“ჯერ ბანაკებს არ ვაშენებთ. თუმცა, თუ მოუნდათ, დავაბინავებთ. კი, ბატონო, დადგან კარვები… ჩვენ ერთ-ერთი მიტოვებული სამხედრო ნაწილი შევთავაზეთ”, - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 27 ივნისს.
ოფიციალური ვერსიით, დაქირავებული მებრძოლების და მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ქვეყანაში ჩამოსვლა სწორედ მისი დამსახურებაა. 24 ივნისს, როდესაც კერძო ჯარის კოლონა მოსკოვისკენ მიიწევდა, ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკამ პრიგოჟინს ჯანყი გადააფიქრებინა და სანაცვლოდ, ბელარუსში თავშესაფარი შესთავაზა.
27 ივნისს, რუსული გამოცემა “ვიორსტკა” წერდა, რომ ქვეყნის დედაქალაქ მინსკიდან 90 კილომეტრში, სოფელ ცელთან ახლოს, მიტოვებულ სამხედრო ბანაკს არემონტებენ.
“ვიორსტკას” მტკიცებით, აღდგენით სამუშაოებში ჩართულმა წყარომ უთხრა, რომ ბანაკის ფართობი 24 ათასი კვადრატული კილომეტრი იქნება და მან რვა ათასი სამხედრო უნდა დაიტიოს.
ცნობების გადასამოწმებლად, რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა ამ ტერიტორიის ორი სატელიტური ფოტო შეისწავლა.
27 ივნისს გადაღებულ ფოტოზე ჩანს პატარა ობიექტები, რომლებიც შეიძლება იყოს კარვები და ტექნიკა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ბანაკი ჯერ კიდევ 1936 წელს გაიხსნა. 1990-იან წლებში ის მხოლოდ 1500 ადამიანზე იყო გათვლილი.
რამდენ “ვაგნერელს“ გაუშვებენ?
უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ეჭვი ეპარება, რომ ბანაკის მომზადება “ვაგნერელებისთვის“ დაიწყეს. “ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული [ჯანყის დასრულებიდან], ეს უბრალოდ არარეალურია”, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
ამასთანავე, ფოტოებზე სამხედრო ექსპერტი “ტიპური სამხედრო ქალაქის მშენებლობას” ხედავს. ბოლო ორ კვირაში გამოჩენილი ელემენტები კი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მუშები ასრულებენ მოსამზადებელ სამუშაოებს და მალე უშუალოდ მშენებლობასაც დაიწყებენ.
ჟდანოვი ამბობს, რომ ბანაკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი ოსიპოვიჩი. იქ კი სამხედრო პოლიგონია, სადაც რუს წვევამდელებს უკრაინაში საომრად ამზადებენ.
შეიძლება ბანაკს თავდაპირველად წვევამდელებისთვის კი აშენებდნენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ახლა იქ “ვაგნერელები” შეასახლონ, - ამბობს ექსპერტი. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ბელარუსის უშიშროება მათთან კონტრაქტის გაფორმებას ეცდება, თუმცა საკითხავი ისაა, დართავს თუ არა ამის ნებას პუტინი.
უცნობია ისიც, რამდენი “ვაგნერელი” ისარგებლებს პუტინის ამნისტიით და ბელარუსს მიაშურებს. ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ ბევრი შეიძლება არც გაუშვან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება აიძულონ.
“გერასიმოვს [რუსეთის გენშტაბის უფროსს] ახლა კადრები არ ჰყოფნის დანაკარგების შესავსებად… მგონია, რომ რუსეთი ბელარუსში ხუთი ათას კაცსაც არ გაუშვებს”, - ამბობს ჟდანოვი.
რას გააკეთებენ “ვაგნერელები“ ბელარუსში? ერთ-ერთი ვერსია, ახლად მიღებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის დაცვა, 27 ივნისს თავად ლუკაშენკამ უარყო.