„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ჯგუფის ჩამოსვლის ზუსტ დროსთან, ხანგრძლივობასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით. თუმცა იმედოვნებენ, რომ ექიმების ევროპული მისიის ძალისხმევა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანით დასრულდება.
როცა პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ლაპარაკობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ყოველ ჯერზე, მხოლოდ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობას უსვამდა ხაზს.
პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსული არიან პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან არსებული ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჯგუფის (ZPHM) მედიკოსები. პოლონეთის კანონმდებლობით, ამ ჯგუფის ფუნქციებში მძიმე ან სარისკო პაციენტების სხვა ქვეყნებიდან ტრანსპორტირებაც შედის.
„მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ“, - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ტვიტერზე, მას შემდეგ, რაც პოლონელი ექიმები სააკაშვილთან, კლინიკა „ვივამედში“ შევიდნენ.
„რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა სამედიცინო კომისიის შეყვანა მიხეილ სააკაშვილთან“, - წერს ტვიტერზე პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა, რომელსაც სხვადასხვა დროს რამდენიმეჯერ არ მიეცა საშუალება, მოენახულებინა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და ის ქვეყანაში არშემოშვების მუქარაზეც ლაპარაკობდა.
პოლონელი ექიმების ჯგუფის კლინიკა „ვივამედში“ შესვლის შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს, ბევრისთვის მოულოდნელად გავრცელდა. მედიას დიდხანს და უშედეგოდ მოუწია ჯგუფის წარმომადგენლების ლოდინი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მისიის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია“ და პარტიაში არაფერი იციან ექიმების შემადგენლობაზე, მისიის ხანგრძლივობასა თუ გეგმებზე. ასევე, წინასწარ „არავინ იცოდა“ ჩამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები.
„ეს არის დახურული ინფორმაცია, შეთანხმებული ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. პოლონელი ექიმები ევროკავშირის ეგიდით მოქმედებენ ... ეს არის შედეგი დიპლომატიური პროცესისა, რომელიც გაიწელა, რადგან, როგორც ჩანს, იყო რთული მოლაპარაკებები“, - ამბობს მეტრეველი.
ენმ-ში წინასწარვე იციან, რომ ექიმების საბოლოო დასკვნა არ გასაჯაროვდება.
ვინ ჩამოვიდა პოლონეთიდან?
„მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ“, - 12 ივლისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ დაწერა, რომ პოლონელი ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის „ყოვლისმომცველი სამედიცინო კვლევა“ მისი თხოვნით დაიწყო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამავე ტექსტში აღნიშნავს, რომ კვლევას ZPHM-ის ექიმები ატარებენ. Zespołu Pomocy Humanitarno-Medycznej (ZPHM) ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჯგუფია.
ჯგუფში შედის რამდენიმე ათეული პირი:
- ექიმები, მათ შორის - სტომატოლოგები, პარამედიკოსები, მედდები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სპეციალისტები და სხვა.
- მაშველები და გადაუდებელი დახმარების კვალიფიციური კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატების მქონე პირები, ZPHM-ის ამოცანების შესასრულებლად.
საჯარო სივრცეში იძებნება შესაბამისი კანონიც, მიღებული 2022 წლის მაისში, რომლის თანახმადაც, ZPHM ადამიანების სამაშველო, სამედიცინო მომსახურების ფუნქციებს ასრულებს როგორც პოლონეთის ტერიტორიაზე, ასევე სხვა სახელმწიფოებშიც - შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
„უზრუნველყოფს გადაუდებელ და აუცილებელ დახმარებას პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთაც, ჯანმრთელობის საგანგებო საფრთხის პირობებში მყოფი პირებისთვის ანდა იმ პირებისთვის, რომლებიც, მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდნენ ჯანმრთელობის საგანგებო რისკის წინაშე“, - წერია 2022 წლის 12 მაისით დათარიღებულ კანონში „ჰუმანიტარულ-სამედიცინო დახმარების შესახებ“.
ასევე მითითებულია, რომ ZPHM „ახორციელებს სატრანსპორტო-სამედიცინო ოპერაციებს, სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან [პირების] ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“.
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა მარტში განმარტავდა, რომ პოლონელი მედიკოსების გუნდი, ევროკავშირის 27 ქვეყნის პატრონაჟით იქნებოდა წარმოდგენილი.
„ასე რომ, ეს იქნება ევროპული მისია, თუმცა პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული. ყოფილი პრეზიდენტის გამოკვლევის შემდეგ, სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი“, - თქვა მან.
ადგილზე მკურნალობა თუ სამკურნალოდ გადაყვანა?
მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების დაგვიანებას საქართველოს ხელისუფლება საბუთების მოუწესრიგებლობით ხსნიდა; ხოლო ექიმების ჩამოყვანის მიზნებზე საუბრისას, საგანგებოდ უსვამდა ხაზს, რომ მათი მოწვევა ადგილზე მკურნალობის მიზნით იყო შესაძლებელი.
თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არასოდეს მალავდნენ, რომ მათი მიზანი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა იყო.
პაციენტი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანის სურვილი მატეუშ მურავეცკიმ ჯერ კიდევ თებერვალში გამოხატა - როცა ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, პაციენტის გონების დაკარგვის ეპიზოდი იყო ასახული.
- „პოლონეთის ინიციატივით მომზადდა მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გაგზავნის შესახებ“, - განაცხადა მორავეცკიმ 10 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს საკითხი მან ბევრ კოლეგა პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილა.
- ამას უკვე 27 თებერვალს მოჰყვა სააკაშვილის საკითხზე ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით იუსტიციის მინისტრისთვის, რატი ბრეგაძისთვის გადაცემული დემარში.
- მარტში, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასთან ერთად, პოლონეთის მიზანს ყოფილი პრეზიდენტის პოლონურ საავადმყოფოში გადაყვანა წარმოადგენს.
„პასუხისმგებლობა ოჯახს აქვს იმაზე, რომ [მიხეილ სააკაშვილისთვის] არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას - აიღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება [პოლონელი ექიმების კვლევით] დადასტურდება. კობახიძე იმეორებს, რომ სააკაშვილი წონაში საკვების არასათანადოდ მიღების გამო იკლებს.
სააკაშვილის მდგომარეობას „თვითწამება“ უწოდა, 4 ივლისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ 13 ივლისს განაცხადა, რომ პოლონელი ექიმების ჯგუფთან კოლეგიალური, ნაყოფიერი საუბარი შედგა, ისინი „სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს“ და მათი რეკომენდაციებიც დაემთხვა პაციენტისთვის უკვე შეთავაზებულს, რომელთა ნაწილზეც მას უარი ჰქონდა ნათქვამი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთმელიძემ 12 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი „მშვენივრად არის“, „წონაში მატულობს“ და „როცა ჭამს, საკვებს იღებს ნორმალურად - არის კარგად, უარს იტყვის - ხდება ცუდად“.
ამ განცხადებას არა სამედიცინო, არამედ პოლიტიკური უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან მეტრეველმა.
„დავანებოთ თავი, რომ მე ექიმი ვარ... ვინც სააკაშვილი ნახა ბოლოს, სასამართლოს სხდომაზე [3 ივლისს], ყველა დარწმუნდა, რომ ადამიანი ძვალი და კანია დარჩენილი. კუნთები აღარ აქვს. შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ადამიანის მდგომარეობა არ არის კარგი... [პოლონელი ექიმების] დასკვნა რომ მძიმე იქნება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება; მაგრამ რა მოჰყვება ამ მძიმე დასკვნას, ეს უკვე სუფთა პოლიტიკური საკითხია“, - რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მეტრეველი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ხელისუფლებას „ინტერპრეტაციების საშუალებას არ მისცემს“ და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა მოხერხდება.
მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლის ფაქტს გამოეხმაურა „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი, ბრიტანულ-ამერიკული წარმოშობის ფინანსისტი ბილ ბრაუდერი.
„ეს კარგი ამბავია და იმედია, ამას მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება და სწორი მკურნალობა, მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - დაწერა მან ტვიტერზე.
მანამდე, ბრაუდერმა მოუწოდა ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამის შესახებ Politico-ს სტატიაში იყო აღნიშნული.
პოლონური სამედიცინო მისიის ექიმები არ არიან პირველი უცხოელი მედიკოსები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან.
2022 წლის შემოდგომაზე, საქართველოში იმყოფებოდნენ უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც ადგილზე გამოიკვლიეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მონაწილეობა მიიღეს სასამართლო საექსპერტო კომისიის მუშაობაში, სადაც 10 ქართველი და ექვსი საერთაშორისო ექსპერტი შედიოდა.
კომისიის თითქმის 3000-გვერდიანი დასკვნა 2022 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და ის სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზუსტი დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცისთვის.
უცხოელი ექსპერტები გამოიკითხნენ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს ეხებოდა. სასამართლომ ექსპერტების მოსაზრებები არ გაიზიარა.
როგორც ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა, ერთ-ერთ სხდომაზე დისტანციური გამოკითხვის დროს განაცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, რომელიც პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს.
ბრიტანელი ექსპერტი, კორნელიუს კატონა კი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გასული წლის 22 ნოემბერს მოინახულა „ვივამედში“, სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ პაციენტის გასინჯვის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია... და რომ ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტი.