სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეაჩერა საარტილერიო ჭურვების პოლონეთისთვის მიწოდება გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის ქარხნიდან, რომელიც ამ ქვეყანაშია განთავსებული.
პოლონეთში გამომავალი გაზეთის, Rzeczpospolita-ს თანახმად, ამის მიზეზია შეშფოთება იმაზე, რომ საბრძოლო მასალა შეიძლება უკრაინაში მოხვდეს.
გამოცემის ცნობით, ვარშავამ თავისი მარაგების შესავსებად 155 მმ. კალიბრის 50 ათასი ჭურვი შეუკვეთა ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე.
პოლონეთს ჭურვები არ მიუღია. შეიარაღების ეროვნულ სააგენტოში გაზეთს უთხრეს, რომ კონტრაქტი 2023 წლის აგვისტოში გააუქმეს, „ქვეკონტრაქტორის მიერ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.“
როგორც Rzeczpospolita წერს, პოლონეთს შეუძლია წელიწადში 30 ათასი ჭურვი აწარმოოს იმ პირობით, თუ ქვეკონტრაქტორები - ძირითადად სლოვაკეთიდან - სრულად შეასრულებენ ვალდებულებას.
2023 წლის მარტში მთავრობამ მიიღო საიდუმლო დადგენილება საბრძოლო მასალის წარმოების გაფართოების და მისი შესყიდვის შესახებ, წერია სტატიაში.
ახლა ვარშავა საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეაში ყიდულობს, საარტილერიო ქარხანა შეიძლება აშენდეს პოლონეთშიც.
ფორუმი