Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

44 ევროპარლამენტარი საქართველოს მოუწოდებს, გადაიყვანონ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას - 3 ივლისი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას - 3 ივლისი, 2023 წელი

44 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს და ითხოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლად გადაყვანას ევროპის რომელიმე ქვეყანაში, საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარებისთვის. ევროპარლამენტარების წერილი 12 ივლისით არის დათარიღებული.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გათვალისწინებით მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას.

როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც აღიარებს თითოეული ადამიანის ღირსებას. ჩვენ ველით, დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისურ უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებას", - ნათქვამია წერილში და გამოთქმულია იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს გადადგამს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ ბოლოს საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას ნახა 3 ივლისს - ამ კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს". მანვე უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩის დაბარება, მისთვის მკაცრი პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გადაეცეს მას ჩვენი მკაცრი პროტესტი და შევთავაზოთ უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან", - განაცხადა ზელენსკიმ 3 ივლისს.

სააკაშვილი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ 12 ივლისს კლინიკა "ვივამედში" მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა.

XS
SM
MD
LG