Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული „ნეპტუნი“ პორტ „კავკაზის“ წინააღმდეგ


უკრაინული ანტისახომალდო რაკეტა R-360 "ნეპტუნის" ფრენის სიშორე 400 კილომეტრია, ხოლო დაბალ სიმაღლეზე ფრენის ჭერი ზედაპირიდან 15 მეტრს აღწევს, რაც პრობლემას უქმნის რუსეთის საჰაერო თავდაცვას.
უკრაინული ანტისახომალდო რაკეტა R-360 "ნეპტუნის" ფრენის სიშორე 400 კილომეტრია, ხოლო დაბალ სიმაღლეზე ფრენის ჭერი ზედაპირიდან 15 მეტრს აღწევს, რაც პრობლემას უქმნის რუსეთის საჰაერო თავდაცვას.

რუსეთის კრასნოდარის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა 22 აგვისტოს დაადასტურა ნავთობით დატვირთული სარკინიგზო ბორნის "კონრო ტრეიდერის" ჩაძირვა შავი და აზოვის ზღვების აუზში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს პორტ „კავკაზში“.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბორანი მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა რუსეთის არმიის ლოგისტიკურ ჯაჭვში, რის გამოც "კონრო ტრეიდერზე" უკრაინულმა ძალებმა ადრეც მიიტანეს იერიში.

"ბორანი, პირველ ყოვლისა, საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფდა, მაგრამ ამას გარდა მას შეიარაღებაც გადაჰქონდა. ასე რომ, იგი იყო სრულიად ლეგიტიმური სამიზნე", - განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა.

მეორე ცდა, რომელიც წარმატებით დასრულდა

მიმდინარე წლის 29 მაისს უკრაინელმა სამხედროებმა ერთხელ უკვე განახორციელეს დარტყმა რუსეთის ორ მნიშვნელოვან ბორანზე - „ავანგარდსა“ და „კონრო ტრეიდერზე“.

ეს უკანასკნელი მსუბუქად დაზიანდა და მალევე განაახლა მუშაობა, რასაც ვერ ვიტყვით „ავანგარდზე“, რომელსაც რაკეტა სამანქანო განყოფილებაში მოხვდა და მთლიანად დააკარგვინა ცურვის უნარი. როგორც უკრაინული მედია წერს, მარტო ქერჩის სარემონტო ქარხანაში „ავნგარდის“ ბუქსირით გადაყვანას დასჭირდა სამი კვირა. ამჟამად კი ბუქსირი, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჯაჭვში ხანგრძლივ რემონტზე იმყოფება.

კადრი ვიდეოდან: ხანძარი ბორან "კონრო ტრეიდერზე" (Conro Trader), რომელიც 30 სარკინიგზო ცისტერნით იყო დატვირთული. 22 აგვისტო, 2024 წელი.
კადრი ვიდეოდან: ხანძარი ბორან "კონრო ტრეიდერზე" (Conro Trader), რომელიც 30 სარკინიგზო ცისტერნით იყო დატვირთული. 22 აგვისტო, 2024 წელი.

მაშინ ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ბორნებზე იერიშებს რაღაც პერიოდში ქერჩის ხიდზე მორიგი თავდასხმა მოჰყვებოდა, რაც რუსეთს მთლიანად მოუსპობდა ქერჩის ყურით მისი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მომარაგების შესაძლებლობას.

ამ მოსაზრებას მოქმედი სამხედრო, უკრაინის არმიის ოფიცერი, ვანო ნადირაძეც იზიარებს.

„პორტი „კავკაზი“ წარმოადგენს რუსეთის ძირითად ლოგისტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის სარდლობა ქერჩის ხიდის ნაცვლად სწორედ ამ ბორნებით მომარაგებაზე იყო დამოკიდებული. 22 აგვისტოს იერიშით ძალიან სერიოზული დარტყმა მივაყენეთ და ეს ბორანი ჩავუძირეთ მაშინ, როდესაც საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული. ასე რომ, გავანადგურეთ პორტ „კავკაზიდან“ ქერჩისკენ მოძრავი ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ბორანი. ახლა დადგა დრო, რომ მას მიჰყვეს ქერჩის ხიდიც. რადგან ამის შემდეგ, რუსები იძულებული გახდებიან, კვლავ ქერჩის ხიდი დატვირთონ ლოგისტიკურად“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა.

საქმე ისაა, რომ როგორც ქერჩის ხიდის მშენებლობამდე, ისე მასზე პირველი თავდასხმების შემდეგ კრასნოდარის პორტი „კავკაზი“ წარმოადგენდა საფუძველს რუსული ლოგისტიკისა, ერთადერთ გზას, რომლითაც დროებით ოკუპირებულ ყირიმს ტექნიკა, შეიარაღება, საწვავი და სხვა აუცილებელი სამხედრო დანიშნულების ტვირთი მიეწოდებოდა.

პორტი "კავკაზი" 15 კილომეტრით არის დაშორებული ქერჩს და საბორნე გადასასვლელით, ქერჩის სრუტის გავლით, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს.

ამ ლოგისტიკურ აქტივობაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პორტ „კავკაზში“ მდგარი სამი სარკინიგზო ბორანი:

  • „ავანგარდი“
  • „სლავიანინი“ (დაზიანდა 24 ივლისს უკრაინის შძ-ის იერიშის შედეგად)
  • და „კონრო ტრეიდერი“

პირველი ორი დაზიანებულია, მესამე ბორანი "კონრო ტრეიდერი" კი 22 აგვისტოს ჩაიძირა მასზე მდგარი 30 სარკინიგზო ცისტერნით.

რუსული მედიის თანახმად, იერიშის მომენტში ბორანზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, რომელთა ბედი უცნობია.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლს სრულად მიეწოდება ბენზინი და დიზელის საწვავი. თუმცა, როგორც ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერდნენ, ქერჩში 22 აგვისტოს საღამოს ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგები იდგა.


"ყირიმში საწვავის მარაგი სხვადასხვა მარშრუტით მიდის, ნახევარკუნძულზე პრობლემები არ არის", - თქვა ოლეგ კრიუჩკოვმა, საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ხელმძღვანელის მრჩეველმა. მაგრამ მან არ დააკონკრეტა, რომელი მიწოდების მარშრუტებით ხდება უზრუნველყოფა.

"რუსეთის საჰაერო თავდაცვას პრაქტიკულად არ შეუძლია "ნეპტუნის" აღმოჩენა"

ჯერჯერობით უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობას, რომ პორტ "კავკაზში" რუსულ ბორან "კონრო ტრეიდერზე" იერიში განხორციელდა უკრაინული ანტისახომალდო რაკეტა „ნეპტუნით“, რომელმაც უკვე რამდენჯერმე გამოიჩინა თავი რუსეთ-უკრაინის ომში.

სწორედ ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნის“ ერთ-ერთი პირველი ნადავლი გახდა რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“ და მისი ეკიპაჟის ორ ათეულ წევრზე მეტი მეზღვაური, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.

2023 წლის 23 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში, კონცხ ტარხანკუტზე, გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის უახლესი სისტემა С-400 „ტრიუმფი“. The War Zone-ის მიხედვით, იერიში მიიტანა უკრაინულმა სარაკეტო კომპლექსმა „ნეპტუნმა“, უფრო ზუსტად, მისმა მოდერნიზებულმა ვერსიამ, რომელსაც შეუძლია ზუსტი დარტყმის მიყენება სახმელეთო სამიზნეებისათვის.

მოგვიანებით, იმავე წლის სექტემბერში, უკრიანის შძ-ებმა დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით ძლიერი დარტყმა მიაყენეს საკის აეროდრომს, სადაც განთავსებული იყო რუსეთის, სულ მცირე, 12 საბრძოლო თვითმფრინავი (სუ-24 და სუ-30) და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“. წყაროს ინფორმაციით, საკის აეროდრომზეა უპილოტო საფრენი აპარატების, Mojaher-ის ოპერატორთა მომზადების ბაზაც.

გასულ წელს იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთმა შეძლო ხომალდსაწინააღდეგო "ნეპტუნების" ჩამოგდება, მაგრამ უკრაინის არმიის შეიარაღებაში ამ თანამედროვე კომპლექსების არსებობა სერიოზულ პრობლემას უქმნის ოკუპირებულ ყირიმში დარჩენილ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.


„მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა რაკეტა „ნეპტუნის“ შესაძლებლობების კორექტირება, ინერგებოდა ახალი ტექნოლოგიები და, როგორც ეტყობა, ეს ტექნოლოგიები დაინერგა იმდენად, რომ მისი სიჩქარე გაიზარდა 1000 კილომეტრამდე საათში, ანუ ქვებგერითი სიჩქარის ზღვრამდე. რაკეტას შეუძლია სამიზნის განადგურება 300-კილომეტრზე უფრო შორს, თანაც ისე, რომ გვერდს უვლის არა მხოლოდ ზღვის, არამედ ხმელეთის ზედაპირსაც. შესაბამისად ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას რუსებისთვის. ვინაიდან იგივე რუსული კომპლექსი S-400 დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტების შემთხვევაში მიზანს იჭერს 30 მეტრ სიმაღლეზე, მაშინ როდესაც უკრაინულ ფრთოსან რაკეტა R-360 "ნეპტუნს" საკმაოდ დაბლა, წყლის ზედაპირიდან 15 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა. ამიტომ, რუსეთის საჰაერო თავდაცვას პრაქტიკულად არ შეუძლია მათი დანახვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამხედრო მიმომხილველმა ოლექსანდრ კოვალენკომ.

ალექსანდრ კოვალენკო
ალექსანდრ კოვალენკო

  • „ნეპტუნი“ უკრაინას შეიარაღებაში 2020 წლიდან ჰქონდა. მის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა რუსეთთან ურთიერთობა გაფუჭდა.
  • „იარაღისა და თავდაცვის“ გამოფენაზე „ნეპტუნი“ პირველად წარმოადგინეს კიევში 2015 წელს.
  • ის იყო შექმნილი საბჭოთა გემთსაწინააღმდეგო რაკეტის, X-35-ის ბაზაზე. პირველი გამოცდა „ნეპტუნისა“, რომლის მოქმედების მანძილი 280 კილომეტრია, ჩატარდა 2016 წელს.
  • ამჟამად უკვე შემუშავებულია სარაკეტო კომპლექს "ნეპტუნის" სანაპირო დაცვის ვარიანტი РК-360-იც, რომელსაც 3-5 წამის ინტერვალით ერთბაშად 24 ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG