აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელი მეამბოხეების გადასროლის შესახებ პირველი ცნობები სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა დასავლურ მედიაში.
სააგენტო „როიტერსისა” და „ბი-ბი-სის”, ასევე ბრიტანული „გარდიანისა“ და „ინდეპენდენტის“ კორესპონდენტებმა ეს ცნობები მოიპოვეს იმ წყაროებისგან, რომლებთან ურთიერთობაც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ სირიის სამოქალაქო ომის გაშუქების დროს.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი თავისუფალი სირიის არმიის (SNA) ვეტერანები ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ ისინი თურქულმა კერძო კომპანიამ დაიქირავა აზერბაიჯანში სამუშაოდ.
დაპირებული ანაზღაურების დაკარგვისა თუ შესაძლო შურისგების შიშით, მრავალმა მათგანმა უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე.
მაგრამ SNA-ს სხვადასხვა წყარომ დასავლურ მედიაორგანიზაციებს უამბო, რომ მათ 1200-დან 2000 $-მდე ანაზღაურებას დაჰპირდნენ აზერბაიჯანში ერთთვიანი მუშაობის სანაცვლოდ.
მათი ნაამბობი ერთმანეთს წააგავს. მებრძოლებს უნდა შეესრულებინათ დაცვის მოვალეობა აზერბაიჯანის კუთვნილ სანავთობე ობიექტებზე ან იმ სადემარკაციო ხაზზე, სადაც ერთმანეთთან უშუალო შეხებაში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები 27 სექტემბრამდე, ანუ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციამდე.
თურქეთის მხარდაჭერით ჩრდილოეთ სირიაში მოქმედმა მებრძოლებმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრეს, რომ მათი გადასროლა აზერბაიჯანში მოხდა ანკარის მხარდაჭერით.
მაგრამ სააგენტომ აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო ამ ინფორმაციის დადასტურება.
„მე არ მსურდა წასვლა, მაგრამ სრულიად უფულოდ ვიყავი, სიღარიბეში ცხოვრება კი ძალიან ძნელია“, - უთხრა „როიტერსს“ ერთ-ერთმა მეამბოხემ, რომელიც მანამდე სირიაში იბრძოდა თურქეთის მხარდაჭერით მოქმედ აჰრარ ალ-შამის დაჯგუფების რიგებში.
მალე სირიელ მეამბოხეებს სანანებელი გაუხდათ აზერბაიჯანში წასვლაზე თანხმობის მიცემა. როგორც რამდენიმე მათგანმა უთხრა „როიტერსს“, ისინი აღმოჩნდნენ პირდაპირ სასტიკი ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც 27 სექტემბერს დაწყებული საომარი დაპირისპირების შემდეგ ასობით ჯარისკაცი დაიღუპა.
ოქტომბრის დასაწყისში სირიიდან დაიწყო ცნობების გავრცელება ბრძოლის ველზე დაღუპული, აზერბაიჯანის მხარეზე მებრძოლი, ათობით სირიელი მებრძოლის ცხედრების ტრანსპორტირების თაობაზე.
ბრალდებების ომი
რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ უთხრა, რომ სექტემბრის ბოლოს თურქეთმა 4 000-მდე სირიელი მებრძოლი გადაისროლა აზერბაიჯანის მხარეზე საბრძოლველადო.
მაგრამ ელჩ ტოგანიანის მიერ დასახელებული რიცხვი გადაჭარბებულად მიიჩნიეს იმ ექსპერტებმაც კი, რომლებიც სანდოდ მიიჩნევენ ცნობებს აზერბაიჯანში სირიელი დაქირავებული მეომრების ყოფნის შესახებ.
მაგრამ შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელებმა გაავრცელეს ოფიციალური განცხადებები აზერბაიჯანის მხარეზე მყოფი სირიელ დაქირავებულების შესახებ. თუმცა განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია.
„ჩვენ არ გაგვაჩნია იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებების წევრმა სირიელმა მებრძოლებმა [თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ] გაზიანტეპის გავლით ჩააღწიეს მთიანი ყარაბაღის ომის თეატრამდე“, - განაცხადა მაკრონმა 1 ოქტომბერს. „ეს იმდენად სერიოზული ახალი ფაქტია, რომ ცვლის რეგიონში შექმნილ ვითარებას“, - დასძინა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ჰასან როჰანის თქმით, ირანის მოსაზღვრე მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტისაკენ „სირიელ ტერორისტთა ის ჯგუფი“ გაეშურა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ებრძვის ირანის სტრატეგიული მოკავშირის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის, ხელისუფლებას.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) შეფი კი შიშობს, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარმა ესკალაციამ რეგიონი შესაძლოა გადააქციოს „ახალ პლაცდარმად საერთაშორისო ტერორისტებისათვის“, რომლებიც, სერგეი ნარიშკინის ვარაუდით, რუსეთსა და სხვა ახლომდებარე ქვეყანაში გადავლენ.
„ჩვენ ვლაპარაკობთ ასობით და, უკვე შესაძლოა, ათასობით რადიკალზე, ყარაბაღის ახალ ომში გასამრჯელოს მიღებაზე რომ ოცნებობენ“, - განაცხადა 6 ოქტომბერს ნარიშკინმა.
ასეთი გამონათქვამები სასაცილოდ არ ჰყოფნით თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ორივე, საფრანგეთი და რუსეთი, როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით შექმნილი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, სომხურ მხარეს სამხედრო დახმარებას უწევენ, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა რატომღაც გვერდი აუარა იმას, რომ რუსეთი შეიარაღებას ყიდის ასევე აზერბაიჯანში.
ჰიკმატ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ცოტა ხნის წინ ჭორი უწოდა ინფორმაციას სირიელი მეამბოხეების გადასროლის შესახებ აზერბაიჯანის დასახმარებლად. „ეს არის სრული ნონსენსი და სომხეთის მხარის მორიგი პროვოკაცია“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.
იმავე დროს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, სომხეთის მხარეზე ანკარის მიერ აკრძალულად გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)-ს მებრძოლები ომობენო.
არ არსებობს ფაქტები, ეს მხოლოდ ჭორია
აზერბაიჯანელთა უმრავლესობა სირიელი დაქირავებულების შესახებ გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანის დისკრედიტაციისაკენ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.
მათ შორის არის ბაქოში მოღვაწე უფლებადამცველი ანარ მამადლი, რომელსაც არ სჯერა, რომ ყარაბაღის ომში სუნიტური დაჯგუფება SNA-ს მებრძოლები ეხმარებოდნენ უპირატესად შიიტი სამხედროებისგან შემდგარ აზერბაიჯანის არმიას.
„არ არსებობს კონკრეტული ფაქტი, რომ, გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, თურქეთი სამხედრო ძალით ეხმარებოდეს აზერბაიჯანს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობა და დაუდასტურებელი ცნობების გავრცელება არის მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის რელიგიურ სარჩულში გახვევას“, - დაწერა ტვიტერში ანარ მამადლიმ.
აზერბაიჯანელმა ფრილანსერმა ჟურნალისტმა, სიემურ კაზიმოვმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე ჭორი უწოდა აზერბაიჯანში სირიელი მეამბოხეების ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ეს სკანდალი ააგორა ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა, რომელმაც მთელი სტატია ააგო ერთი კაცის ნაამბობზე, ყოველგვარი სახელისა და ფოტოს გარეშე. სულ ესაა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. თავად ჩემთვისაც კი, როგორც ჟურნალისტისთვის, შეუძლებელი აღმოჩნდა ასეთი ინფორმაციის მოპოვება, - ამბობს კაზიმოვი. იგი აცხადებს, რომ არც ერთი სირიელი დაქირავებული არ დაჭრილა და არ დაღუპულა აზერბაიჯანის მხარეზე.
„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ ჭორებია. ეს არასერიოზული განცხადებებია“, - დასძენს კაზიმოვი.
დახოცილ სირიელთა გვამები
მიუხედავად იმისა, თუ როგორ აფასებს კაზიმოვი სიტუაციას კონფლიქტის გაშუქების თვალსაზრისით, სირიიდან და თურქეთიდან სულ უფრო მეტი ახალი ცნობა ვრცელდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაღუპული 50 სირიელი დაქირავებულის შესახებ.
13 ოქტომბერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ დადასტურდა 51 სირიელი დაქირავებული მებრძოლის გვამის გადმოსვენების ფაქტი.
აშშ-ის კონგრესის წევრმა ფრენკ პელოუნმა (დემოკრატი, ნიუ ჯერსიდან) თავის ტვიტერის გვერდზე გაიზიარა „უოლ სთრით ჯოურნალის“ 14 ოქტომბრის სტატია, რომელშიც საუბარია აზერბაიჯანის არმიის მხარეზე მებრძოლი ასობით პროთურქი სირიელი დაქირავებულის შესახებ.
კონგრესმენმა პელოუნმა მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ვაშინგტონის პარტნიორებს, დაგმონ საერთაშორისო სამართლის ეს უხეში ხელყოფა. „აშკარაა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი იყენებენ უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ აგრესიაში“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.
სტამბოლში მოღვაწე ჟურნალისტ ლიზ კუკმანს, რომელიც „ფორინ პოლისისთვის“ წერს სტატიებს, თურქეთში მოქმედმა SNA-ს წყაროებმა დაუდასტურეს 1 500-მდე სირიელი მებრძოლის გადასროლა მთიან ყარაბაღში.
„პირველი მებრძოლები სექტემბრის ბოლოს გადაიყვანეს ჩრდილოეთ თურქეთში, გაზიანტეპში, იქიდან გადააფრინეს ანკარაში, საიდანაც 15 სექტემბერს აზერბაიჯანში გადაისროლეს. სამხედრო წყაროების ცნობით, SNA-ს სარდლობის წარმომადგენლები უფრო ადრე გამოჩნდნენ რეგიონში აზერბაიჯანის არმიასთან მეამბოხეების გადასროლის საკითხების შესათანხმებლად“, - იუწყებოდა კუკმანი 5 ოქტომბერს.
სირიელი მებრძოლები, რომლებსაც ოთხთვიანი კონტრაქტის თანახმად, თურქულ ლირებში უნდა მიეღოთ თვეში $1,500-ის გასამრჯელო, კუკმანის თქმით, უკვე ნანობენ ამ ნაბიჯს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 55 სირიელი დაქირავებული დაიღუპა მთიანი ყარაბაღის გარშემო გამართულ სასტიკ შეტაკებაში.
გეოლოკაცია VS დეზინფორმაცია
აზერბაჯანში მებრძოლი სირიელი დაქირავებულების შესახებ გავრცელებული ცნობების უკან არ დგას მხოლოდ ანგარიშგასაწევი საერთაშორისო მედია, სამთავრობო წრეები და დამოუკიდებელი ანალიტიკოსები.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება უამრავი ვიდეო, რომლებზეც, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის მხარეზე მებრძოლი სირიელი მეამბოხეები უნდა იყვნენ ასახული.
გაზეთ „ინდეპენდენტის“ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვიდეოზე, რომელზეც სირიელი მებრძოლები აცხადებენ, რომ იმყოფებიან სომხეთის ტერიტორიაზე. ამ კადრების გეოლოკაციური ანალიზით ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ კადრები გადაღებულია აზერბაიჯანულ პუნქტ ჰორაზდში, რომელიც მთიანი ყარაბღის კონფლიქტის ფრონტის ხაზიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მეორე ვიდეოზე გამოსახულია ფრონტის ხაზზე მყოფი ახალგაზრდა სირიელი მამაკაცი, რომელიც, „ინდეპენდენტის“ თანახმად, სირიის საკითხთა ექსპერტ ელიზაბეთ ცურკოვის მიერ იდენტიფიცირებული იქნა, როგორც 23 წლის მუსტაფა ყანი, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ჰამზას ქვედანაყოფის მებრძოლი.
იმავე გეოლოკაციური ანალიზის მეთოდით, ვიდეო გადაღებული უნდა იყოს კონფლიქტის ზონის ახლოს მდებარე აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტ ჰორაზდში, იარაღის საწყობის მახლობლად.
ცურკოვმა, რომელიც აცხადებს, რომ პირადად აქვს ურთიერთობა აზერბაიჯანის მხარეზე მებრძოლ სირიელ მეამბოხეებთან, 11 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო. ცურკოვის თქმით, ვიდეოზე გამოსახული უნდა იყვნენ აზერბაიჯანულ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი „სირიის ეროვნული არმიის“ (SNA) მებრძოლები, რომლებმაც ეს ვიდეო ირანის საზღვრის მახლობლად გადაიღეს.
მაგრამ ისიც ცხადია, რომ ზოგიერთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომასალა არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი აქტორი ყალბ ვიდეოკადრებს ავრცელებს დეზინფორმაციის მიზნით.
რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა შეისწავლა 4 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ერთი პატარა ვიდეო მთიან ყარაბაღში თითქოსდა ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის შესახებ.
გეოლოკაციური ტექნიკის წყალობით აღმოჩნდა, რომ 37-წამიანი ვიდეო, სინამდვილეში, გადაღებულია ყირიმში, შავი ზღვის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული 2014 წლის შემდეგ.
დიდ ბრიტანეთში მოქმედმა საგამოძიებო ჯგუფმა „ბელინგკეტმა“ 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში. გაირკვა, რომ ტელეგრამის არხი, რომელიც კერძო რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ არის ასოცირებული, სირიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა ანალიტიკოსთა „ტროლინგის“ მიზნით, იმის საჩვენებლად, თითქოს მთიან ყარაბაღში რუსი დაქირავებულებიც იბრძოდნენ.
ასეთმა საქმიანობამ თავისი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში მყოფი სირიელი მეამბოხეების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ორად გახლეჩაში.
თურქეთის ლიბიური პრეცედენტი
მთიანი ყარაბაღი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთი დადანაშაულებული აღმოჩნდა მის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხეების სხვა ქვეყნებში გამოყენების მცდელობაში.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, თურქეთმა 2019 წლის დეკემბერში დაიწყო მის მიმართ ლოიალურად განწყობილი 5 000-მდე სირიელი მებრძოლის რეკრუტირება, საერთაშორისოდ აღიარებული ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის (GNA) მხარდასაჭერად.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსმა კონტრაქტორებმა, თავის მხრივ , 1 200 სირიელი გადაიბირეს ლიბიის მთავრობასთან დაპირისპრებული ხალიფა ჰაფტარის მხარდასაჭერად.
დასავლეთის სხვადასხვა მედიის მიერ მოპოვებული ცნობით, პირობის თანახმად, თურქეთის მიერ დაქირავებულ სირიელ მებრძოლებს ლიბიის ობიექტების დაცვის სამუშაო უნდა შეესრულებინათ. მაგრამ მოგვიანებით სირიელი დაქირავებულები რუსეთის მომხრე ხალიფა ჰაფტარის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩნდნენ ჩაბმული.
გაეროს გამომძიებლებმა დაადგინეს ასევე თურქეთის მიერ მხარდაჭერილი SNA-ის მებრძოლების მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული სირიაში - ადამიანთა გატაცება, გაუპატიურება და გამოძალვა.
თურქეთის მთავრობის მომხრე ანალიტიკურ ცენტრ SETA-ს თანახმად, სირიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, SNA-ს შიგნით არსებული 28 ქვედანაყოფიდან 21-მა დახმარება აშშ-დან მიიღო.
მაგრამ სირიის ნაციონალური არმიის სხვა ქვედანაყოფებს - მათ შორის აჰრარ ალ-შამს - მანამდე ალ ყაიდასთან ჰქონდათ კავშირი, რის გამოც აშშ-მა ისინი „ტერორისტულ“ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.
ნეილ ჰაუერი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტი, თავდაპირველად სკეპტიკურად ეკიდებოდა მთიან ყარაბაღში სირიელი მეამბოხების აზერბაიჯანის მხარეზე ბრძოლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, მაგრამ ახლა ამბობს, რომ აზერბაიჯანში სირიელთა ყოფნის შესახებ არსებობს „მყარი მტკიცებულებები“, რომელთა იგნორირება შეუძლებელია.
„თურქეთის არმია იმეორებს იმასვე, რაც სირიაში ჩაიდინა. მაგრამ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სრულიად განსხვავებულია, რადგან მასში მონაწილეობს ორი ქვეყნის პროფესიული არმია. სირიელი დაქირავებულები იქ განწირულნი არიან. ბრძოლის ველზე ამ ბიჭების ფასი ერთობ უმნიშვნელოა“, - ამბობს ნეილ ჰაუერი.