Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ელჩები საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ სააკაშვილის გამო შესაძლო სანქციებზე


მიხეილ სააკაშვილი 3 ივლისს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესში
მიხეილ სააკაშვილი 3 ივლისს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესში

აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში, ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, პატიმრობაში მყოფ, დაუძლურებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისცეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის შესაძლებლობა. ყოფილი ელჩები საქართველოს მთავრობას შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებენ.

უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი 10 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში პრობლემად ასახელებენ იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობაში სიკვდილის რისკის წინაშეა. მათ მოჰყავთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის შეფასებები, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ქართველი ექსპერტების დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა.

ყოფილი ელჩების განცხადებაში საუბარია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც, სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშზე. ასევე - უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო განცხადებაზეც, რომლის შემდეგ კიევმა საქართველოს ელჩს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შესახებ კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება.

ყოფილი ელჩები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის თხოვნა სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანის შესახებ, ამიტომ მიიჩნევენ, რომ პოლონელ ექიმებს უახლოეს ხანში უნდა მიეცეთ მისი საქართველოში გამოკვლევის შესაძლებლობა.

აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებით, საქართველოს ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მიხეილ სააკაშვილისადმი სასტიკ მოპყრობაზე, შესაძლოა დაექვემდებარონ მკაცრ სანქციებს ამერიკული კანონის, „მაგნიტსკის აქტის“ შესაბამისად, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ეკონომიკური და სავიზო სანქციები აამოქმედოს ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში მხილებული ნებისმიერი უცხოელის წინააღმდეგ.

ყოფილი ელჩები ხაზს უსვამენ, რომ შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების თანამშრომლობასაც. გარდა ამისა, მათი შეფასებით, ეს კრიზისი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას.

უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი აცხადებენ, რომ სააკაშვილისადმი ცუდი მოპყრობა საქართველოს დასავლეთისგან დააშორებს და თუ ის ციხეში მოკვდება, სანქციები გაცილებით მკაცრი და რეალური გახდება. ყოფილი ელჩები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სააკაშვილზე საჭირო ზრუნვა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება.
XS
SM
MD
LG