Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ კურსკის რეგიონში


კასეტური ბომბებით განადგურებული რუსული პონტონის ხიდი მდინარე სეიმზე (კურსკის ოლქი). 2024 წლის აგვისტო
კასეტური ბომბებით განადგურებული რუსული პონტონის ხიდი მდინარე სეიმზე (კურსკის ოლქი). 2024 წლის აგვისტო

რუსეთის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქში და მოახერხა კონტროლის აღდგენა უკრაინის სამხედრო ძალების მიერ აგვისტოში დაკავებულ რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე.

შეტევითი მოქმედების დაწყების შესახებ იუწყება უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState. უკრაინელ მკვლევართა თქმით სიტუაცია რთული უკრაინის თავდაცვის მარცხენა ფლანგზე.

„რუსმა სამხედროებმა დაიწყეს აქტიური საიერიშო მოქმედება, გადაისროლეს ჯავშანტექნიკა მდინარე სეიმზე, შემდეგ კი უფრო პატარა მდინარეებზე. კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ თავისი კონტროლის ქვეშ დაბრუნებული კორენევოდან და სნაგოსტიდან“, - ნათქვამია უკრაინული რესურსის ტელეგრამის არხში.

რუსეთის არმიის აქტიური კონტრშეტევის შესახებ იუწყებიან ასევე ომის მომხრე რუსული ტელეგრამის არხები: „რიბარი“ და „დვა მაიორა“.

„რიბარი“ წერს, რომ რუსეთის ჯარებმა დაიბრუნეს კონტროლი დასახლებულ პუნქტებზე: ობუხოვკა, ანაპასოვკა და ვიშნევკა.

ტელეგრამის არხი „დვა მაიორა" იუწყება, რომ რუსეთის მხრიდან იერიშს, არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით, ახორციელებს 155-ე საზღვაო-ქვეითი ბრიგადის 51-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკი.

დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ განაცხადა.

კურსკის რეგიონში რუსეთის ჯარების კონტრშეტევასთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი.

აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ბრძოლების შესახებ ცნობების ოპერატიულად დადასტურება.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და მას შემდეგ წინ მიიწევენ. კიევი ირწმუნება, რომ კურსკის ოლქში იერიშის დაწყების შედეგად კონტროლი დააწესა რუსეთის 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე. ეს რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების პირველი შეჭრაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარების შეჭრას გავლენა არ მოუხდენია მოსკოვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ (კრემლი ასე უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს).

ფორუმი

XS
SM
MD
LG