რა მიზეზით გაძლიერდა სამხედროების დაცვა უკრაინის პარლამენტისა და ადმინისტრაციული შენობების გარშემო, რატომ გამოიწვია უკრაინაში დიდი ხმაური მიხეილ სააკშვილის ამასწინანდელმა განცხადებამ და ერევა თუ არა საქმეში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ზორიან შკირიაკი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, რომელსაც, პირველ რიგში, ვთხოვეთ განემარტა, თუ როგორ ცდილობს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას მოსკოვი.
ზორიან შკირიაკი: პირველ რიგში, ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს დღეს უკვე დაწყებული აქვთ მცდელობა თავს დაესხან ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოთა სერვერებს, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებს და პრაქტიკულად ყოველდღე ვხდებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების მოწმე. ეს არის საინფორმაციო სივრცეში დესტაბილიზაციის, პანიკისა და ისტერიის გამოწვევის მცდელობა, უნდობლობის - მაგალითად, სამართალდამცველი ორგანოების მიმარ უნდობლობის - გამოწვევის მცდელობა.
ეს უკვე დაიწყო და ბოლო რამდენიმე კვირა საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ გააქტიურებულია. მტერი, ოკუპანტი რეგულარულად გვესხმის თავს ყველა სახის აკრძალული იარაღით: ეს არის ნაღმსატყორცნები, ტანკები, 155-ტ და 152-ტ მილიმეტრიანი კალიბრი...ზორიან შკირიაკი
კობა ლიკლიკაძე: თქვენ თქვით, რომ რუსეთის პროპაგანდისა და ფეიკნიუსების სამიზნეა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაგრამ რა ვუყოთ ისეთ შეფასებებს, რაზეც ადგილობრივ მედიაშიც იწერება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის სასარგებლოდ მოქმედებს? ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
ზორიან შკირიაკი: ეს სრული მონაჩმახია და მანიპულაცია. როცა ყალბ ინფორმაციაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ მანიპულაციასაც, როცა ცდილობენ ფაქტის თავდაყირა დაყენებას და თვითონ როგორც სურთ, ისე წარმოჩენას. დღეს ბევრს უკვირს და ყოფით დონეზეც კი ძნელი წარმოსადგენია, რომ მინისტრი მხარს არ უჭერდეს ან არ დაუჭიროს მხარი მოქმედ პრეზიდენტს. ეს სისულელეა! ესაა, უბრალოდ, სასურველის სინამდვილედ წარმოსახვა და მოცემულ ვითარებაში კარგად ვაცნობიერებთ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
კობა ლიკლიკაძე: ერთი შეკითხვა დაზუსტებისათვის. სანამ თქვენამდე მოვიდოდით, უკრაინის პარლამენტის გარშემო ვნახეთ ბევრი სამხედრო ტექნიკა და უკრაინელი ჯარისკაცები. ასე სერიოზულად არის საქმე, რომ საჭიროა ვერხოვნა რადასა და ადმინისტრაციული შენობების სამხედრო ძალით დაცვა? რატომ?
ზორიან შკირიაკი: არის უსაფრთხოების საკითხები და არის საკითხები ეროვნული პოლიციისა და ეროვნული გვარდიის მხრიდან გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით სწორედ კონტრტერორისტული ღონისძიებების კონტექსტში, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ყველა შესაძლო უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი გზა საიმისოდ, რომ მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია და ხელი შეუშალოს ამ არჩევნების კანონიერი შედეგებით დასრულებას და ეს გააკეთოს არა მარტო კიბერტერორის, არამედ რეალური ტერორის გზით.
კობა ლიკლიკაძე: ოპერატიული ვითარების შეფასების პროცესში თუ შეიმჩნევა საფრთხე ვითარების დესტაბილიზაციისა კონფლიქტის ზონაში, დონბასში?
უკვე იყო 2017 წელს უკრაინის საზღვარზე უკანონოდ გადმოსვლის შემთხვევა. ამას არასოდეს დავივიწყებთ. ვიცით, რა გეგმები ჰქონდა ბატონ სააკაშვილს, როცა ამას აკეთებდა. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სისხლი არ დაღვრილიყო - მათ სწორედ ეს უნდოდათ, სწორედ ეს იყო გეგმა...ზორიან შკირიაკი
ზორიან შკირიაკი: ეს უკვე დაიწყო და ბოლო რამდენიმე კვირა საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ გააქტიურებულია. მტერი, ოკუპანტი რეგულარულად გვესხმის თავს ყველა სახის აკრძალული იარაღით: ეს არის ნაღმსატყორცნები, ტანკები, 155-ტ და 152-ტ მილიმეტრიანი კალიბრი. ისინი მაქსიმალურად ძაბავენ ვითარებას უშუალოდ ფრონტის ხაზზეც და, უდავოდ, ცდილობენ ვითარების დესტაბილიზაციას ქვეყნის შიგნითაც. და აქ, იცით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სამართალდამცველ ორგანოებს, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის ჩვენი მოქალაქეების ცნობიერებაზეც.
კობა ლიკლიკაძე: დიდი ხმაური მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ განცხადებას უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხით, რომ ბილეთი ნაყიდი აქვს და აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას არჩევნების პირველი ტურიდან მეორე დღესვე. როგორ აფასებთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ფაქტორის მნიშვნელობას უკრაინაში, სადაც, ჩანს, მას არაერთი მხარდამჭერი ჰყავს?
ზორიან შკირიაკი: არ გამოვთქვამ არანაირ შეფასებას, მას არანაირი გავლენა არა აქვს - უბრალოდ, მასხარაა და, ჩემი აზრით, საწყენიც კია, რომ ადამიანი,რომელსაც ერთ დროს მეც კი მხარს ვუჭერდი, როგორც დიდ ქართველ რეფორმატორსა და პროევროპულად მომართულ ადამიანს, გამოდგა ბანალური მატყუარა, შანტაჟისტი, პოპულისტი (...) ის უკრაინაში უკვე ვეღარ მოხვდება, გარწმუნებთ. იცით, უკვე იყო 2017 წელს უკრაინის საზღვარზე უკანონოდ გადმოსვლის შემთხვევა. ამას არასოდეს დავივიწყებთ. ვიცით, რა გეგმები ჰქონდა ბატონ სააკაშვილს, როცა ამას აკეთებდა. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სისხლი არ დაღვრილიყო - მათ სწორედ ეს უნდოდათ, სწორედ ეს იყო გეგმა. მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასეთ სამარცხვინო რამეს - ვგულისხმობ სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოსვლას - აღარ დავუშვებთ.