Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხსაცმლით თუ წინდით? - ვინ არის სააკაშვილის პოლონელი ექიმი, რომელსაც "ოცნება" ადანაშაულებს?


კადრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.
კადრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ზუსტად არ იცის, რატომ გადაწყვიტა პოლონელმა ექიმმა - მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმელში დამალვა და კლინიკიდან მალულად გატანა, მაგრამ ბოლო სამი დღის განმავლობაში, შეფასებები უკვე ბრალდებებში გადაიზარდა.

საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ ვერსიას - პოლონეთის ხელისუფლებიდან საჯაროდ არავინ გამოხმაურებია. თბილისში ამბობენ, რომ შეკითხვებზე პასუხი ვერც საელჩოს წარმომადგენლისგან მიიღეს.

„ქართული ოცნება“ უკვე ევროპელი ექიმების მთელი მისიის მიმართ უნდობლობაზე აკეთებს აქცენტს. ოპონენტებს კი უჩნდებათ შეკითხვა - ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი სწორედ ევროპელი ექიმების მისიის დისკრედიტირებისთვის?

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტებისთვის პროცესების სამომავლო გამკაცრებას აანონსებს.

ფეხსაცმელი თუ წინდა?

უხმო ვიდეომასალაში, რომელიც 14 ივლისს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, ჩანს - როგორ იხდის მამაკაცი მარჯვენა ფეხიდან თეთრი ფერის ფეხსაცმელს, სხვა პირების თანდასწრებით [რომელთაგან ერთი პროცესს მობილური ტელეფონით იღებს] და როგორ ამოაქვს იქიდან თეთრი ფერის პატარა ნივთი.

ქართული მხარის ოფიციალური განმარტებით, ეს მამაკაცი პოლონელი ექიმია, ხოლო თეთრი ფერის ნივთი - ქაღალდში გახვეული ბიოლოგიური მასალა, რომელიც პატიმარ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და რომელიც, ასევე ქართული მხარის ოფიციალური ვერსიით - პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის პალატიდან ფარულად გამოიტანა.

კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ ლაპარაკია „თმისა და ფრჩხილის ნიმუშზე“, რომლებიც თეთრ ქაღალდზე „ცოტა ძნელი გასარჩევი“ იყო. ნადირაძე ჰყვება, რომ ფრჩხილისა და თმის ნიმუშები პოლონელმა ექიმებმა, სხვა მასალებთან ერთად, ოფიციალურადაც აიღეს და მასალების ერთი ეგზემპლარის აღება „ვივამედისთვისაც“ მოხდა.

„ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ 17 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონელმა ექიმმა „ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა ეს ნიმუში“ და, რომ „მას ჩვევა აქვს, რომ ყველაფერს ინახავს ფეხსაცმელში“.
ჩხაიძის მიერ ხსენებული დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.

თუმცა, კომენტარებში პერიოდულად ახსენებენ წინდასაც.

17 ივლისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონელი ექიმი „ცდილობდა წინდის მეშვეობით მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის გატანას“. რა შეიძლებოდა განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით“, - თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ კონკრეტიკისგან შეგნებულად იკავებს თავს.

„ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა“, - ეს უკვე თავად ნინო ნადირაძის კომენტარია, ამ თემისთვის მიძღვნილ ფეისბუკპოსტზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მამაკაცი იხდის მხოლოდ ფეხსაცმელს და არა წინდას.

ბრალდებები

რაში სჭირდებოდა პოლონელ ექიმს ბიოლოგიური ნიმუშების კლინიკიდან მალულად გამოტანა, მით უფრო, თუ მსგავსი ნიმუშები ისედაც აღებული ჰქონდათ? - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ზუსტად არც იცის, მაგრამ ბოლო სამი დღის განმავლობაში, შეფასებები უკვე ბრალდებებად ჟღერს.

  • „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ „ძალიან დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ“ და „ალბათ, შემდგომში ამაზეც გარკვეულ კამპანიას ააწყობდნენ“.
  • „ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია“, - წერს სოციალურ ქსელებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გრეტა წიწავა.

ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებებს პასუხობენ, რომ ამ კამპანიით, ხელისუფლება წინასწარ ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ პოლონელი ექიმების დასკვნის მიმართ უნდობლობა გამოიწვიონ.

„[ევროპელი ექიმების] მისიის ამ კონკრეტული წევრის კონკრეტული ქმედება არის მხოლოდ ამ პირის განსამარტი. ვიზუალური აღქმა შესაძლო სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ მთავარია, უკანონო არაფერი მომხდარა. კანონი არ დაურღვევია ექიმს... „ქართული ოცნება“ დისკრედიტაციას იმის გამო ცდილობს, რომ ექიმების დასკვნა იქნება კიდევ ერთი მამხილებელი საბუთი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი და ამატებს, რომ „ოცნების“ სურვილს „ყველაფერი დასავლურისა და ევროპულის სანდოობაში ეჭვის შეტანა და დისკრედიტირება“ წარმოადგენს.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენელთა შეფასებების მიხედვით, პოლონელი ექიმის ქმედება შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობის დაზღვევის სურვილით. ასევე, რომ პოლონელი ექიმის ამ ქმედებამ „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი და მისი პროპაგანდის საკვებად გამოდგა.

პოლონეთის მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის ბიოლოგიურ მასალას ფეხსაცმელში მალავდა და გარეთ გამოტანას ასე ცდილობდა.

პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა, 17 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა უკომენტაროდ დატოვა.

„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს და ასევე, მთელ პროცესს სანდოობას უკარგავს“, - წერია საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში. პოლონელი დიპლომატის განმარტების შესახებ ტექსტში წერია, რომ - „იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის საქციელი“.

კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს; თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მის ნაცვლად, საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი მივიდა. საელჩოს წარმომადგენლისგან განმარტებების მოსმენისკენ საგარეო უწყებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოუწოდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ იაკოლსკიმ პოლონელ ჟურნალისტებს 15 ივლისს უთხრა, რომ არ ჰქონდა ნანახი პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, ინფორმაციას მხოლოდ მედიაში გაეცნო და კომენტარს ვერ გააკეთებს.

პოლონური მედია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში შეუძლებელია დანახვა - თუ რა არის გახვეული კაცის ფეხსაცმლიდან ამოღებულ თეთრ ქაღალდში.

ვინ არის ის პოლონელი ექიმი?

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში იმ პირის სახე დაფარულია, რომელიც „ვივამედის“ კლინიკაში ფეხსაცმელს იხდის და არც მისი სახელი და გვარია დასახელებული.

მისი სახელი და გვარი ტელეკომპანია „იმედმა“ გაახმაურა და ითქვა, რომ ის არტურ ზაჩინსკია. კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ამავე ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ეს ექიმი ნეიროქირურგია.

პოლონეთში სახელგანთქმული ნეიროქირურგი არტურ ზაჩინსკი პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ წყაროებში, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჯგუფის - ZPHM (Zespołu Pomocy Humanitarno-Medycznej) თავმჯდომარედ არის მოხსენიებული და მითითებულია, რომ ამ პოსტზე ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ 2022 წლის 16 ივლისს დანიშნა.

ZPHM-ის დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფის პროცესს წარმართავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელი, თავად პრემიერ-მინისტრის სახელით.

როცა პოლონელი ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ შევიდა, 12 ივლისს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ტვირეტზე დაწერა, რომ კომპლექსური კვლევა მისი თხოვნით დაიწყეს ZPHM-ის ექიმებმა.

პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად, ZPHM ადამიანების სამაშველო, სამედიცინო მომსახურების ფუნქციებს ასრულებს როგორც პოლონეთის ტერიტორიაზე, ასევე სხვა სახელმწიფოებშიც.

ZPHM-ის ფუნქციებში შედის:

  • სწრაფი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა პოლონეთის საზღვრებს გარეთ „ჯანმრთელობის საგანგებო საფრთხის პირობებში მყოფი პირებისთვის ანდა იმ პირებისთვის, რომლებიც, მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდნენ ჯანმრთელობის საგანგებო რისკის წინაშე“;
  • ჰუმანიტარული დახმარება პოლონეთის საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ვალდებულებების შესასრულებლად, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად;
  • სხვა ქვეყნების დახმარება სამაშველო ოპერაციებში;
  • ჰუმანიტარული დახმარება;
  • სატრანსპორტო და სამედიცინო დახმარება - ტრანსპორტით უზრუნველყოფა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან.

ჯგუფში შედის რამდენიმე ათეული პირი: ექიმები, მათ შორის - პარამედიკოსები, მედდები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სპეციალისტები; მაშველები და გადაუდებელი დახმარების კვალიფიციური კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატების მქონე პირები, ZPHM-ის ამოცანების შესასრულებლად.

პოლონური ოფიციალური წყაროების თანახმად, არტურ ზაჩინსკი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამმართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა, სამედიცინო მიმართულებით.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეუძლებელია ამოეცნოთ პირი, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაშია აღბეჭდილი, რადგან პოლონელი ექიმების ჯგუფის წარმომადგენლები არ უნახავთ და არც მათთან შეხვედრა უცდიათ, ვინაიდან ეს „ევროკავშირის ეგიდით მოქმედი წმინდა სამედიცინო მისიაა“.

"ოკულტური მიზნებისთვის"

„ძაან კარგი ტიპი იყო ის, ვინც იყო“, - ამბობს „იმედის“ ეთერში „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის შესახებ და მის მაღალ კვალიფიკაციასაც უსვამს ხაზს. ამბობს ასევე, რომ დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებს, მაგრამ გარკვეულ მინიშნებებს მაინც აკეთებს.

„ბევრად უფრო რთულია, შენ დიდი ხნით წაიღო ის, რაც პროტოკოლით გაკეთებულია და ის მიგაქვს ლაბორატორიაში... თან არ იცი, შეიძლება გაგიფუჭდეს ნიმუში და როცა შენ შენი კიდევ რაღაც გაქვს, იქ უკვე ექსპერიმენტები მანიპულაციებისთვის ბევრად უფრო მარტივია“, - ნადირაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა პოლონელი ექიმის ჩანაფიქრი იყო, კლინიკა „ვივამედი“ შარში გაეხვია“ და „ადამიანები გაეწირა“.

მაგრამ ასევე, როგორც ამბობს, ურჩევნია იფიქროს, რომ - ეს ნიმუშები პოლონელ ექიმს სჭირდებოდა - „სადმე მონასტერში“ წასაღებად - ამოსალოცად თუ შესალოცად“. „მირჩევნია ვიფიქრო, რომ რაღაც ოკულტური მიზნებისთვის ჰქონდათ წაღებული“, - ამბობს ნადირაძე.

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, კლინიკის მიერ გერმანიასა და აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, გამოირიცხა და „არასდროს განიხილებოდა“ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი.

ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მიზეზით სასჯელის გადავადების მოთხოვნის განხილვისას, სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე, დისტანციური გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით არის მოწამლული და ეს პრაქტიკულად ყველა ორგანოს დაზიანების საფუძველს ქმნის.

2022 წლის შემოდგომაზე, პაციენტი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი უცხოელი ექსპერტების სხვა ჯგუფმა გამოიკვლია და მონაწილეობა მიიღეს სასამართლო საექსპერტო კომისიის მუშაობაშიც, 10 ქართველ ექსპერტთან ერთად. თითქმის 3000-გვერდიანი დასკვნა 2022 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც - მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და ის სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზუსტი დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცისთვის.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე სტრასბურგის სასამართლოს ადვოკატებმა 11 აპრილს მიმართეს.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 17 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოხარულია პოლონელი ექიმების ვიზიტის გამო.

„გულწრფელად მაქვს იმედი, რომ მათი ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც განსასჯელის, სასამართლოში და როგორც პაციენტის“, - განაცხადა ელჩმა და მადლობა საქართველოს ხელისუფლებასაც გადაუხადა იმის გამო, რომ, მართალია - საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილებამ დრო მოითხოვა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პოლონელ ექიმებს „ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი“.

სამომავლოდ, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შესვლის პროცედურის გამკაცრების შესახებ უკვე განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული“, - უთხრა რატი ბრეგაძემ 17 ივლისს ჟურნალისტებს.

ევროკავშირის ეგიდით მოქმედი პოლონელი ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას მარტიდან ელოდებოდნენ. ენმ-ში აცხადებდნენ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდებოდა. ხელისუფლება კი დაგვიანებას ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტების მოუწესრიგებლობით ხსნიდა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან მკურნალობს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანის სურვილი არაერთხელ გამოხატა პოლონეთის ხელისუფლებამ და მათ შორის - პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ. სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე შეთანხმებას ითხოვს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ადგილობრივი არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.
  • მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის მაისში სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც დღემდე იმყოფება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG