტიკური საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს და ადამიანური მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ. მგონია, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე გონივრული იქნება, კონსულტაციები და რჩევების გაზიარება სომხეთისთვის, რადგან ვხედავთ, რომ სწორედ ეპიდემიის შეჩერების მექანიზმების განხორციელება უჭირს სომხეთს. ამ მიმართულებით კი საქართველომ ნამდვილად წარმატებული გამოცდილება დააგროვა. მეორე ეტაპზე, შესაძლოა, განიხილებოდეს პაციენტების საქართველოში მკურნალობა, თუმცა, ამას ცხადია, სპეციალისტების მხრიდან დეტალური დაგეგმვა და გათვლა სჭირდება“.

სომხეთს საქართველოსთვის დახმარების თხოვნით, ამ დრომდე, არ მოუმართავს. აპირებს თუ არა საქართველო რაიმე ტიპის მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ 4 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური ურთიერთობაა კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ:

„აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ერთია, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული სურვილი, რომ საქართველომ დახმარება გაუწიოს მეზობელ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მეორეა, შეუძლია თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დახმარება გაუწიოს სომხეთს? ან რა ტიპის დახმარების გაწევა იქნება ყველაზე გონივრული ასეთ სიტუაციაში?

ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თვლის, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე ლოგიკური დახმარება, რაც კი საქართველომ შეუძლია გაუწიოს სომხეთს, ეს არის მობილური საველე ტიპის ჰოსპიტლითა და ექიმთა ჯგუფით დახმარება:

„პირველ რიგში, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს კოორდინირებული მთავრობებს შორის. როგორც ვიცი, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ამასთან დაკავშირებით სომხეთთან კომუნიკაცია აქვთ. რაც შეეხება ჩვენს რესურსს, მართალია, ამ ეტაპზე, ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი თავისუფალია და ცოტა პაციენტი გვყავს და შეიძლებოდა, მაგალითად, სომხეთიდან პაციენტების მიღების ორგანიზება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს რაოდენობრივად მათთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ასეთი ტიპის დახმარებას მხოლოდ ფორმალური ჟესტის სახე ექნება. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალი რისკია ამ ტიპის პაციენტების შორ გზაზე ტრანსპორტირება ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით და მეორე, თავად პაციენტების მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალური იქნება, ექიმთა და ექთანთა მობილური ჯგუფითა და საველე ჰოსპიტლით დახმარება, რომლებიც შეძლებენ დიდი ცხელების ცენტრის ორგანიზებას და ამით მართლაც მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევენ სომხეთს. ეს იქნება ყველაზე ქმედითი დახმარება ჩვენი მხრიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ კალოიანი.

ერთი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სომხეთში დრამატულად მატულობს. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში ჯამში 11 817-ს მიაღწია COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ. განიკურნა 3513- პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა 183-ს აღწევს.

XS
SM
MD
LG