უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ „მთავარი არხის" ეთერში ილაპარაკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. არახამიას აზრით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებისგან იღებს ბრძანებებს, რომლებიც ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას.
„ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და კრემლის პოლიტიკოსებთან და ამიტომ პირდაპირ ბრძანებებს იღებს მათგან. ბრძანება კი ასეთია, რომ არაფერი არ მოიმოქმედოს სააკაშვილის გადასარჩენად. ისინი მოხარული იქნებიან, თუ ის ციხეში გარდაიცვლება", - თქვა არახამიამ. მისი შეფასებით, კადრებია იმის დემონსტრირება, როგორ შეიცვალა ადამიანი მას შემდეგ, რაც ციხეში მოხვდა.
დავით არახამიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა აქცენტი.
„გარდა იმ მისიისა, რომელიც მისი [სააკაშვილის] სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია. ჩვენ ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩავრთოთ ამ პროცესებში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ნათლად აკეთებენ განცხადებას, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ რეაქციას არ ახდენს ამ სიგნალებზე, რომლებიც მოდის საერთაშორისო თანამეგობრობიდან და პირიქით, უსმენენ კრემლს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ გააღიზიანონ კრემლი, იმის ნაცვლად, რომ მოუსმინონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს და მისი ხალხის სურვილის - შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს - წინააღმდეგ. არ ვიცი სხვა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ჩვენი მხრიდან უკრაინის ხელისუფლებას. რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას და დაველოდოთ, რას მოიმოქმედებენ ისინი", - განაცხადა არახამიამ („მთავარი არხის" თარგმანი).
4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.
საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.