კლინიკა „ვივამედში" შესვლამდე ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მალხაზ ურთმელიძეს. მას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხეს.
„[სააკაშვილი] მშვენივრად არის. უკეთესად არის გაცილებით. წონაში მატულობს. როცა ჭამს, საკვებს იღებს ნორმალურად - არის კარგად, უარს იტყვის - ხდება ცუდად", - თქვა ურთმელიძემ. როგორც მან აღნიშნა, მზად არის, მათი დაინტერესების შემთხვევაში, შეხვდეს პოლონელ ექიმებს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის სამედიცინო მისის ფარგლებში იმყოფებიან და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ.
3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოზარის ფორმატში გამოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
- 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
- ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
- 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
- მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის მაისში სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება.