2022 წელს ბოლოს პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2024 წლის აგვისტოში კი რუსეთსა და დასავლეთს შორის ტყვეთა უპრეცედენტო გაცვლაში აღმოჩნდა: ვლადიმერ პუტინმა იგი პატივით მიიღო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულ ვადიმ კრასიკოვთან და სხვა ქვეყნებში ღრმად ჩანერგილ ჯაშუშებთან ერთად.
ამ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ მივსდევთ ჯაშუშობაში მხილებული პაბლო გონსალესის კვალს საქართველოში. რადიო თავისუფლების გამოძიებით დგინდება, რომ გონსალესი ჯერ კიდევ 2011-12 წლებიდან იყო დაინტერესებული ქართული პოლიტიკური პარტიებითა და პოლიტიკური პროცესებით.
2011: პირველი შეხვედრა
„შოკში ჩავვარდი, ეს ამბავი რომ გავიგე. ის ჩემი მეგობარი იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერეკლე, პოლიტიკის მეცნიერი, რომელიც პაბლო გონსალესს 2011 წლიდან იცნობდა (რესპონდენტის თხოვნით, სტატიაში მისი სახელი შეცვლილია).
„2011 წლის ბოლო იყო. ილიას უნივერისტეტში ტრანსკავკასიური კონფერენცია ტარდებოდა ესპანურ ენაზე. ჩემი მოხსნება სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკას ეძღვნებოდა. კონფერენციის მერე პაბლო მოვიდა ჩემთან და მითხრა, გამიკვირდა ასე ღიად რომ აკრიტიკებო, არ გეშინიაო? ეს იყო პირველი დიალოგი. მას შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა“, - იხსენებს ერეკლე.
„გვიამბობდა, რომ გონსალესი მისი დედის გვარი იყო; რომ მოსკოვში დაბადებული რუსია; რომ მშობლები ბარსელონაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადავიდნენ და დედის გვარი აიღო ოფიციალურად. თვითონ ბასკეთის რეგიონში ცხოვრობდა და სულ პირველად კონფერენციაზე როცა გავიცანი, თავი გამაცნო როგორც ბასკი ჟურნალისტი, რომელიც კავკასიის რეგიონით იყო დაინტერესებული“, - ამბობს იგი.
ერეკლეს მონათხრობის თანახმად, პაბლო საკმაოდ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. „ნელ-ნელა დავმეგობრდით. თითქმის 10 წლის განმავლობაში, საქართველოში როგორც კი ჩამოდიოდა, აუცილებლად ვნახულობდით ერთმანეთს“, - ამბობს ის.
ერეკლემ ესპანურის სწავლა 2009 წელს დაიწყო, - უბრალოდ, მაინტერესებდა და მაგიტომო. „მაშინ ჯერ არ მქონდა პროფესიული ინტერესი“. შემდეგ დროებით ესპანეთშიც სწავლობდა. ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
„ქართულ პოლიტიკაზე არასდროს არ უკითხავს არაფერი, უფრო გლობალურ საკითხებს განვიხილავდით ხოლმე. ესპანეთშიც საკმაოდ კარგი სანაცნობო და სამეგობრო ჰყავდა - პოლიტოლოგები, ფილოსოფოსები. ზოგიერთი მათგანი მეც გავიცანი. მისი დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით ჩემთვისაც და ჩვენი საერთო ესპანელი მეგობრებისთვისაც შოკი იყო“, - გვეუბნება ერეკლე.
დაკავება და გაცვლა
პაბლო გონსალესი 2022 წლის 28 თებერვალს პოლონეთში დააკავეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
პოლონეთის პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, განაცხადა, რომ სინამდვილეში ის არის მოსკოვში 1982 წელს დაბადებული პაველ რუბსტოვი, ესპანეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე.
ბრალდების თანახმად, იგი ჟურნალისტის საფარქვეშ ჩართული იყო სხვადასხვა ოპერაციაში და ახორციელებდა ქმედებებს, რაც „შესაძლოა, დამაზიანებელი ყოფილიყო პოლონეთის რესპუბლიკისათვის, მათ შორის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნისათვის“. ბრალდების მხარეს სხვა დეტალები არ გაუვრცელებია.
თუმცა იგივე ცნობები აქვთ ესპანეთის უსაფრთხოების სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის MI6-ს.
პოლონეთში მისი დაკავების შემდეგ, ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ პაბლო გონსალესმა ჟურნალისტის საფარქვეშ მოახერხა, ღრმად შეეღწია რუს ოპოზიციონერთა წრეებში; რომ ჯაშუშობდა 2015 წელს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის შვილზე, ჟურნალისტ ჟანა ნემცოვაზე; ასევე, ნემცოვის ფონდთან დაკავშირებულ სხვა ოპოზიციონერებზე: ვლადიმერ კარა-მურზასა და ილია იაშინზე.
პოლონეთში მისი დაკავებიდან ორი წლის შემდეგ, 2024 წლის 1 აგვისტოს, როდესაც რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის ტყვეთა გაცვლის უპრეცედენტო ეპიზოდი შედგა, კარა-მურზა, იაშინი და პაბლო გონსალესი შეთანხმების საპირისპირო მხარეებზე აღმოჩნდნენ.
იაშინისა და კარა-მურზას გარდა, გაცვლილ ადამიანებს შორის, - დასავლეთში დაბრუნებულთა შორის - იყვნენ:
- ციხეში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები: ქსენია ფადეევა, ლილია ჩანიშევა, ვადიმ ოსტანინი
- ანდრეი პივოვაროვი, მიხაილ ხოდორკოვსკის დაფუძნებული „ღია რუსეთის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
- ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების რეპორტიორი
- ევან გერშკოვიჩი, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი
მეორე მხარეს, რუსეთის დაბრუნებულებში კი, პაბლო გონსალესთან ერთად:
- ვადიმ კრასიკოვი/სოკოლოვი, რომელიც გერმანიაში გასამართლებულია საქართველოს მოქალაქის, - ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, ქართველი ჯაშუშის, - ჩეჩნეთის ომის ვეტერანის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში.
- მიხაილ მიკუშინი, - ნორვეგიაში მცხოვრები მეცნიერი, რომელიც თავს ბრაზილიელად ასაღებდა და უნივერსიტეტში ასწავლიდა, სინამდვილეში რუსეთის ფარული აგენტი იყო.
- ესტონეთში დაკავებული ვადიმ კონოშჩენოკი - ასევე დაზვერვის აგენტობაში მხილებული;
- სლოვენიაში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ არტიომ და ანა დულცევები;
კონფლიქტის ზონებში
საქართველოს გარდა, გონსალესი ხშირად მოგზაურობდა კონფლიქტის ზონებში: უკრაინაში, ყარაბაღში, მეგობრების თქმით, სირიაშიც; „ფრილანსერად“, ანუ თავისუფალ ჟურნალისტად წერდა არაერთი გამოცემისათვის, - მათ შორის „ამერიკის ხმისათვის“ („ამერიკის ხმამ“ მისი ჯაშუშობის გახმაურების შემდეგ სტატიები წაშალა).
2020 წლის ოქტომბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთანაც კი ჩაწერა ინტერვიუ ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-სთვის.
ბევრს მოგზაურობდა სომხეთში. ჩასული იყო მთიან ყარაბაღში იმ დროს, როდესაც რეგიონი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისა და დე ფაქტო მთავრობის კონტროლქვეშ იყო. იქ იყო 2020 წლის ყარაბაღის ომის დროსაც (აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2021 წელს გონსალესი შავ სიაში შეიყვანა ყარაბაღში „უკანონო შესვლის“ გამო).
რადიო თავისუფლებამ მის ნაცნობებთან გასაუბრებით და გონსალესის უკვე მიტოვებული სოციალურ ქსელების მონიტორინგით აღადგინია საქართველოში მისი ყოფნის დეტალები. ეს მოკვლევა აჩვენებს, რომ გონსალესი 2011 წლიდანვე იყო დაინტერესებული პოლიტიკური პარტიებით და თავიდანვე გაერია პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში.
„პარტიები ჩამოიარა“
„გაოცებული ვარ. ძალიან კარგ ადამიანად ვიცნობდი. თურმე ჯაშუში მიმიყვანია ოჯახში“.
ეს 37 წლის ლადო ბულბულაშვილია, ამჟამად კერძო კომპანიის, „ჰუალინგ ჯგუფის“ თანამშრომელი.
გვიამბობს, რომ პაბლო გონსალესი მან 2012 წელს გაიცნო, როცა კახა კუკავას პარტიის, „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იყო.
„მე მაშინ კახა კუკავასგან ვმუშაობდი არჩევნებზე, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. პაბლომ პარტიების ოფისებში ჩამოიარა და, მათ შორის, ჩვენთანაც იყო. ბიძინა პოლიტიკაში რომ გამოჩნდა, დაახლოებით ის პერიოდია. გავიცანი, როგორც ჟურნალისტი და მას შემდეგ ძალიან ვმეგობრბოდით“, - გვიამბობს ბულბულაშვილი.
კახა კუკავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამას ადასტურებს: „კი, ეგრე იყო ეგ ამბავი. ჩემგან იცნობს ლადო… პაბლო რამდენჯერმე იყო ჩამოსული. რამდენჯერმე ბასკური ღვინო ჩამოგვიტანა. ინტერვიუებიც აიღო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სად ბეჭდავდა არ ვიცი. სულ ხაზს უსვამდა, რომ ბასკი იყო. ჟურნალისტი კი იყო, მაგრამ ამ ბასკურ-ქართული კავშირიდან გამომდინარე, რამდენჯერმე ვუმასპინძლეთ. რახან ბასკი იყო და, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიძაშვილი“.
ლადო ბულბულაშვილი გვეუბნება, რომ ძალიან დაუახლოვდა გონსალესს:
„მთელს ჩემს ოჯახს იცნობს. ჩემს ცოლს, შვილებს, მამაჩემს. სოფელშიც მყავდა ჩაყვანილი. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს“.
ვერავინ, ვინც მას იცნობდა და ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ვერ იხსენებს ვერაფერს საეჭვოს, რაც ესპანელი ჟურნალისტისათვის უცნაურად შეიძლებოდა, ჩაეთვალათ.
„ამბობდა, ქართველები და ბასკები მონათესავე ხალხები ვართო. ღვინო უყვარდა. სასმელი. ჩვენც, მის ყოველ ჩამოსვლაზე, ქართული სტუმართმასპინძლობა არ გვეშლებოდა - ჭამა-სმა, ქეიფი… თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბობდა. პოლიტიკურ ამბებზე არ საუბრობდა. ნარიყალაზე ვიყავით, კახეთში თუ სადმე სხვაგან, ამბობდა, როცა თქვენთან ვარ, პოლიტიკაზე საუბარი არ მინდაო. მინდა გავერთო, საქართველო ვისწავლოო, სტუმართმასპინძლობა გავიგოო… მართლა ისე მელაპარაკებოდა, როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკება. მაში ეჭვი არასოდეს არ შემიტანია“, - გვეუბნება ბულბულაშვილი.
პოლიტიკურ აქტივობებში
კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ ყველაზე ნაკლებად გავლენიანია იმ პარტიებს შორის, რომელთა ლიდერებთან თუ აქტივობებთან გადაკვეთილა პაბლო გონსალესი.
ის საქართველოში იმყოფებოდა 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებისას დროსაც.
25 ოქტომბერს მისული იყო „ქართული ოცნების“ ოცნების ოფისში და უსმენდა მომავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესკონფერენციას.
ორიოდე დღით ადრე, 23 ოქტომბერს, დაესწრო ნინო ბურჯანაძის ერთ-ერთ ბოლო საარჩევნო შეხვედრას ამომრჩეველთან სპორტის სასახლეში.
ფეისბუკზე დაწერა: „ის არის ერთადერთი ქალი კანდიდატი, - და ყველაზე გამოცდილი. ის მესამე ადგილზეა გამოკითხვებში. თუ მეორე ტურში გადავა, შესაძლოა, ქართული პოლიტიკის უცნაურობებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი გახდეს“.
ბურჯანაძემ ხმების 10% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.
2013 წელსვე ცხინვალის რეგიონთან გამყოფ ხაზთან ფოტოგრაფად ახლდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE-PA) სპეციალურ წარმომადგენელს სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებში, იგნასიო სანჩეს ამორს, - რომელსაც, სავარაუდოდ, დაუმეგობრდა კიდეც.
პაბლო გონსალესის გადაღებულს ფოტოს, - როგორ ესალმება სანჩეს ამორი გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეს, - ეუთოს ოფიციალური საიტი აქვეყნებს 26 ოქტომბერს. სანჩესი არჩევნებზე დასაკვირვებლად იმყოფებოდა ქვეყანაში.
2014 წლის სექტემბერში ამორი კვლავ ჩამოდის თბილისში. ამ დროს გონსალესი კვლავ თბილისში იმყოფება.
იმავე წლის ოქტომბერში ამორი უკვე უკრაინის არჩევნებს აკვირდება და მას თანამეგზურობას კვლავ პაბლო გონსალესი უწევს.
სანჩეს ამორი 2016 წელსაც ეწვევა თბილისს, შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს. თბილისში ამ ვიზიტის დროსაც პაბლო გონსალესი ახლავს ფოტოგრაფად.
გავა წლები და იგნასიო სანჩეს ამორი, ახლა უკვე ევროპარლამენტარის ამპლუაში „მიუღებელს“ უწოდებს პოლონეთში გონსალესის დაკავებას.
არჩევნები, ოჯახის სიწმინდის დღე
პაბლო გონსალესი თბილისში იმყოფება 2016 წლის სხვადასხვა პერიოდში.
მაგალითად, მაისში - და ესწრება ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის, 17 მაისის ალტერნატიულად გაჩენილ „ოჯახის სიწმინდის დღეს“. ფოტოებში მის ფონზე, მსვლელობის სხვა მონაწილეებთან ერთად ჩანს ბიზნესმენი ლევან ვასაძე.
2016 წლის 18 მაისს დაესწრო NED-ის დაფინანსებულ კონფერენციას: „რელიგია, უცხოური გავლენა და პარლამენტარიზმი: საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის პრესპექტივები“. კონფერენცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ ჩაატარა.
იგი თბილისია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.
„თბილისის მოდერნულ ცხოვრებაზე, ალტერნატიულ ბარებსა და, ზოგადად, თბილისის შესახებ ექსპერტი ვხდები. საოცარი ადგილია! რა ევოლუცია განვლო წლების განმავლობაში. მიყვარს აქაურობა - წერს იგი.
ამ დროსვე სტუმრობს მაშინ ჯერ კიდევ ახალგახსნილ „ფაბრიკას“.
ფაბრიკაში ახლავს 2011 წელს დამეგობრებულ ერეკლეს, - პოლიტიკის მეცნიერსა და მის რამდენიმე მეგობარს. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, აქ წინასაარჩევნოდ პოლიტიკაზე საუბრობენ.
ერეკლეს თანახმად, ხშირად დადიოდა სვანეთსა და ყაზბეგში.
ჟანა ნემცოვა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები
2016 წელი გონსალესის - იგივე პაველ რუბსტოვის - კარიერაში იმითაა საინტერესო, რომ ამ წელს აღწევს რუსი ოპოზიციონერების წრეებში. ამ წრეებში მისი შეღწევა კი ჟანა ნემცოვას უკავშირდება.
„მედუზას“ ერთ-ერთი ბოლო, 2024 წლის აგვისტოს გამოძიების თანახმად, გონსალესმა ნემცოვის ფონდში ჯერ კიდევ 2016 წელს შეაღწია PACE-ს აკრედიტაციის დამსახურებით; მივიდა ღონისძიებაზე, სადაც ბორის ნემცოვის საქმეზე სპეციალური მომხსენებლის დანიშვნას ითხოვდნენ, და უნაკლო რუსულით ინტერვიუ სთხოვა ჟანა ნემცოვას. აქედან დაიწყო მისი ნემცოვასთან მეგობრობაც.
ამ მეგობრობამ იგი არათუ სხვა ოპოზიციონერ ფიგურებს გააცნო, არამედ მოახვედრა საქართველოს 2018 წლის პრეზიდენტობის კანდიდატების ახლო გარემოცვაშიც.
ჟანა ნემცოვა 2018 წლის შემოდგომაზე თბილისს ეწვია, როგორც გერმანული „დოიჩე ველეს“ რეპორტიორი და ინტერვიუები ჩაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და სალომე ზურაბიშვილთან. ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყრიდა კენჭს.
ინტერვიუებზე ნემცოვას გონსალესი ფოტორეპორტიორად ახლავს თან. გონსალესი ფეისბუკში ორივე კანდიდატთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
დაახლოებით ამავე პერიოდში შეხვდა გონსალესს Настоящее Время-ს რეპორტიორი, ზვიად მჭედლიშვილი.
გვიამბობს, რომ გააცნო უკრაინელმა კოლეგამ, რომელიც თბილისს ხშირად სტუმრობს ხოლმე, რომელიც წარსულში ესპანეთში სწავლობდა და ესპანურ ენას ფლობს.
„შემოდგომაზე ერთ საღამოს ბარ „ბლექ დოგში“ ჩამოვსხედით სოლოლაკში. ჯერ სამნი ვიყავით. შემდეგ ესპანელი წყვილი მოვიდა. ლუდი დავლიეთ. ჩემი მეგობარი მალე წავიდა. დიდად საინტერესო მოსაუბრე არ ყოფილა, თან ესპანურად გააბეს საუბარი, ასე რომ, მეც მალე წამოვედი. განსაკუთრებული არაფერი არც უთქვამს და არც უკითხავს. ერთადერთი, მახსოვს, ამბობდა, რუსეთისკენ გახედვაც არ მინდაო“.
მისი ნაცნობები იხსენებენ, რომ იგი მუდმივად აფიქსირებდა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში უკრაინის მხარეს იყო.
„[2018 წელს] ბორის ნემცოვის ცოლი და შვილი დაპატიჟა აქ, საქართველოში. მეც გამაცნო“, - ეუბნება ერეკლე, მისი მეგობარი, რადიო თავისუფლებას. „მაშინ პუტინს აგინებდა სამ ენაზე... და აღმოჩნდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა“.
„სამსახურში დაბრუნება“
რუსეთში დაბრუნებულ გონსალეს/რუბსტოვს პირველ აგვისტოს პუტინი წითელ ხალიჩაზე ხელის ჩამორთმევით მიესალმა.
იქვე იყო ვადიმ კრასიკოვი, რუსეთის „ეფესბეს“ ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2019 წელს ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის გაასამართლეს.
გონსალესი ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომების“ მაისურში იყო გამოწყობილი. მაისურზე დარს ვეიდერი იყო გამოსახული, წარწერით: „შენს იმპერიას სჭირდები“.
„მინდა მივმართო მათ, ვისაც პირდაპირი კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცისადმი ერთგულებისა და მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელსაც არცერთი წუთით არ დავიწყებიხართ“, - განუცხადა პუტინმა შეკრებილებს.
მეორე დღეს, პუტინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ რუსეთი „კოლეგებს სამშობლოში დაბრუნებას ულოცავდა“.
„ისინი ახლა ცოტას დაისვენებენ და დაუბრუნდებიან სამუშაოს“, - თქვა ნარიშკინმა.
ფორუმი