Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ზღვის პირას სძინავს, ვის მანქანებში: ლიბანელები თავს ვერსად აფარებენ ისრაელის გამანადგურებელი დარტყმებისგან


ბეირუთის სამხრეთი უბანი - მოქალაქე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დანგრეულ შენობებთან.
ბეირუთის სამხრეთი უბანი - მოქალაქე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დანგრეულ შენობებთან.

ისრაელის გამანადგურებელი საჰაერო თავდასხმები ლიბანზე აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში, სადაც მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. ბეირუთში ათასობით ადამიანს სძინავს ზღვის პირას და ქუჩებში.

მაჰმუდს საბანზე სძინავს თავის ცოლსა და ორი წლის ვაჟთან ერთად ზღვის სანაპიროზე - ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.

ისინი იმ ათიათასობით ადამიანთა შორის არიან, ვინც ბეირუთში ეძებს თავშესაფარს მას შემდეგ, რაც ქვეყანას ისრაელის არმია ბომბავს.

"ბეირუთში ჩამოვედით იმიტომ, რომ გვეგონა, დედაქალაქი უფრო უსაფრთხო იქნებოდა", ამბობს მაჰმუდი, "მაგრამ ახლა აქ, ზღვის სანაპიროზე გვძინავს, უარაფროდ".

მაჰმუდი და მისი ოჯახი სამხრეთ ლიბანის ქალაქ ღაზიედან გაიქცნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონია. ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა მათი სახლი დააზიანა. ისინი მხოლოდ სამი ზურგჩანთით ავიდნენ ხალხით სავსე ავტობუსში და საცობებით სავსე გზებზე 20-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ბეირუთში ჩამოვიდნენ.

სამხრეთ ლიბანში ისრაელის სახმელეთო შეჭრამ და მისმა უწყვეტმა საჰაერო თავდასხმებმა ჰეზბოლას წინააღმდეგ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. ამ შეიარაღებულ დაჯგუფებას ირანი უჭერს მხარს, ხოლო მისი პოლიტიკური პარტია სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ლიბანის ოფიციალური პირების მიხედვით, 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 23 სექტემბერს ისრაელმა ამ ქვეყნის დაბომბვა დაიწყო. 1,2 მილიონამდე ადამიანი - მოსახლეობის მეხუთედი - იძულებით გადაადგილებული გახდა, რაც იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა ყველაზე დიდი რაოდენობაა ქვეყნის ისტორიაში.

ბეირუთში სკოლები, უნივერსიტეტები, მეჩეთები და ფეხბურთის სტადიონები ლტოლვილთა თავშესაფრებად იქცა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, ათასობით ადამიანს წასასვლელი არსად აქვს და ზღვის სანაპიროებზე, პარკებსა და სკვერებში, ან თავიანთ მანქანებში სძინავთ.

მაჰმუდმა და მისმა ოჯახმა ბოლო ოთხი დღე ბეირუთის ელ-მანარას პლაჟზე გაატარეს. მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან გაზიარებული საკვებით გააქვთ თავი.

"არ ვიცით, რა ვქნათ", ამბობს მაჰმუდი. "ყველა თავშესაფარი სავსეა".

ოჯახი შიშობს, რომ იძულებული იქნება, კვლავ სხვაგან წავიდეს. დაახლოებით 2,5-მილიონიანი, მჭიდროდ დასახლებული ბეირუთი, ისრაელის გამანადგურებელი საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა, რის შედეგადაც მისი ნაწილი ნანგრევებად იქცა.

"შეშინებულები ვართ", ამბობს მაჰმუდი. "ყოველდღე ბომბები სულ უფრო ახლოს ცვივა. არ ვიცით, სადღა წავიდეთ".

დაბომბვის საფრთხეს გაქცეული - ქუჩაში მობინადრე ბავშვები
დაბომბვის საფრთხეს გაქცეული - ქუჩაში მობინადრე ბავშვები

მწიფდება ჰუმანიტარული კრიზისი

ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულთა მასშტაბით შეძრული ლიბანის დროებითი მთავრობა უკვე ცდილობს, დაეხმაროს გასაჭირში მყოფ ყველა ადამიანს. თავშესაფრები სავსეა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაახლოებით 500 სკოლა დროებით თავშესაფრებად აქცია.

მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დაიწყო ლიბანში ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის შედეგად დაზარალებული 1 მილიონზე მეტი ადამიანის საკვებით მომარაგების საგანგებო ოპერაცია.

ორგანიზაციამ, რომელმაც გაფრთხილება გამოთქვა, რომ ლიბანი "კრიტიკულ მდგომარეობაშია", განაცხადა, რომ ანაწილებს საკვებსა და ფულს თავშესაფრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ისრაელმა 1 ოქტომბერს დაიწყო სახმელეთო შეჭრა სამხრეთ ლიბანში. ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, გაამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც მწიფდება ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში.

მალევე მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა გადაკვეთეს საზღვარი 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომის შემდეგ პირველად, ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში ათობით დასახლებული პუნქტის დაცლის ბრძანება გასცეს.

„თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს“

ისრაელის არმიამ დარტყმა მიაყენა ახლო აღმოსავლეთის სიდიდით მესამე ქალაქის - ბეირუთის სხვადასხვა რაიონს, მათ შორის ცენტრს, რომელზეც 3 ოქტომბერს მიიტანა ისრაელმა იერიში. ავიადარტყმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ერთ-ერთი ობიექტი.

BBC-ს, Reuters-ისა და CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, ეს ობიექტი ჰეზბოლას სამედიცინო ცენტრია. შენობა მდებარეობს ლიბანის პარლამენტის და გაეროს ოფისის მახლობლად. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად არიან დაღუპულები.

30 სექტემბრის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელის არმიამ ბეირუთის ცენტრი დაბომბა.

საკუთარი სახლები ბეირუთში უამრავმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის არის მარია, ბანკის თანამშრომელი, რომელმაც უკვე ორჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ქალაქის ფარგლებში.

„გასულ კვირაში მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ, დავტოვეთ ბინა მას მერე, რაც ორი ქუჩის მოშორებით ჩამოვარდა ბომბი“, - გვიამბობს 27 წლის ქალი, რომელიც ბეირუთის ცენტრში, მსაიტბეხის რაიონში ცხოვრობს.

„ახლა ნათესავებთან ვართ ქალაქის სხვა არეალში, მაგრამ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს“.

ბეირუთის სამხრეთი არეალები ჰეზბოლას საყრდენია. ეს ორგანიზაცია აშშ-მა ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში შეიტანა. თუმცა, ევროპის კავშირის ქვეყნების შავ სიაში მისი მხოლოდ შეიარაღებული ფრთა მოხვდა.

ისრაელის არმია თავს ესხმის ამ რაიონს, რომელიც მრავალბინიანი კორპუსებისგან შედგება.

ბეირუთის სამხრეთი - ქალაქ-მოჩვენებას დაემგვანა, ქუჩები დაცარიელებულია, მხოლოდ შენობების ნანგრევები მოჩანს.

მარია ჰყვება, როგორ აფარებდა თავს სასტუმროებს და ცარიელ შენობებს თავდასხმებს გამოქცეული ხალხი, ვინც სასოწარკვეთილი დაეძებდა თავშესაფარს.

„სინათლეს არ ვაქრობთ, რადგან ვიღაც შეიძლება შესვლას შეეცადოს“, - ამბობს მარია, რომელიც ქალაქის ვითარებას ასე აღწერს: „ბეირუთში ქაოსია. არავითარი წესრიგი აქ არ არის: ადამიანებმა არ იციან, რა იქნება ხვალ“.

ბეირუთის სამხრეთი გარეუბნები. ისრაელის დაბომბვას გაქცეული ადამიანები ლიბანის დედაქალაქის ცენტრში ათევენ ღამეს.
ბეირუთის სამხრეთი გარეუბნები. ისრაელის დაბომბვას გაქცეული ადამიანები ლიბანის დედაქალაქის ცენტრში ათევენ ღამეს.

“ეს სულ სხვაა”

მანალს, ორი შვილის დედას, ჯერ არ დაუტოვებია თავისი ბინა და თავი არ შეუფარებია ბეირუთის ცენტრის, ბურჯ აბი ხაიდარის უბნისთვის. შიშობს, რომ საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწევს - "ეს მხოლოდ დროის ამბავია".

„ყოველღამე ვალაგებთ ბარგს, - ამბობს 40 წლის ქიმიკოსი, - სულ ბომბების აფეთქების ხმა ისმის. ფეხქვეშ მიწა ზანზარებს ხოლმე“.

მანალი გვიამბობს, რომ მისი ზოგიერთი მეგობარი და ნათესავი უსაფრთხო ადგილის ძებნაში ბეირუთის თავზე მდებარე მთებში გაიხიზნა. „მაგრამ, როგორც გვიყვებიან, ბომბები მათ იქაც სწვდება“. მანალი ჰეზბოლასა და ისრაელს შორის დაპირისპირებას შეესწრო ჯერ კიდევ 2006 წელს, რისი მიზეზიც ლიბანის დაჯგუფების მიერ ისრაელის ჯარისკაცების გატაცება გახდა.

მაშინ 34-დღიანი სამხედრო მოქმედების - ჰესბოლას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული მასირებული საჰაერო დარტყმების განმავალობაში 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ადრეც მინახავს ომი. მაგრამ ეს სულ სხვაა“, - ამბობს მანალი. „აქ უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. მთელი ქვეყანა ალყაშემორტყმულია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG