Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია - ღარიბაშვილი


ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და თქვა, რომ "სამარცხვინო რეზოლუციით ქართველ ხალხს უთხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტი, მათი მსახური იყო". ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.

"მათ [ევროპარლამენტარებს] უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, კლავდა, აწამებდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, სრულად დახშული იყო მედიათავისუფლება...

მინდა ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მინდა ეს ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს - ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება", - თქვა ღარიბაშვილმა.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

ასევე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

XS
SM
MD
LG