Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს


საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა 4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი აზრით, „რადიკალები" ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ქართული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის მოხდის გადავადებას ან გათავისუფლებას. თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა", - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სრულად არ ემორჩილება მკურნალობას.

„მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდირებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები", - აღნიშნა მან.

მინისტრი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას და აღნიშნა, რომ ის არ შეიცავს არცერთ მტკიცებულებას.

„ეს განცხადება ჩემთვის პირადად არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, იმიტომ რომ აქ არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება. როდესაც საუბარი არის, რომ საქართველოში თითქოსდა ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ თუკი ამ რეგიონში სადმე არის დაცული ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს", - წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

1 თებერვლის შემდეგ, როდესაც თავისი სასჯელის გადავადების პროცესზე იგი ასევე ვიდეოზარით ჩაერთო, ეს სააკაშვილის პირველი საჯარო გამოჩენა იყო. 3 ივლისის სხდომაზე მნიშვნელოვნად სახეცვლილმა, დისტროფიულმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას

საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG