Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახლეჩილი აპრილი


დეა კულუმბეგაშვილი ვენეციის კინოფესტივალის დაჯილდოებაზე. 2024 წლის 7 სექტემბერი
დეა კულუმბეგაშვილი ვენეციის კინოფესტივალის დაჯილდოებაზე. 2024 წლის 7 სექტემბერი

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ ვენეციის ფესტივალის ბოლო დღეებში აჩვენეს, როცა კინემატოგრაფისტები, როგორც წესი, ტოვებენ ბიენალეს და ტორონტოში მიემგზავრებიან სექტემბრის კიდევ ერთ მთავარ კინოფორუმზე დასასწრებად.

„აპრილის“ პრემიერის დღეს ვენეციაში დარჩენილ კრიტიკოსებს და ჟურნალისტებს დაღლა ეტყობოდათ - დაღლა ჰოლივუდის ვარსკვლავების კაბებზე კამათისგან, ოთხსაათიანი ფილმებისგან, ამ დროისთვის სარეკორდო სიცხისგან. წარმომიდგენია, როგორ დაიღლებოდა ჟიური, რომელსაც წელს იზაბელ იუპერი ხელმძღვანელობდა. ჩვენგან განსხვავებით ეს ხალხი სეანსს დროზე ადრე ვერ დატოვებდა, გადაღლილი ტვინისთვის კი „აპრილი“ არაა სასიამოვნო სანახაობა.

„აპრილი“ იწყება უგრძესი კადრით, რომელშიც ჰუმანოიდის მსგავსი არსება, ვიღაცას ურჩხულს რომ მოაგონებს, ვიღაცას კი, უბრალოდ, ადამიანის სახეშეცვლილ სხეულს, ნელ-ნელა ცოცხლდება, სიბნელეში მიაბიჯებს და ღრმად სუნთქავს.

ფილმის შესავალი დასრულებული არ იყო, როცა დარბაზიდან გასვლა დაიწყეს (სეანსის წინ ვენეციის ფესტივალის ყველაზე დიდი დარბაზი „დარსენა“ აბსოლუტურად სავსე იყო). კინოთეატრმა, რომლის ეკრანზე რამდენიმე დღით ადრე ანჯელინა ჯოლი დიდი მონდომებით ბაძავდა მარია კალასს, ხოლო ჯოკერი - ჰოაკინ ფენიქსი კლასიკურ შლაგერებს ამღერებდა ლედი გაგასთან ერთად, „ექშენის“ მოყვარული ჟურნალისტებისგან ცოტა ამოისუნთქა. დარბაზი სულ სხვანაირი გახდა! ხალხი გასუსული შესცქეროდა ფილმს, რომლის მედიტაციური რიტმი, აუჩქარებლობა ავტორის ეთიკურ პოზიციას გამოხატავს.

ასეთი კინო სენსორული გამოცდილებაა. თუკი ფილმის ყურების დროს ფიქრი, შრომა, თანაშემოქმედება არ გეზარებათ, „აპრილი“ ერთი წამითაც არ მოგაწყენთ. მაგრამ თუკი დაღლილი ხართ, სჯობს დარბაზიდან გახვიდეთ და არ შეუშალოთ ხელი იმას, ვისთვისაც ყველაზე სასიამოვნო გართობა ფიქრია.

არადა, ისტორია, რომელსაც ყვება „აპრილი“, ტრადიციული კინოსთვის ძალიანაც მომგებიანია. ფილმის მთავარ პერსანაჟს, პროფესიით გინეკოლოგს, ნინას (ია სუხიტაშვილი) პაციენტის ქმარი ბრალს სდებს არაპროფესიონალიზმში, რამაც ახალშობილის სიკვდილი გამოიწვია. საავადმყოფოში გამოძიება უნდა დაიწყონ, თუმცა ნინას კოლეგები, რომელთაგანაც ერთ-ერთი მისი ყოფილი საყვარელია (კახა კინწურაშვილი), შიშობენ, რომ გამოძიების პროცესში დადასტურდება სოფლებში გავრცელებული ჭორი ნინას კიდევ ერთ საქმიანობაზე, არალეგალურ აბორტებზე.

ამ სიუჟეტზე შეიძლებოდა გადაეღოთ დეტექტივი, ან სოციალური თუ პოლიტიკური დრამა. მაგრამ ამბავი, რომელსაც „აპრილის“ სინოფსისში წავიკითხავთ, ნელ-ნელა დაიკარგება რედუცირებაში, დედრამატიზაციასა და მინიმალიზმში, ანუ იმ სტილში, რომელიც დეა კულუმბეგაშვილის წინა ფილმში, „დასაწყისშიც“ გამოჩნდა. ერთი პრინციპული განსხვავებით. „დასაწყისში“ თხრობა მთლიანად მეტაფიზიკამ გადაფარა (ალბათ კარლოს რეიგადასის გავლენით). „აპრილში“ თხრობა გადაფარა რეალობამ, გაძლიერებულმა რეალობამ, რომელიც, ვფიქრობ, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, პერსონაჟების მონოლოგები და დიალოგები კარგ, პროფესიონალ მწერალს რომ დაეწერა.

რეალობის შიგნით შეღწევის სურვილი აქ იმდენად ძლიერია, რომ ფილმი ნელ-ნელა იცლება მოვლენებისგან. იმდენად, რომ პეიზაჟები და ადამიანები თითქმის გათანაბრებულები არიან. სადღაც წავიკითხე კიდეც, ნინას სხეული თავად იქცევა პეიზაჟადო. შესაბამისად, ფილმის მსვლელობისას იკვეთება „აპრილის“ ორი მთავარი მოტივი - ერთი მხრივ, აპრილი, ბუნების გამოღვიძება, ნაყოფიერება, მიწა ( გაგახსენებთ, რომ დეა კულუმბეგაშვილის წინა ფილმს „დასაწყისი“ ერქვა) და, მეორე მხრივ, ახალგაზრდა და უკვე ასაკში შესული ქალების სხეულები, მშობიარობა, ბავშვის (ნაყოფის) სიკვდილი, უსიყვარულო და სასოწარკვეთილი სექსი. ეს მოტივები ქმნიან ამბავს, ოღონდაც „ამბავს“ არა კლასიკური სახით. „აპრილი“ კინორიტუალია, რომელიც თითქოს განზრახაა ისე გადაღებული და აწყობილი, რომ მისი მოყოლა შეუძლებელი გახდეს.

ვენეციის ფესტივალის გრან-პრი იზაბელ იუპერის ჟიურიმ გადასცა მაურა დელპეროს ფილმისთვის „ვერმილიო“. ვფიქრობ, სწორედ „აპრილი“ იმსახურებდა ამ პრიზს. ორივე ეს ფილმი, რომელთა ავტორები ქალები არიან, „ნელ კინოს“ შეიძლება მივაკუთვნოთ. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. „ვერმილიო“ დისკრედიტაციაა „ნელი კინოს“ ენის. ესაა სტატიკური ფერწერული სურათები, განსაზღვრული უფრო ტკბობისთვის, ვიდრე ჩაღრმავებისთვის - ტიპური ევროპული „არტჰაუსი“, რომელმაც დიდი ხანია კინოდან გააქრო მოძრაობა. „აპრილში“ სტატიკურობა მოჩვენებითია. სინამდვილეში ამბავი, როგორი „დეცენტრალიზებული“ და დაუსრულებელიც არ უნდა იყოს, ქმნის აქ მოძრაობის მუდმივ განცდას.

საქართველოში, მოგეხსენებათ, აბორტი აკრძალული არაა, თუკი მითითებული ვადები დაცულია. მაგრამ მიზოგინურ საზოგადოებას თავისი კანონები აქვს. მოულოდნელი ორსულობა სოფელში შეიძლება ქალზე ძალადობით და ტრაგედიით დასრულდეს. ამიტომაც ეხმარება ნინა ამ გოგოებს. ნინა იმასაც მიეჩვია, რომ ოჯახები სოფლად მოითხოვენ რაც შეიძლება სწრაფად დაორსულდეს ქალი, რადგანაც ნაყოფიერება („აპრილი“) წარმატების და კეთილდღეობის გამოხატულებად ითვლება.

ვფიქრობ, ეპიზოდიც, რომელმაც ყველაზე მეტად გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა (ნინა შემთხევით გაცნობილ მამაკაცს მანქანაში ჩაისვამს და ორალურ სექსს შესთავაზებს) გამოხატავს არა იმდენად ნინას მარტოობას, მის სურვილს გაიხალისოს ცხოვრება და, მით უმეტეს, არც ნინას სექსუალურ დისფუნქციას (როგორც ამტკიცებს „გარდიანი“), რამდენადაც ია სუხიტაშვილის პერსონაჟის სოლიდარობას ქალების მიმართ, რომლებზეც სწორედ ეს კაცები ძალადობენ ოჯახებში დაბრუნების შემდეგ. აქ შეიძლება იფიქრო, რომ დეა კულუმბეგაშვილმა შემთხვევით არ შეურჩია ეს სახელი ფილმის მთავარ გმირს - ნინო. დიახ, „აპრილის“ პროტაგონისტს სურს, რომ ველურობისგან იხსნას უღმერთო საზოგადოება, სადაც ქალს საკუთარი სხეულის ფლობის უფლებაც კი წართმეული აქვს.

„აპრილში“ გამოხატვის ვერბალური საშუალებები მინიმიზირებულია, მაგრამ კინოს ენა მაინც ამბობს ავტორის სათქმელს. თუნდაც კადრის კომპოზიციებით, რომლებშიც დისპროპორცია მუდმივად ხაზგასმულია. მაგალითად, ფილმის პირველსავე სცენაში, როცა ნინას დაკითხვას უწყობენ მსხვერპლის მამა და კოლეგები, ნინას სახე წინა პლანზეა, აშკარად საგანგებოდ გაზრდილი და მაინც ისეა წარმოდგენილი, თითქოს მამაკაცები თრგუნავენ მას. ძალიან კარგად ესმით ავტორის ეს ამოცანა ფილმის მსახიობებს, რომლებსაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ უკრძალავს ექსპრესიას და ხასიათის გამოხატვას. არადა, „არ ითამაშო“ კადრში, ზოგჯერ თამაშზე უფრო რთულია, მით უმეტეს, როცა კინოში თეატრიდან მოდიხარ. გაცილებით უფრო რთულია, „გახდე პეიზაჟი“ და ფაქტობრივად წარმოადგინო მხოლოდ სახე, თვალები, მთელი სხეული.

სხეული, ტანი „აპრილის“ წამყვანი ხატია. როცა ამას გაიაზრებ, ხვდები, რატომ დასჭირდა დეა კულუმბეგაშვილს ასეთი ხანგრძლივი კადრი-პროლოგი. არსება, რომელიც ჰუმანოიდს შევადარეთ, სინამდვილეში გამოხატავს დისმორფოფობიას, შიშს იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში სხეული მახინჯდება, ჭკნება, იხლიჩება. ცხადია, ამ შიშსაც სოციუმი ქმნის, უფრო სწორად - პატრიარქალური სისტემა, რომელსაც მწარე სილა გააწნა დეა კულუმბეგაშვილმა თავის ახალ ფილმში.

თუკი გრან-პრით აღნიშნულ იტალიურ ფილმში დრო გაყინულია, „აპრილში“ პირიქით, მოძრავი, „დაზუმული“, ძალიან ახლოდან წარმოდგენილი დრო იქცევა ფილმის მთავარ გმირად. დეა კულუმბეგაშვილს აინტერესებს, როგორ მოქმედებს წარსული აწმყოზე, როგორ უწევს წინააღმდეგობას პროგრესს და საბოლოოდ, როგორ ახერხებს მოთოკოს თავისუფლება.

აბორტის ცენტრალური სცენა, როცა მაყურებელი ექცევა რეალურსა და „სუპერრეალურს“ შორის, უძლიერესი კადრი-ეპიზოდი, გადაღებული რეალურ დროში, აგებულია ისეთ მოლოდინზე, ისეთ „სასპენსზე“, რომ ტრილერის საუკეთესო ოსტატსაც კი შეშურდება. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ჭექა-ქუხილის პეიზაჟის ძალიან ხანგრძლივ კადრ-ეპიზოდზე, ავის მომასწავებელ სახეზე, რომელსაც ერთდროულად ქმნიან ფილმის ოპერატორი არსენი ხაჩატურიანი და კომპოზიტორი მეტიუ ჰერბერტი ხმის რეჟისორებთან ერთად. არსებითად „კახეთი ჭექა-ქუხილის დროს“ არის „გახმოვანებული“ ელ გრეკოს პეიზაჟი, უფრო სწორად - გაცოცხლებული სურათი კინოს ენით. აქ უკვე ხვდები, რომ „აპრილს“ აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა უყურო. და აუცილებლად „გასუსულ“ დარბაზში, რომელიც, სხვათა შორის, მოლოდინის სიმძაფრის გამო ყველანაირ დაღლას ხსნის.

კინოკრიტიკა მეცნიერება არ არის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველას შეფასების ჩვენი, პირადი კრიტერიუმები გვაქვს. ჩემთვის კარგი კინო იმით იზომება, თუ რამდენად გრძნობს ავტორი მაყურებელს, რამდენად ესმის „პროცესები“, რომლებიც ფილმის აღქმისას მიმდინარეობს კინოდარბაზში.

თუკი დეა კულუმბეგაშვილის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში ე.წ. ნელი კინოს ესთეტიკა, ცოტა არ იყოს, თვითმიზნურის, მოდურის, ზედაპირულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, „აპრილში“ ეს „ნელი კინო“ უკვე მაყურებელთან ურთიერთობის ენად იქცა. „სინელე“ აქ სინამდვილესთან მიახლოებაა. მაშინაც კი, როცა სასტიკი რეალობის ახლოდან აღბეჭდვა შეიძლება პატრიარქალური კულტურისთვის „არაესთეტიკური“ სახით, დასისხლიანებული ვაგინის სურათით დასრულდეს.

პარადოქსი ისაა, რომ რაც უფრო ხანგრძლივია კადრი, მით უფრო გვშორდება გამოსახულება და მით უფრო უჩინარდება თავად ავტორი, რომელიც თავის მხრივ, სრულიად თავისუფლდება მანიპულაციის ცდუნებისგან. მაყურებელს კი ეძლევა საშუალება, თავად ჩაერთოს იმ სახეების დასრულებაში, რომელსაც რეჟისორი სთავაზობს. იგი ავტორის პარტნიორი ხდება. მაყურებელს თვალი ეხილება და ფინალში უკვე განსხვავებულად ხედავს იმ არსებას, რომელიც „აპრილის“ პროლოგში ჰუმანოიდს შეადარა. ურჩხული ლამის ქალი-წმინდანი ხდება. სახე არა აქვს, მაგრამ ცოცხალ სხეულად, ადამიანად იქცევა. სიკვდილის, ძალადობის, შიშის, სიღარიბისა და გახრწნის სამყაროში სიცოცხლე იბადება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG