Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარდიანთკარში ნახევრად გაკეთებული საქმე


სახლი სოფელ ზარდიანთკარში.
სახლი სოფელ ზარდიანთკარში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, ომისგან დაზიანებული სახლის აღდგენას ცისანა თაზიაშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში ელოდა. შარშან საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზარდიანთკარში 28 სახლის აღდგენას დაიწყებდა.

სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, ცისანა თაზიაშვილს სახლის ოთხ ოთახში შიდა კედლები არ გაულესეს, მხოლოდ სახურავი გამოცვალეს და გარე კედლები გალესეს. ერთ ოთახში იატაკიც არ არის დაგებული.

ცისანა თაზიაშვილი ამბობს, რომ მისი სახლის აღდგენისთვის 50 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მუშებმა კი სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად თანხის ამოწურვა დაასახელეს.

„მუშებმა იცოდნენ, რომ ოთხი ოთახი უნდა გაკეთებულიყო ნორმალურად. მერე თქვეს, ფული აღარ დარჩაო და საქმე მიატოვეს. 50 ათასი ლარი იყო ჩემ სახლზე გამოყოფილი და სულ დაიხარჯაო, გარედან გალესვაში და სახურავის გაკეთებაში. მეტი არაფერი. ოთახები გასალესი დატოვეს, იატაკიც არ დააგეს“.

ლევან იოსელიანი ზარდიანთკარელებს შეჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს და საკუთარ ანგარიშშიც ასახავს.
ლევან იოსელიანი ზარდიანთკარელებს შეჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს და საკუთარ ანგარიშშიც ასახავს.

სოფელის მცხოვრებლების პრობლემების გასაცნობად სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჩავიდა, რომელსაც ზარდიანთკარელებმა შესჩივლეს, რომ უსამართლობაა, როცა მოსახლეობის ნაწილს სახლებს უკეთესად უკეთებენ, ნაწილთან კი საქმეს არ ამთავრებენ და ისე მიდიან.

ზარდიანთკარის დაზიანებული სახლების აღსადგენად ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ რვაასი ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გორის მერიასთან ერთად აიღო.

თითოეული სახლისთვის გაკეთდა პროექტი და განისაზღვრა კონკრეტული თანხა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი სამუშაოების ხარისხით უკმაყოფილოა. ამას ისიც ემატება, რომ ოთხ ოჯახს სახლების აღდგენაზე საერთოდ უარი უთხრეს, რადგან დამწვარი სახლების მფლობელებმა 2008 წლის ომის შემდეგ კომპენსაციის სახით 24 ათასი ლარი აიღეს. ერთ-ერთი მათგანია ნანი ქოზაშვილი.

„2008 წელს რუსებმა და ოსებმა დამიწვეს ორსართულიანი სახლი, 400 კვადრატული მეტრი. მერმის ჩაგსვამთო პროგრამაში. მერმის მე რა ვიცი, კიდევ იქნება ეს ხელისუფლება? დაუწველ, ჩემნაირ ბინას 150 ათას ლარად აკეთებენ, მე კიდევ 24 ათასი ლარის კომპენსაცია მომცეს. აღარაფერი გაგვაჩნდა და ეს ფული რაში უნდა გვყოფნოდა?“

სოფელ ზარდიაანთკარში სახალხო დამცველი ჩავიდა.
სოფელ ზარდიაანთკარში სახალხო დამცველი ჩავიდა.

ზარდიანთკარელები ახლა წერილებს ამზადებენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში გასაგზავნად, გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრსაც მიმართავენ, რომ სახლების აღდგენის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზარდიანთკარელებს შეჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს და საკუთარ ანგარიშშიც ასახავს.

სახალხო დამცველმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მთელი დღე დაყო, ზარდიანთკარის გარდა ის ერგნეთის, ჭვრინისისა და ჩორჩანის მოსახლეობას შეხვდა.

„არის სახლები, რომლების რეაბილიტაცია სრულად არ ხდება. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, აქ ცხოვრობენ, ისინი უნდა იყვნენ პირველ რიგში ჩასმული პრიორიტეტულ სიაში და მათი სახლები უნდა რეაბილიტირდეს სრულად. თუ თანხები საკმარისი არ არის, ამისთვის უნდა გამოინახოს დამატებითი ფინანსები, არ უნდა გახდეს სალაპარაკო, რომ ვიღაცას ზედა სართული არ გაუკეთეს და ვიღაცას ქვედა სართული. ამ ადამიანებს ასეთი პრობლემები არ უნდა აწუხებდეთ“.

ზარდიაანთკარელები წერილებს ამზადებენ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში გასაგზავნად.
ზარდიაანთკარელები წერილებს ამზადებენ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში გასაგზავნად.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. 2012 წელს ზარდიანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა. სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისი იყო.

XS
SM
MD
LG