უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან კიევში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ისტორიული დაახლოების კუთხით. ინფორმაცია ზელენსკის ტელეგრამის არხით ვრცელდება.
„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ მეტის მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ვიზიტით დღეს ჩავიდა. ზელენსკისთან შეხვედრის გარდა, მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო ცენტრში მოინახულა კიევში. მიშელი ტვიტერზე წერს, რომ „ვეტერანთა გამბედაობა შთამბეჭდავია“ და „უკრაინა გაუტეხელია".
შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს და პარლამენტის წევრებს შეხვდება.
მიშელის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდთან განიხილავს კონკრეტულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად.
18 იანვარს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკების და სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებას.