Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" ახალ პარლამენტს კრებს - რა ხდება პირველ დღეს და შემდეგ


XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა "ქართულმა ოცნებამ" 25 ნოემბერს დაგეგმა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პროტესტის მიუხედავად.
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა "ქართულმა ოცნებამ" 25 ნოემბერს დაგეგმა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პროტესტის მიუხედავად.

„ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის 25 ნოემბერს ჩასატარებლად ემზადება, ხელშემშლელი ფაქტორების, მრავალმხრივი უთანხმოებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად.

სახელისუფლებო პარტია დაბრკოლებად არ განიხილავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - არ დანიშნოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს და არც იმას, რომ არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - „ოცნება“ პირველ სხდომაზე მარტო იქნება.

ტექნიკურად, პირველი სხდომის გასამართად, „ქართულ ოცნებას“ ცესკოს შედეგებით მიღებული 89 მანდატი ჰყოფნის. თუმცა მანდატების ეს რაოდენობა ყველაფერს არ ეყოფა.

უხუცესი - პრეზიდენტის ნაცვლად

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად - ახალარჩეული პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუკი სხდომაზე რეგისტრაციას გაივლის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (ანუ 76 დეპუტატი მაინც). ამ ეტაპს „ოცნება“ უპრობლემოდ გადალახავს.

კანონის თანახმად, პირველი სხდომა პრეზიდენტმა უნდა გახსნას, სალომე ზურაბიშვილი სხდომაზე არ მივა; მაგრამ, კანონშივე წერია, რომ - პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ეს ფუნქცია პარლამენტის უხუცესმა წევრმა უნდა შეასრულოს. ცესკოს შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ყველაზე უხუცესი 71 წლის ლადო კახაძეა - „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან.

უხუცესი დეპუტატი პარლამენტის პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და სხვა მოადგილეებს პირველსავე სხდომაზე აირჩევენ. „ოცნებას“ მანდატები ამისთვისაც ეყოფა - 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია.

„ოცნებამ“ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ შალვა პაპუაშვილს აირჩევენ.

თუმცა პარლამენტის ხელმძღვანელი პირების არჩევამდე, პირველ სხდომაზე, თავად პარლამენტის უფლებამოსილების საკითხი უნდა გადაწყდეს.

სხდომათა დარბაზში შეკრებილ მომავალ დეპუტატებს, უფლებამოსილების ცნობამდე, დროებითი მანდატები აქვთ, რომლებსაც ცესკო გასცემს. პარლამენტის აპარატი მათ ამ „დროებითი მოწმობების“ საფუძველზე არეგისტრირებს, ხოლო სხდომაზე გამოცხადების დასტურად, ისინი სარეგისტრაციო ფურცელზე აწერენ ხელს.

შემდეგ, ხმების უმრავლესობით [მაგრამ არანაკლებ 30 ხმისა] აირჩევენ:

  • პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას - 11 წევრის შემადგენლობით. თვითონ ეს შემადგენლობა აირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს კენჭისყრის პროცესს, ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს.
  • პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას - 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავად აირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. ეს კომისია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ფუნქციებს ასრულებს და ამ კომიტეტის დაკომპლექტების შემდეგ წყვეტს არსებობას.

ამის შემდეგ დგება საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობის ჯერი.

დეპუტატების, პარლამენტის უფლებამოსილება

პარლამენტს მიმართავს ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

ეს მასალები მოიცავს ინფორმაციას: საარჩევნო ოქმების, არჩევნების შედეგების, ჩატარების სისწორის, საჩივრების თუ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. ასევე მასალებს - პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ.

ცესკოს მასალების შესწავლის შემდეგ, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შედეგებს მოახსენებს პარლამენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის წევრთა ერთიან სიას. სია მტკიცდება დადგენილებით.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ერთიან სიაში ვერ მოხვდება იმ პირის გვარი:

  • რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;
  • რომელიც საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

თუკი პარლამენტის პირველ სხდომაზე ვერ მოახერხებენ, სულ ცოტა - 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს და სხდომა წყდება.

შემდეგი სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს, 10 დღის ფარგლებში მას შემდეგ, რაც დეპუტატთა რაოდენობის 100-მდე გაზრდის საფუძველი შეიქმნება.

სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება ბოლო დღეების ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებს უკავშირდება. ეს სარჩელები საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისა და შედეგების გაბათილების მოთხოვნით შემუშავდა.

  • კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელებზე საბოლოო გადაწყვეტილება არ ექნება, პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, ერთიან სიაში, 150-დან, ვერცერთი დეპუტატის გვარს ვერ შეიტანენ.
  • საკითხის სხვანაირად ხედავს „ქართული ოცნება“. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ერთიან სიაში ვერმოხვედრა მხოლოდ იმ დეპუტატს ემუქრება, რომლის სტატუსის საკითხიც ინდივიდუალურად არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში, ვთქვათ - ასაკობრივი ცენზის გამო.

„ოცნება“ აცხადებს, რომ პირველი სხდომის ჩატარებისას, ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევს - საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებს.

ასევე სადავოა თავად პირველი სხდომის შეკრების საკითხი. იურისტებს შორის აზრი ორად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ - სხდომის შეკრება არაკანონიერია, თუკი მას პრეზიდენტი არ დანიშნავს, ხოლო მეორეთა პოზიციით, ეს ფაქტორი ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის შეკრებას.

თუკი სხდომა არ შეწყდება

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ.

  • ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე.
  • ფიცის ტექსტის მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ სიტყვას - „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს.
  • ეს პროცესი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“, - ასეთია დეპუტატების ფიცის ტექსტი.

პირველ სხდომაზე წყდება ასევე ფრაქციების შექმნის საკითხი და იწყება მუშაობა კომიტეტების დაკომპლექტებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის შემდეგ, პარლამენტი ირჩევს კომიტეტების თავმჯდომარეებს. ხოლო პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარედგინება კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე - პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ [თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო].

„ქართული ოცნება“ მოელის, რომ, ადრე თუ გვიან, ოპოზიცია პარლამენტში შევა. თუმცა, სხვა მხრივ - სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, პარლამენტში მარტო მუშაობაც არ იქნება პრობლემა.

პარლამენტის პირველ სხდომაზე საერთაშორისო პარტნიორები არ მიიწვიეს

„ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოს და საზოგადოების წარმომადგენლები“, - წერია პარლამენტის რეგლამენტში.

საქართველოს საპარლამენტო პრაქტიკით, სტუმრებს ძირითადად პარლამენტის თავმჯდომარე არჩევდა და წინა წლებში სხდომებზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იწვევდნენ. ასე იყო 2020 წელსაც. მაშინ, პარლამენტის პირველ სხდომაზე აშშ-ის მაშინდელი ელჩი, კელი დეგნანიც მივიდა. სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც.

წელს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 25 ნოემბერს, XI მოწვევის პირველ სხდომაზე ელჩებს არ ეპატიჟებიან.

როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან მზარდი დაპირისპირების ნაწილია. შალვა პაპუაშვილმა დაასახელა მიზანიც - „უცხოეთის გავლენის მინიმიზება“ და ილაპარაკა არჩევნებში „უცხოეთის ჩარევაზეც“.

„გუშინწინ დავაგზავნე მოწვევები. პირველ სხდომაზე მოწვეულნი არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულნი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

21 ნოემბერს, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ მოუწოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - არ მივიდნენ პარლამენტის პირველ სხდომაზე, რასაც, მისი თქმით, „ოცნება“ პირველი სხდომის ლეგიტიმაციის დასტურად გამოიყენებდა.

მალევე - ახალი მთავრობა

„ქართული ოცნების“ გეგმაა, რომ პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, იმავე კვირაში დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა.

სახელისუფლებო პარტიამ უკვე გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე - ირაკლი კობახიძეს ტოვებს.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, პირველ სასესიო კვირაში პარლამენტის დღის წესრიგშია: ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

  • მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს.
  • რეგლამენტის თანახმად, პრემიერობის კანდიდატს „პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია“ წამოაყენებს.
  • პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 ხმა ჰყოფნის. „ოცნებას“ პარლამენტში რაოდენობის პრობლემა არც ამ მხრივ შეექმნება.

რას ვერ შეძლებს "ოცნება" 89 მანდატით?

პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ 89 მანდატით, თავისთავად, ვერ შეძლებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც 90, 100 ან 113 მანდატი ესაჭიროება.

  • 113 ხმა [საკონსტიტუციო უმრავლესობა] სჭირდება კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც მაშინვე ამოქმედდება;
  • 100 ხმა [მეორე საკონსტიტუციო უმრავლესობა] სჭირდება კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტებში უნდა დამტკიცდეს.

შეუძლებელი იქნება ასევე:

  • კონსტიტუციური შეთანხმებების დამტკიცება;
  • სახალხო დამცველის არჩევა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა;
  • გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ან დაკავებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღება;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება;
  • ცესკოს წევრის, ცესკოს თავმჯდომარის სრული, 5-წლიანი ვადით არჩევა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.

89 მანდატით შეუძლებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტიც, რასაც, სულ ცოტა - 100 ხმა ესაჭიროება. სწორედ ამ მიზეზით ვერ მიიყვანა ბოლომდე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი, 2023 წელს და აღარ წამოიწყო, ხელახლა, 2024 წელს - მანამდე გაცხადებული გეგმის მიუხედავად.

პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს; ხოლო საერთაშორისო პარტნიორები გაყალბების „სერიოზულ ეჭვებთან“ დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

ბრიუსელში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, სპეციალური მისია თბილისს უახლოეს კვირებში ეწვევა.

ცესკოს მიერ 16 ნოემბერს დამტკიცებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად: XI მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი: „კოალიციას ცვლილებისთვის“ - 19 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 16 მანდატი; „ძლიერ საქართველოს“ - 14 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებსაც ხელისუფლებამ საპოლიციო ძალები დაუპირისპირა. დაშავებულია არაერთი ადამიანი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები. დააკავეს არაერთი მომიტინგე. ნაწილი კვლავ საპატიმროში რჩება.

პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, 25 ნოემბერს, ოპოზიცია და საზოგადოებრივი ჯგუფები საპროტესტო აქციას გეგმავენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG