Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძე: პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით მალულად გატანას ცდილობდა 


კადრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.
კადრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც, მისივე განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან" პოლონელი ექიმების გამოსვლა. ამავე თემაზე გაკეთებულ განცხადებაში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

„ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას", - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაავრცელეს ინციდენტის ამსახველ კადრები.

„საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ ნაჩვენები არის მხოლოდ ის კადრები, სადაც ხდება აღნიშნული ქაღალდში გადახვეული ნიმუშის ამოღება და არ არის ნაჩვენები თუ როგორ მალულად იყო ის განთავსებული ექიმის ფეხსაცმელში, უშუალოდ პალატაში", - თქვა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი საგარეო უწყებას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ინციდენტის შესახებ პოლონეთის საელჩოს პოზიციით.

„გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 3 ივლისის სააკაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ ექსპრეზიდენტთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა".

პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG