ცესკოს შემაჯამებელ ოქმში ასახულ შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. არჩევნების აღიარებისგან თავს იკავებენ დასავლელი პარტნიორები. ისინი დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროებას ხედავენ.
რა გადაწყვიტა პრეზიდენტმა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართავს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით „გარანტირებული მთავარი უფლებების“ დარღვევის გამო, ესენია:
- ხმის მიცემის ფარულობა [მარკერის ლაქის მასობრივად გამოჟონვა ბიულეტენების უკანა მხარეს, რაც დამკვირვებელთა შეფასებით - არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა]
- ხმის მიცემის საყოველთაობა [ემიგრანტების უფლებების უგულებელყოფა - სადავო იყო მათთვის დამატებითი უბნების გახსნაზე უარის თქმა]
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამისი მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე. მცდელობას ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სინდისის გამოცდადაც განიხილავს.
„მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომლებიც, როგორც ერთმა მოსამართლემ [ვლადიმერ ხუჭუა - რ.თ.] უკვე გვაჩვენა, შეძლებენ, იმათაც რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გარდაუვალი მწვავე კრიზისისა და უსაფრთხოების რისკების შესახებაც აფრთხილებს - თუკი ქვეყანაში ახალი არჩევნები არ გაიმართება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ სასამართლოს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართოს. კანონით, ეს ცესკოს მიერ არჩევნების შეჯამების შემდეგ, 3 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
ცესკომ არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა, შესაბამისად - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ბოლო დღე 19 ნოემბერია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის“ თანახმად, მიმართვის უფლება აქვს ასევე ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის 30 დეპუტატს ან სახალხო დამცველს.
რას მოიტანს პრეზიდენტის განზრახვა?
თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ ჩატარებული არჩევნები არაკონსტიტუციურად ცნო, თავისთავად უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მაგრამ ამას თითქმის არავინ მოელის.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს ჩატარებული არჩევნების შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც პრეზიდენტი გეგმავს, მაქსიმუმ 30 დღეში უნდა ჩაეტიოს.
ვადა შეიძლება შემჭიდროვდეს, მაგრამ, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, შეუძლებელია, რომ ეს მოესწროს 25 ნოემბრამდე, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას გეგმავს.
„შესაძლოა, სასამართლომ დააჩქაროს, ხელისუფლების ზეწოლით, მაგრამ ამას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება: ჯერ უნდა დაარეგისტრიროს, შემდეგ უნდა დააწეროს მოსამართლეს, მერე დანიშნოს გამწესრიგებელი სხდომა და გადაწყვეტილება მიიღოს, მერე არსებითი განხილვა უნდა დანიშნოს, მერე ამის გადაწყვეტილება მიიღოს და ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება… ვიდრე დავა არ დასრულდება, მანამდე ითვლება, რომ 150-ვე მომავალი დეპუტატის მანდატი სასამართლოშია გასაჩივრებული“, - ეუბნება ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას.
კანონმდებლობაში ჩადებულ ამ შესაძლებლობაზე მენაბდემ ლაპარაკი ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, ვიდრე ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო, კონსტიტუციონალისტი ამ მექანიზმს მხოლოდ დროის მოგების შესაძლებლობად თვლის.
ვიდრე საკონსტიტუციო დავა არ დასრულდება, შეუძლებელი იქნება 26 ოქტომბერს არჩეული მომავალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და, შესაბამისად - პარლამენტის უფლებამოსილების აღიარებაც არ გამოვა. ასეთ დროს პირველი სხდომა წყდება.
კიდევ რას ამბობს კანონმდებლობა?
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატების ერთიან სიაში [რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს] ვერ შეიყვანენ პირებს - რომელთა „პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“.
- თუ პირველ სხდომაზე, სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ვერ ცნობენ, კანონის თანახმად - პლენარული სხდომა წყდება. მისი ხელახლა მოწვევა შეუძლია ცესკოს თავმჯდომარეს - 10 დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რაოდენობის შევსება.
- ეს შესაძლებელი ვერ გახდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას არ დაასრულებს და გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პროცესები ისე დააჩქაროს, რომ ყველაფერი 25 ნოემბრამდე დარჩენილ ვადაში ჩაატიოს - რაც ბუნებრივი არ იქნება და ნორმალურ პირობებში არ უნდა ხდებოდეს.
„ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ სასამართლოზე... თუ ასე დააჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებას, ნათელი იქნება ის, რომ ფორმალურად და ყველანაირად - არჩევნების ლეგიტიმაციას უწყობენ ხელს“, - გვეუბნება ჩოკორაია.
კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" არის ჩანაწერი, რომ: „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული“. ჩოკორაია არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვაზე ამ ჩანაწერზე დაყრდნობით თქვას უარი - მაგრამ - „ეს პრობლემა იქნება და ცალკე მსჯელობის საგნად უნდა იქცეს მაშინ, რადგან შინაარსობრივ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს“.
ამ ჩანაწერის მოტივით უარის თქმას შეუძლებლად თვლის ვახუშტი მენაბდე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაა, რომ თვეების ათვლა იწყება, როცა შინაარსი გახდება ცნობილი. ეს შინაარსი კი, ორი კვირის წინ გახდა ცნობილი ამ ნორმების სასამართლოს მიერ ინტერპრეტაციის შემდეგ“, - ეუბნება მენაბდე რადიო თავისუფლებას.
ვახუშტი მენაბდის განმარტებით, მაგალითად - ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით - საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია გასაჩივრდეს „კანონები, რომლებზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა განაცხადეს, რომ - [ხმების] იდენტიფიცირების შესაძლებლობა არ იყო საკმარისი [ხმის] ფარულობის პრინციპის დარღვევისთვის“. ლაპარაკია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივ დავაზე ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი გამონაკლისის გარდა, არც პირველი ინსტანციის სასამართლოებში დაკმაყოფილდა და არც სააპელაციოში.
საია იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. ელექტრონული არჩევნები უბნების 75%-ში ჩატარდა, ამომრჩეველთა 90%-ისთვის. ყველა ამ უბნის შედეგების გაბათილება ცესკოს მიერ შეჯამებულ შედეგს ძალაში ვეღარ დატოვებს.
ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას, მანიპულაციებსა და ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას. ცესკოს პოზიციაა, რომ - კონვერტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ვერავინ დაინახავდა მარკერის ლაქის კვალს ბიულეტენის მეორე მხარეს.
- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის [OSCE/ODHIR] სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში ლაპარაკია ხმის ფარულობის დარღვევაზე „დაკვირვების 24 პროცენტში“;
- გარემოებებად დასახელებულია: ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურება ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარება.
პრეზიდენტი საპატიო თავმჯდომარედ?
სახალხო პარლამენტის ამოქმედების იდეა „ძლიერი საქართველოს“ ეკუთვნის და ის მამუკა ხაზარაძემ 17 ნოემბერს გაახმაურა. სახელი პირობითია - სახალხო პარლამენტი პრაქტიკულად ალტერნატიული პარლამენტი იქნება.
ამ გეგმის თანახმად:
- ოთხი ოპოზიციური ჯგუფის სიებიდან არჩეულმა დეპუტატებმა უნდა დაიწყონ მუშაობა ერთ სივრცეში - კონკრეტული საკითხების შესათანხმებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად;
- უნდა შექმნან „რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრი“;
- „სახალხო პარლამენტმა“ უნდა დააკომპლექტოს დელეგაცია, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
„ძლიერი საქართველოს“ გეგმით, „სახალხო პარლამენტს“ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. მისი სტატუსი - საპატიო თავმჯდომარე იქნება.
18 ნოემბერს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს კმაყოფილებით უთხრა, რომ შეხვედრა იყო „ძალიან საინტერესო“ და სალომე ზურაბიშვილს „სახალხო პარლამენტის“ იდეაც გააცნეს.
ბრიფინგის დროს, სახალხო პარლამენტის იდეაზე არ ულაპარაკია სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 18 ნოემბერს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა. ბრიფინგზე მან თქვა, რომ ოპოზიციამ ურთიერთგაგება და ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.
ოპოზიციური პარტიების გეგმით, ახალი არჩევნები 2025 წელს უნდა გაიმართოს - გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად ბალანსირებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით. ეს წერია 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ბარიერგადალახულმა ოთხივე პარტიამ, გასულ კვირაში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნა.
პარტიები ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნები; ჩაატაროს გამოძიება არჩევნების გაყალბებასა და შიდა/გარე ჩარევასთან დაკავშირებით. წერილში ჩამოთვლილია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გადასადგმელი ნაბიჯები და, მათ შორის, მთავრობის დასახმარებლად გამოყოფილი მილიონების შეჩერება.
„ქართულმა ოცნებამ“ წერილს „საიდუმლო“ და „მოღალატეობრივი“ უწოდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ წერილში ასახულ ყველა საკითხზე ისინი საჯარო განცხადებებს ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ და ამაში საიდუმლო არაფერია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 18 ნოემბერს, ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს.
ევროკავშირის პოზიციაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იყო და, რომ ყველა ეჭვს ობიექტურმა, დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა უპასუხოს.
„უნდა გავიგოთ, სინამდვილეში რა მოხდა“, - უთხრა ჟურნალისტებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა კვლავ გააჟღერა გეგმა საქართველოს მთავრობისთვის 100 მილიონი ევროს ჩამოჭრის შესახებ.
„ქართული ოცნებიდან“ კი ბორელს უპასუხეს, რომ საქართველოს ამით არაფერი დააკლდება, რადგან ევროკავშირს ბევრი მიმართულებით უსწრებს წინ.
ფორუმი