Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაუძლებს დროს" - "ოცნებამ" კონსტიტუცია ძირეულად შეცვალა და ისევ გეგმავს


"ქართული ოცნება" ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა ისევ შეიცვალოს 2017 წელს თავიდან დაწერილი კონსტიტუცია.
"ქართული ოცნება" ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა ისევ შეიცვალოს 2017 წელს თავიდან დაწერილი კონსტიტუცია.

„ქართულ ოცნებას“  საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტში [2016-2020] და კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქციაც დაამტკიცა. საკონსტიტუციო კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ახალი, დახვეწილი კონსტიტუცია დროს გაუძლებდა.

თუმცა მმართველი პარტია ახლა ისევ კონსტიტუციის შეცვლაზე ლაპარაკობს და ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა პირველ რიგში - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ გააუქმოს.

რადიო თავისუფლებამ გადახედა - როგორ გამოიყენა საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ - კონსტიტუციის შესაცვლელად და რა ცვლილებები შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სახელმწიფოს მთავარ კანონში.

  • საკონსტიტუციო უმრავლესობა 150-წევრიან პარლამენტში ¾-ით განისაზღვრება და მინიმუმ 113 სადეპუტატო მანდატს საჭიროებს.
  • საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებელია პოლიტიკური ძალისთვის - კონსტიტუციის დამოუკიდებლად შესაცლელად.

კონსტიტუცია იცვლება ფუნდამენტურად, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი დოკუმენტი, რომელიც გაუძლებს დროს და რომელსაც აღარ დასჭირდება ცვლილებების შეტანა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ეს იყო ჩვენი მიზანი და ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა შესრულებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2017 წლის მაისში, როცა კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა ამბროლაურში შედგა.

მაშინ ცვლილებები კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლს შეეხო. სახელისუფლებო პარტია განმარტავდა, რომ მოწესრიგდა მთავარი მიზანი - მმართველობის სისტემა და დასრულდა საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის პროცესი.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულფასოვნად 2018 წლის დასაწყისში შევიდა ძალაში, საქართველოს ახალი პრეზიდენტის –სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ.

რა ცვლილებები შევიდა?

პრეზიდენტი დარჩა სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დასუსტდა:

  • გაუქმდა პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების გზით და დადგინდა, რომ 2024 წლიდან მას 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
  • პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლება - მოეთხოვა საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე და განხილვაშიც მიეღო მონაწილეობა.

გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა და დადგინდა - ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა - პრეზიდენტის თავმჯდომარეობით,·საომარი მდგომარეობის შემთხვევაში.

სხვა ახალი დებულებებით დადგინდა:

  • პარლამენტის წევრების არჩევის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2024 წლიდან [ოპოზიცია ითხოვდა, რომ ეს ნორმა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო];
  • 5%-იანი სარჩევნო ბარიერი და აიკრძალა საარჩევნო ბლოკების შექმნა;
  • პარლამენტი ქუთაისიდან გადმოვიდა ისევ თბილისში
  • ქორწინება როგორც „კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნის მიზნით“;
  • აიკრძალა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა.

ამავე პერიოდში დაემატა კონსტიტუციას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული 78-ე მუხლიც, რომლის დარღვევაშიც ახლა თავად „ოცნებას“ ადანაშაულებენ საქართველოს პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიცია - საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებით [ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ].

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არ განიხილებოდა საკითხები, რომელთა გამოც მმართველი პარტია დღეს ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებისკენ მოუწოდებს და „ქუდზე კაცს“ იხმობს.

ქართული ოცნებააცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ოთხი მიზნის მისაღწევად სჭირდება და პირველი მიზანი პოლიტიკური ველიდან ოპონენტების გაქრობაა - მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში - ლოგიკურად უნდა გაუქმდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული მანდატები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2019 წელს ისევ დადგა კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობა.

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის [ირაკლი კობახიძის] სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაჯდომას მოჰყვა, ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე და არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარების დაპირება გაეცა.

  • საკონსტიტუციო კანონპროექტით, უნდა გაუქმებულიყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებულიყო - უკვე 2020 წლიდან, ნაცვლად 2024 წლისა.
  • კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

დაპირება მაშინ, პარტიის თავმჯდომარის რანგში - თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცა, ბევრი იმუშავეს, გაიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვაც, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა.

კენჭისყრაზე გატანილი საკითხი ჩაგდება ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებს დაჰბრალდათ - თუმცა ე.წ. მეამბოხეები მერე პარლამენტში დააწინაურეს.

ამ საკითხის გამო, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის რიგები დატოვა 12-მა დეპუტატმა.

საპროტესტო აქციების ფონზე, 2020 წლის ივნისში კონსტიტუციური კანონის დამტკიცება მაინც გარდაუვალი გახდა და დადგინდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - [73-დან] 30-მდე შემცირდებოდა მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი; ხოლო 120 დეპუტატს [77-ის ნაცვლად] აირჩევდნენ პროპორციული წესით.

დადგინდა ასევე, რომ ახალი სისტემით, პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა თითო პარტიისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ეს საკითხი წინასწარ შეთანხმდა 2020 წლის 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე.

საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 115 მანდატი მოიპოვა (სიით - 44 მანდატი, მაჟორიტარები - 71 მანდატი).

ამ შემადგენლობას პარლამენტში დაემატა კიდევ ერთი მანდატი [საარჩევნო ბლოკ „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-დან]. მანდატების ეს რაოდენობა კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას იძლეოდა.

2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის პირველ თვეებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 10-მდე წევრმა დატოვა - ძირითადად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო და "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

"ნაციონალური მოძრაობის" საკონსტიტუციო ცვლილებები

პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებდნენ კონსტიტუციის ნორმების ხშირ და გაუაზრებელ შეცვლაში, საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ეს კრიტიკა, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს უკავშირდებოდა.

წინა ხელისუფლების დროს, კონსტიტუციით, ჯერ მნიშვნელოვნად გაძლიერდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ხოლო შემდეგ - მნიშვნელოვნად დასუსტდა - პრემიერ-მინისტრის უფლებების გაძლიერების ხარჯზე.

თუმცა არ შეცვლილა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი ზედიზედ ორი მოწვევის პარლამენტში - 2004 წლიდან 2012 წლამდე. შესაბამისად, მას კონსტიტუციის შეცვლა თავისუფლად შეეძლო. სპეციალისტებმა დათვალეს, რომ, წინა ხელისუფლების დროს, კონსტიტუციაში დაახლოებით 30 ცვლილება შევიდა.

კონსტიტუციის შეცვლა დაიწყო 2004 წელს და გაგრძელდა შემდგომ წლებშიც.

  • 2005 წელს, კონსტიტუციური კანონის საფუძველზე 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა, 2003 წლის 2 ნოემბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად - რასაც შემდეგ „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა.
  • ახალი საარჩევნო სისტემით, 100 დეპუტატს - პროპორციული წესით, ხოლო 50 დეპუტატს - მაჟორიტარული სისტემით აირჩევდნენ.

შემდეგ, უკვე 2008 წლის ცვლილებით, პარლამენტში, მაჟორიტარული და პროპორციული წესით, დეპუტატების თანაბარი რაოდენობა აირჩიეს [75/75]; ხოლო 2012 წლის არჩევნებისთვის ამოქმედებული ცვლილებებით, 150–წევრიან პარლამენტში 73 - მაჟორიტარული წესით, ხოლო 77 - პარტიული პარტიული სიით არჩეული დეპუტატი შევიდა.

საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვდა ასევე პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა, რაც 2012 წლიდან განხორციელდა.

2010 წლიდან კონსტიტუციაში კიდევ არაერთი ცვლილება შევიდა. სწორედ ამ დროს დასუსტდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ.

სხვა ცვლილებების მიხედვით:

  • პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-მდე გაიზარდა [113 დეპუტატი] საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად - გართულდა კონსტიტუციის გადასინჯვის შესაძლებლობა.
  • საკონსტიტუციო კანონის დასამტკიცებლად საჭირო გახდა ორ თანმიმდევრულ სესიაზე [3/4-ით] მხარდაჭერა, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით.
  • მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი 30 წლამდე გაიზარდა და უვადოდ დანიშვნას [საპენსიო ასაკის მიღწევამდე] დაემატა - 3-წლიანი გამოსაცდელი პერიოდიც.

უკვე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი [100 დეპუტატი]და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცეს „მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში“. ეს ნორმა დღემდე მოქმედია.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საქართველოში მუდმივად ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG