Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება თავს იკავებს უკრაინის საპასუხო რეაქციისგან


ფოტო არქივიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს აბრა
ფოტო არქივიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს აბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების ქმედება „წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას".

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაუგებარია გადაწყვეტილების საფუძველიც, ვინაიდან უწყების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაცულია მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები.

„ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას. იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეახსენებს, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველო უკრაინას მხარს უჭერს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში. „ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმადაც, საქართველო არ შეწყვეტს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას.

„სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.

XS
SM
MD
LG