გასულ ოთხშაბათს, 26 აგვისტოს, რუსეთის მედიაჯგუფმა „პატრიოტმა“ და ახალი ამბების ფედერალურმა სააგენტომ გამართეს პრესკონფერენცია თემაზე: „გახდებიან თუ არა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის ნაწილი?“
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ამ საკითხზე მსჯელობაში ტელეფონის საშუალებით მონაწილეობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად საერთაშორისო ფონდ „აფსნის“ ვიცე-პრეზიდენტი, მაქსიმ ღვინჯია, რომელსაც განსახილველი შეკითხვის პასუხად განუცხადებია, რომ აფხაზები ესწრაფვიან დამოუკიდებლობას და საზოგადოებაში არც კი განიხილება რუსეთთან შეერთების საკითხიო.
მაქსიმ ღვინჯია: „დამირეკეს ჟურნალისტებმა და მკითხეს, თუ რას ესწრაფვის აფხაზეთი - დამოუკიდებლობას თუ რუსეთთან ინტეგრაციასო? ცხადია, მე ვუპასუხე, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვესწრაფვით-მეთქი. აქ საზოგადოებრივი აზრი ამას არ განიხილავს, ჩვენთან დღის წესრიგში არ დგას რუსეთთან ინტეგრაციის საკითხი“.
ზემოხსენებული პრესკონფერენცია მიეძღვნა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავს.
საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.
მედიაჯგუფ „პატრიოტის“ კრეატიული დირექტორი, არტემ გალიცინი, იმითაც დაინტერესებულა, არსებობენ თუ არა აფხაზეთში პროდასავლელი პოლიტიკოსები.
მაქსიმ ღვინჯია: „ვუპასუხე, რომ ასეთი აქ არ არსებობს და ლოგიკურადაც უაზრობაა, რადგან სოციალურ დახმარებას რუსეთიდან ვიღებთ და რუსეთიდანაა ტურიზმის ძირითადი ნაკადიც. აი, სულ ეს იყო“.
ცხინვალში რუსეთთან ინტეგრაციაზე აზრი ორადაა გაყოფილი
ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე, როგორც „ეხო კავკაზამ“ გაარკვია, რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები აშკარად ემხრობოდნენ რესპუბლიკების რუსეთთან სრულ ინტეგრაციას.
რუსეთის პოლიტოლოგიური საზოგადოების თანათავმჯდომარეს, პროფესორ სტანისლავ ერემეევს უთქვამს, რომ „რუსეთი ყოველთვის ძლიერი იყო თავის გარშემო მიწების შემოკრებით, საქართველო კი არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე და ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობაო“ და გამოუხატავს რწმენა, რომ „მოძმე ხალხები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ, რადგან ეს არის 21-ე საუკუნის ტენდენცია“.
ამ „ტენდენციას“ არ იზიარებენ სოხუმში. ცხინვალის წარმომადგენლის პოზიცია რუსეთთან ინტეგრაციის საკითხში მცირედ განსხვავებული აღმოჩნდა.
ღონისძიებაში მონაწილე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრ დავით სანაკოევს, წარსულში სეპარატისტული ცხინვალის საგარეო საქმეთა მინისტრს, უთქვამს, რომ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა: საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა გავამაგროთ საკუთარი სახელმწიფო, მეორე - რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მიიჩნევს აუცილებლადო.
„ჩვენ ვერ ვახერხებთ ფეხზე დადგომას“
ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან „სრული ინტეგრაციის“ საკითხი მოსკოვში, რომელმაც 12 წლის წინ ეს ტერიტორიები დამოუკიდებლად ცნო, პირველად არ განიხილება. სხვადასხვა ფორმატში ეს თემა ადრეც წამოწეულა.
„მსგავსი საკითხები სულ განიხილება. როგორც ჩანს, ეს იმით არის გამოწვეული, რომ რუსეთი და სხვა ქვეყნები, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს შიგნით, რატომღაც ვერ ვახერხებთ ფეხზე დადგომას. ვფიქრობ, ამის გამო [ჩნდება ეს შეკითხვა]“, - განაცხადა ფონდ „აფსნის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მაქსიმ ღვინჯიამ.
შიდა პრობლემების გარდა, არსებობს საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების მიმართ.
რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებიდან 12 წლის განმავლობაში, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცნეს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და ნაურუმ. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.