პლენუმს ანუ სასამართლოს სრულ შემადგენლობას უნდა დაეწეროს პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელები, რომლებშიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზეა საუბარი.
პირველი ეტაპი არის სარჩელების დარეგისტრირება. ამისთვის გამოყოფილია 3-დღიანი ვადა. მეორე ეტაპი კი უკვე საქმის განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადებაა. ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი.
განიხილავენ თუ არა ამ წუთებში საქმეს მოსამართლეები, უცნობია. რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ის გაარკვია, რომ უახლოესი დღეების დღის წესრიგში პლენუმს სხვა საქმის განხილვა არ აქვს.
26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61:
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
- „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართეს. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ფორუმი