Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში უკრაინის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის საზღვრისპირა რაიონში სუმის ოლქში. 13 აგვისტო, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის საზღვრისპირა რაიონში სუმის ოლქში. 13 აგვისტო, 2024.

ტელეგრამში რამდენიმე რუსული სამხედრო არხი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან მდებარე კლიმოვოს რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ეს წყაროები ამტკიცებენ, რომ საქმე არ ეხება დიდ იერიშს: უკრაინის მხრიდან ბრძოლაში ჩაება დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი რამდენიმე მსუბუქი დაჯავშნილი მანქანის მხარდაჭერით.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის მხარე არ ავრცელებს ინფორმაციას. სოცქსელებში არ მოიპოვება არც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დადასტურება.

ბრიანსკის ოლქი ესაზღვრება როგორც უკრაინას, ისე ბელარუსს. კლიმოვოს რაიონი სამი ქვეყნის საზღვრების შესაყართან მდებარეობს. ამ რაიონიდან 150 კილომეტრამდეა კურსკის ოლქის იმ რაიონებამდე, სადაც ამჟამად საბრძოლო მოქმედებებია.

უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ იქ ბრძოლები გაგრძელდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იმყოფება ათობით დასახლებული პუნქტი და რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.

რეგიონში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ მისი ნაწილი საკუთარ სახლებში რჩება.

უახლესი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად კურსკის რეგიონში 31 ადამიანი დაიღუპა და 143 დაშავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG