Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია დიპლომატებს მოუწოდებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ მას ლეგიტიმაცია


გიორგი გახარია, ოპოზიციური პარტიის, "საქართველოსთვის" ლიდერი
გიორგი გახარია, ოპოზიციური პარტიის, "საქართველოსთვის" ლიდერი

პარტიის, "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ უცხოელ დიპლომატებს მიმართა, არ დაესწრონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა მას ლეგიტიმაცია არ მიეცეს. ამავდროულად, ის მხარდამჭერებს სხდომის დღეს პროტესტისკენ მოუწოდებს.

"მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა "ოცნებას" მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის მიღების [შესახებ]", - თქვა 21 ნოემბერს გახარიამ თავისი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას", - დასძინა მან.

გიორგი გახარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "სისტემურად გაყალბებულს" უწოდებს. მისი მტკიცებით, ამას ადასტურებს "სისტემური ხასიათის" სამი ფაქტორი:

"ეს იყო ფარულობის არარსებობა, ეს იყო კომისიების ფორმირება სრულად „ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებით, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს", - თქვა ოპოზიციაში გადასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" 161 521 ხმა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 7,78% მიიღო.

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით ორი სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ერთის ინიციატორია საქართველოს პრეზიდენტი, მეორის კი პარლამენტის 30 წევრი.

საკონსტიტუციო სარჩელის მიზნად მმართველ პარტიაში "ხალხის მოტყუებას" ასახელებენ. როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სარჩელის "თვითმიზანიც ეს არის, მიზანიც და რაღაც მანიპულაციები, რომელიც ქუჩაშია გადატანილი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG