Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილმა "ვივამედში" მომხდარი ინციდენტის გამო პოლონელ დიპლომატთან შეშფოთება გამოხატა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლონელი დიპლომატის შეხვედრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლონელი დიპლომატის შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, მინისტრმა შეშფოთება გამოხატა კლინიკა "ვივამედში" პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის "სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანის" გამო.

"პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ... შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს პოლონელ დიპლომატსაც:

"შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

12 ივლისს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

XS
SM
MD
LG