ხუთი პოლონელი ექიმი იმყოფება კლინიკა „ვივამედში" პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მისი სამედიცინო შემოწმების მიზნით შევიდნენ.
როგორც „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ თქვა, ექიმები ექსპრეზიდენტთან ევროკავშირის სამედიცინო მისიით ჩამოვიდნენ.
„ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების, მოლაპარაკებებისა და დისკუსიის შემდეგ, მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან შევიდნენ. ეს საუბარი არ იყო მარტივი, არ იყო დაბალ დონეზე, იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბრიუსელსა და თბილისს შორის. ამაში ჩართულები იყვნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ყველას აინტერესებს, დეტალებს ვერ გავასაჯაროებ. ეს არის დიპლომატიური მოლაპარაკებები, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ და დაამატა, - ჯერ არ ყოფილა ფაქტი, როდესაც დიპლომატიას შედეგი არ გამოუღია. არის მოლაპარაკება დიპლომატიური და არის ტყვეების ვაჭრობის მოლაპარაკებები, ტყვეების გაცვლაზე ან სხვაგვარად, ტერორისტებთან მოლაპარაკებები. ჩვენს შეიარაღებაში არის ყველა ეს საშუალება, რაც დასჭირდება პრეზიდენტის გათავისუფლებას".
როგორც ჩალაძემ თქვა, სამედიცინო მისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები საჯარო არ იქნება.
კლინიკა „ვივამედთან" იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
- 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
- ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
- 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
- მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის მაისში სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება.