Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შავი არქეოლოგია“ - განძის მაძიებლები ასპინძის  ყორღნებზე


დაზიანებული ყორღანი ასპინძაში
დაზიანებული ყორღანი ასპინძაში

„მძიმე ტექნიკით გათხრილია უძველესი ყორღანი. განადგურებულია სამარხის კამერა“, - აღწერს სოფიო ხორგუანი შემთხვევას, რომელიც ასპინძის რაიონში მოხდა - „ათასობით წლის წინანდელი ყორღნებიდან რამდენიმე 70-იან წლებში გაიხსნა და ძალიან საინტერესო რაღაცები ამოვიდა. რამდენიმე ხელუხლებლად იყო შენახული. ერთ-ერთი ასეთი ყორღანი ახლა გვერდიდან არის გამოთხრილი“.

სოფიო ხორგუანმა, რომელიც 2007-2009 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, ამჯერად კი გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერია, პროკურატურას მიმართა.

„ეს ფაქტი ადასტურებს, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის დაუცველი. ყორღანს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ იქ ძალიან ბევრი სხვა ძეგლიც არის. წინა წლებში მუნიციპალიტეტი მონიტორინგს აკეთებდა, შემოვლას, ბოლო წლებში ამასაც არ აკეთებს“.

არც პროკურატურამ, არც კულტურის სამინისტრომ ისტორიული მემკვიდრეობის ამ ნიმუშის დაზიანების დეტალებზე რადიო თავისუფლებასთან არ ისაუბრა.

დაზიანებული ყორღანი
დაზიანებული ყორღანი

ყორღნები მიწის ან ქვების ხელოვნური მთებია, როლმებსაც უძველეს დროში ერთ ან რამდენიმე საფლავზე აგებდნენ. ყორღნების აგების ტრადიცია ძალიან ძველია - ენეოლითის ხანიდან შუა საუკუნეებამდე. საქართველოში გამორჩეულად მნიშვნელოვანია თრიალეთის ყორღნები, რომლებიც ტომების ბელადებისა და არისტოკრატიის საფლავებზე შენდებოდა.

ყორღნებში უამრავი ძვირფასი ნივთია ნაპოვნი. მაგალითად, ძვ. წ. აღ. მე-3 საუკუნით დათარიღებული ოქროს ლომი, რომელიც ახლა საქართველოს კულტურული საგანძურის სავიზიტო ბარათია, 1974 წელს სწორედ ყორღანში აღმოაჩინეს სოფელ წნორთან. ლომის ასეთი ადრეული ხანის გამოსახულებებს შორის მას ჯერჯერობით ანალოგი არა აქვს.

საქართველოს კანონმდებლობით თუ ორგანიზაცია ან ადამიანი კულტურულ მემკვიდრეობას გადაეყრება ან აღმოაჩენს, დაუყოვნებლივ კულტურის სამინისტროს უნდა შეატყობინოს. სახელმწიფო ვალდებულია, აღმოჩენილი ნივთი თუ ობიექტი შეისწავლოს და უპატრონოს. ძეგლის განზრახ დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია.

2020 წელს ცხინვალის რეგიონში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს, დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც ეკლესიების მახლობლად დეტექტორებით ეძებდნენ განძს. მალევე გაუშვეს. რადიო თავისუფლებას მაშინ წყარომ უთხრა, რომ დაკავებული მამაკაცი იყო გავლენიანი პირი რომან კოვრიგა, ცხინვალში მობილური კომპანია „მეგაფონის“ გენერალური დირექტორი. ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში შავი არქეოლოგიის შემთხვევების კონტროლი კიდევ უფრო რთულია. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკეთესი ვითარება არც კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

მკვლევარი-პუბლიცისტი კუკური მეტრეველი ჯავახეთის ძეგლებს იკვლევს. ის ამბობს, რომ შავი არქეოლოგია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „მთელ საქართველოში ყვავის“ და ამას აკეთებს ყველა, „ვისაც არ ეზარება“.

დეტექტორები, რომლებიც მიწაში ჩაფლულ ლითონს პოულობს, იოლად საშოვნელია. ინტერნეტში ამ მოწყობილობების ფასი განსხვავებულია, თუმცა 50-150 დოლარად საკმაოდ მძლავრი აპარატის არჩევა შეიძლება.

„განძის მაძიებლები“ დეტექტორებით ძირითადად იმ ადგილებში დადიან, სადაც მიტოვებული ეკლესიები, ციხის ნანგრევები და ძველი საფლავები ეგულებათ.

„ჩვენთან ვითომ აკრძალულია კერძო პირების არქეოლოგია, მაგრამ სინამდვილეში დაშვებულია. ძალიან ბევრია ასეთი მაძიებელი. დიდი ჯგუფებია ყველა რეგიონში. ხანდახან რომელიმე ძეგლზე რომ მივდივარ, მეც იმას მეკითხებიან, ოქროს ხომ არ ეძებო“, - ამბობს კუკური მეტრეველი. „ზოგი ისტორიულ არტეფაქტს ეძებს, ზოგი უბრალოდ ლითონს. ნასახლარებზე ეკლესიების ინტერიერები სულ გადათხარეს. რასაც იპოვიან, იმისდა მიხედვით ყიდიან. შეიძლება ისეთ რამეს მიაგნოს, ათასობით დოლარიც ღირდეს. მუშტარი ყველაფერს ჰყავს“.

„ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ მირაშხასთან არის ყორღნები… ერთი ათი წლის წინ მანდ გახსნილი ყორღანი გაძარცვეს, „კამაზი“ მიაყენეს და ქვები ჩაყარეს. მინახავს, ტრაქტორი მიჰყავდა კაცს, ყორღანი უნდა გავხსნაო. ხომ შეიძლება ტრაფარეტი მაინც დაადოს ძეგლთა დაცვამ, რომ ეს არის კულტურული ძეგლი. ახლა არაფერი არ აწერია“, - ჰყვება კუკური მეტრეველი.

სამოქალაქო ორგანიზაცია „კვლევის ცენტრი“ სამცხე-ჯავახეთის კულტურულ მემკვიდრეობას იკვლევს. ცენტრის წარმომადგენლებმა 300-მდე სოფელი მოიარეს და ალაგ-ალაგ შავი არქეოლოგიის კვალსაც გადააწყდნენ, ძირითადად მივარდნილ ადგილებში.

„მიტოვებული ტაძრების გარშემო გვინახავს ნათხარები, ასევე მიწისქვეშა გვირაბებში. ერთხელ ამ შავი არქეოლოგიის გამო საინტერესო რაღაცებსაც გადავაწყდით. თხრილში ჩავედით და მე-10 საუკუნის ქვის კარი ვიპოვეთ.

მართალი გითხრათ, რას ძარცვავენ, არ ვიცი. ნაკლებ სავარაუდოა, მიწის ქვეშ რამე იყოს. ქრისტიანული დაკრძალვის წესი საფლავში ნივთების ჩატანებას არ ითვალისწინებს. ეს უფრო ძველ სამარხებში შეიძლება იყოს. მაგრამ უმეტესად შავ არქეოლოგიას რამე შედეგი არ მოსდევს“, - ამბობს „კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი ანა იმედაშვილი. მისი თქმით, განძის ძიება საქართველოში უფრო თურქეთის წაბაძვით დაიწყეს, სადაც შავი არქეოლოგია გაცილებით მომგებიანი ბიზნესია. მას თავისი თვალით არაერთხელ აქვს ნანახი გაძარცვული ძეგლები ტაო-კლარჯეთში.

„თურქეთი უდიდესი იმპერიის, ბიზანტიის მემკვიდრეა და იქ უფრო რეალურია, რამე იპოვო. იქ სახელმძღვანელოებიც კი არის ოქროს მაძიებლებისთვის. ტელევიზორში კი დეტექტორების რეკლამები გადის“, - ამბობს ანა იმედაშვილი, „თურქეთში კულტურის ძალიან ბევრი ძეგლი, მათ შორის ქართულიც, შეეწირა განძის მაძიებლობას“.

შავ არქეოლოგიას, რომელიც ფაქტობრივად ძარცვის ტოლფასია, სხვა დამაზიანებელი ეფექტიც აქვს - გადათხრილი შენობების ირგვლივ წყალი გუბდება და ისედაც დაზიანებულ ძეგლებს კიდევ უფრო უსწრაფებს სიცოცხლეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG