ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 2022 წლის დეკემბერში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ამ მნიშვნელოვან თავყრილობას უკრაინა პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერითა და ამბიციური გეგმებით ხვდება და იმედოვნებს, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში სრულფასოვნად შეუერთდება ევროკავშირის ოჯახს.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინა ამ სამიტზე ვერ მიიღებს დაპირებას, დაჩქარებული ტემპებით გაწევრიანების შესახებ. სამიტის ფონია კორუფციის ხმაურიანი სკანდალები და რეფორმების ახალი ტალღის გამოცხადება.
- რას მოელის და რას მიიღებს უკრაინა 3 თებერვალს, კიევში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე?
ევროკავშირ-უკრაინის მორიგი სამიტის კიევში ჩასატარებლად, მხარეებმა მზადება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში დაიწყეს. 2 იანვარს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობებში ხაზგასმული იყო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, სატელეფონო საუბრის დროს, განიხილეს „მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები“ და „შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე“.
ურზულა ფონ დერ ლაიენის გარდა, წინასწარი ინფორმაციით, კიევში ელოდებიან ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელსა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. საერთაშორისო მედია წერს, რომ სამიტზე არ ჩავლენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, თუმცა მათთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა ევროკავშირის ევროპული საბჭო, სამიტის კომუნიკეს საბოლოო ტექსტის შესათანხმებლად.
როგორია მოლოდინი?
31 იანვარს, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ სამიტისთვის მზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა და „მთლიანობაში, ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“.
„ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს უკრაინისთვის. ველოდებით ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინსტიტუციებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში მიღწეულ დონესა და პროგრესს. პროგრესი აშკარად ჩანს - სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Politico 31 იანვარს აღნიშნავდა, რომ გარკვეული ქვეყნები კომუნიკეს ტექსტში დამატებითი დაპირებების ფორმულირებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. „კიევის მოლოდინი საკმაოდ მაღალია, მაგრამ არსებობს აუცილებლობა, რომ შესრულდეს ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია. ეს არის დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, - გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის ინკოგნიტო წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს.
EURACTIV-ი წერს, რომ სამიტზე მოსალოდნელია პროგრესის მიღწევა შემდეგი მიმართულებებით: უკრაინული საქონლის ექსპორტის საბაჟო მოსაკრებლისგან გათავისუფლება, როუმინგისგან თავისუფალ ზონაზე წვდომა, ევროთი ანგარიშსწორების ერთიან სივრცეში ჩართვა და მხარეები ასევე გეგმავენ მემორანდუმის გაფორმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, განახლებადი ენერგიის სფეროში.
AFP-ის თანახმად, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა კაბინეტის სხდომაზე თქვა, რომ მომავალი სამიტი „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება კიევის მიზნისთვის - შეუერთდეს ევროკავშირს. მისი სიტყვებით, სამიტის კიევში გამართვა „მძლავრი სიგნალია ორივესთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მტრებისთვის“. ასევე შმიჰალის ინფორმაციით, 2 თებერვალს გაიმართება უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიის მნიშვნელოვანი შეხვედრა - ასეთი კონსულტაციები დაიგეგმა „პირველად ისტორიაში“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 31 იანვარს აღნიშნა, რომ მთავრობის საერთაშორისო გუნდსა და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მზადდება „უკრაინული პოზიციები“ ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.
პერსპექტივები უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლასაც
ევროკავშირის სამიტს წინ უსწრებდა ხმაურიანი პროცესები სამთავრობო ეშელონებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, რასაც არაერთი თანამდებობის პირის გათავისუფლება ან გადადგომა მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, სამიტის კომუნიკეში ხაზგასმული იქნება კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობა.
კორუფციის სკანდალის გამო, ბოლო პერიოდში, უკრაინაში თანამდებობები დატოვეს ექვსი მინისტრის მოადგილეებმა და მათ შორის - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, სამხედროების სურსათით მომარაგებაში საქმესთან კავშირში. ბოლო დღეებში, ასევე კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების პროცესში, პოსტები დატოვა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხუთმა ხელმძღვანელმა.
მანამდე კი, 21 იანვარს, დააკავეს ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ვასილი ლოზინსკი, ე.წ. გენერატორების სკანდალთან დაკავშირებით, 400 ათასი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით.
სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს მზადებას ძირეული რეფორმების ახალი ტალღისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვამზადებთ ახალ რეფორმებს უკრაინაში. ეს რეფორმები მრავალი ასპექტით შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას - უზრუნველყოფენ მათ მეტ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას“, - თქვა ზელენსკიმ 31 იანვარს და დასძინა, რომ მეტი დეტალი ევროკავშირის წარმომადგენლებთან „შესაბამისი შეხვედრების შედეგების მიხედვით“ გასაჯაროვდება.
კორუფციასთან ბრძოლის პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს ევროკომისია. „უკრაინამ მომავალში მეტს უნდა მიაღწიოს კორუფციის გამოვლინების საქმეში“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, იანვრის მიწურულს. ითქვა ასევე, რომ ანტიკორუფციული ზომების გატარება მნიშვნელოვანი პირობაა საფინანსო დახმარებისთვის და ასევე ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებისთვის.
ევროკომისია იმედოვნებს, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის მიღების პროცესში, ქვეყანაში კიდევ უფრო გააქტიურდება ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ხმაურის ფონზე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა:
- 24 იანვარს, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. განისაზღვრა პირობები ელექტრონული წესით ანგარიშგებისთვის ყველა ტიპის პროდუქციაზე, რომლის ღირებულებაც 200 ათას გრივნაზე (დაახლოებით 14 ათასი ლარი) მეტია.
- 23 იანვარს, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უახლოეს ხანში დასრულდება“ კონკურსი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის შესარჩევად და ამით დაასრულებენ დამოუკიდებელი „ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“.
„ახლა გარკვეული საკადრო სიწყნარეა... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადადგმულია. იქნება გადაწყვეტილებები. სავარძლებში ჯდომა აღარ ღირს მათთვის, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხოვნებს“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 31 იანვარს.
კიდევ რამდენი წელი?
უკრაინამ, რომელმაც, მოლდოვის მსგავსად და საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ივნისში მიიღო და ახლა უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლას ელოდება. იმისათვის, რომ წევრი გახდეს, უნდა დაიწყოს და წარმატებით გაიაროს „გაწევრიანების მოლაპარაკებების“ ეტაპი.
POLITICO-ს მოჰყავს პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის სიტყვები - „მოველით, რომ წელს, 2023-ში, ჩვენ უკვე გადავალთ გაწევრიანების წინა მოლაპარაკებების ეტაპზე“.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ასევე განმარტავს, რომ ქვეყანას აქვს ევროკავშირში მომდევნო ორ წელიწადში გაწევრიანების „ამბიციური გეგმა“.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, შემოდგომის დასკვნები შესაძლოა პოზიტიური იყოს, რადგან „ახლა ევროპაში პოლიტიკური ვითარება უსწრაფესად იცვლება და გამორიცხული არაფერია“, - მაგრამ, მისი შეფასებით, კიდევ არაერთი წელი დასჭირდება უშუალოდ „გაწევრიანების მოლაპარაკებების“ ეტაპის გავლას. ეს ეტაპი, სფეროების მიხედვით, ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის მკაცრ შემოწმებას გულისხმობს.