Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კანონპროექტი კიევის მხარეზე მებრძოლ მოხალისეებსა და პოლიტიკურ ემიგრანტებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს


უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსი, ბელორუსი და ქართველი მებრძოლები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსი, ბელორუსი და ქართველი მებრძოლები.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კიევის მხარეზე მებრძოლ მოხალისეებსა და პოლიტიკურ ემიგრანტებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. დოკუმენტი ასევე ეხება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს.

კანონპროექტი სამშაბათს გაიტანეს კენჭისყრაზე. მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის მარეგულირებელ კანონში ცვლილებები ხელმოწერისთვის წარედგინა პრეზიდენტს. ხელმოწერის შემდეგ ის ოთხი თვის განმავლობაში შევა ძალაში.

უკრაინის პასპორტზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს არმიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. დოკუმენტი ასევე გავრცელდება 2014 წლიდან ქვეყნის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების მონაწილეებზე. უკრაინის კანონმდებლობაში მას ანტიტერორისტული ოპერაცია ეწოდება.

ომის მონაწილეთა გარდა, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მათ მეუღლეებს და შვილებს, ომში დაღუპული უცხოელების მეუღლეებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკურ დევნას განიცდიდნენ. განცხადების შეტანის დროს მებრძოლი უცხოელი ან მისი მეუღლე და შვილები კანონიერად უნდა იმყოფებოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში, პოლიტიკური ემიგრანტებისთვის ხუთწლიანი ცენზი მოქმედებს.

სამხედრო მოქალაქეობის მიღების პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს განცხადება თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა შემსუბუქდა - აპლიკანტს ომის დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში შეუძლია გამოცდის ჩაბარება უკრაინულ ენაში, კონსტიტუციის საფუძვლებსა და ქვეყნის ისტორიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG