14 თებერვლის სხდომისთვის ისევ “არ იყო მზად” უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი - ოთხი წლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს კვლავ არ აქვს პასუხი მის აღიარებაზე.
რადიო თავისუფლება 3 თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს, ლადო ნარსიასა და ლელა ჯეჯელავას ესაუბრა.
რა ჩაიწერა ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიაზე სინოდის განჩინებაში?
სხდომიდან მეორე დღეს, 15 თებერვალს გამოქვეყნებული სინოდის სხდომის განჩინების მიხედვით, მოხსენება წაიკითხა საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე):
რა ითქვა უკრაინაზე?
14 თებერვალს დღის 12:00 საათზე დანიშნული სინოდის სხდომა საღამოს, დაახლოებით, 17:20 საათზე დაიწყო და 1 საათზე ნაკლებ დროში დასრულდა.
2-წლიანი პაუზის შემდეგ სხდომა პირველად გაიმართა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არც ამ დღეს უხსენებიათ. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ "საკითხი არ არის მზად".
ეს საკითხი რომ მზად არ არის და არც დღის წესრიგში შეუყვანიათ, აჩვენა სინოდის განჩინებამაც. მასში უკრაინაზე მხოლოდ ომია ნახსენები:
ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი - რას ნიშნავს?
ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიას ავტოკეფალია სერბეთის ეკლესიამ მიანიჭა 2022 წლის 5 ივნისს, როდესაც პატრიარქმა პორფირიმ მაკედონიის ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს სტეფანეს ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა. მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირშია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც.
თეოლოგი ლადო ნარსია განმარტავს, რომ მსოფლიო საეკლესიო დადგენილებებით, საეკლესიო ერთეულების აღიარების, ან მისი შექმნის, დაბადების უფლებამოსილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს. ხოლო, ვინაიდან მას ჯერ არ უღიარებია მაკედონიის ეკლესია დამოუკიდებელ, ავტოკეფალიურ ეკლესიად და მხოლოდ ევქარისტიულ კავშირში შევიდა, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიამ დაიცვა ეს ფორმალური წესი და გაიმეორა იგივე. მისივე აზრით, ეს ძალიან “პრინციპული და ზომიერი პოზიციაა”.
არაპოლიტიკურ და ერთ-ერთ რიგით საკითხად მიიჩნევს მაკედონიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის დამყარების საკითხს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. ამასთან, იგი ვარაუდობს, რომ საპატრიარქომ მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან თავი უკრიანის საკითხის გამო შეიკავა:
"შეიძლება, ვიღაცას მოუვიდა აზრად ჩრდილოეთ მაკედონიიდან და მოიწერეს წერილი, რას ფიქრობთ ჩვენზეო, ან ამათ ჩათვალეს საჭიროდ, დროა მოვლენას გამოხმაურებოდნენ ერთი წლით დაგვიანებით მაინც...
საქართველოს ეკლესიამ თქვა, რომ რადგან მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა მთავარმა მოდავემ, სერბეთმა, ისინიც შეუერთდნენ მას, მაგრამ არ აღიარეს ავტოკეფალია, რითაც თავი აარიდეს დავას, რაც ეხება კიევის საპატრიარქოს საკითხსაც. ამ შემთხვევაში, განსხვავება ისაა, რომ [უკრაინასთან] ევქარისტიაშიც არ შედიან ჩვენები, ელოდებიან გარდატეხას".
თეოლოგი ლელა ჯეჯელავა სინოდის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესია უკვე ცნო და ევქარისტიული კავშირი აღადგინა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, შესაბამისად, მათი ეკლესია აღმოჩნდება იმ ჯგუფში, რომლებიც არიან რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ:
"ის, რომ [სინოდის სხდომაზე] 40 წუთში მოახერხეს სერბეთის პატრიარქის წერილის წაკითხვა, ევქარისტიული კავშირის აღდგენა, როდესაც 4 წელია, [უკრაინის ევტოკეფალიის] ტომოსს კითხულობენ და ჯერ ვერ ჩაიკითხეს, დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია, სად დგას და რომელ მხარეს არის ჩვენი წმინდა სინოდი".
რატომ ვერ იღებს საპატრიარქო გადაწყვეტილებას უკრაინის საკითხზე?
"უკრაინის საკითხი გაცილებით ღრმა შინაარსის, პოლიტიკური საკითხია, ვიდრე კანონიკური", - ამბობს ლელა ჯეჯელავა.
იმავეს იმეორებს ლადო ნარსია და ამატებს, რომ საქართველოს ეკლესია, ამ შემთხვევაში, მოქმედებს რუსული ეკლესიის დირექტივით და ითვალისწინებს შესაძლო გაღიზიანების საშიშროებას რუსეთის ეკლესიისაგან:
"მან კარგად იცის, რომ სხვა რაიმე კანონიკური დაბრკოლება უკრაინის ეკლესიის აღიარებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ის აღიარებულია რამდენიმე ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ და ასევე იგივე წესით, უკრაინის ეკლესიასთან არსებობს არაფორმალური, ევქარისტიული კავშირის დამყარების პრეცედენტები.
წმინდად იგივე სურათი გვაქვს, უბრალოდ ერთ [ჩრდილოეთ მაკედონიის] შემთხვევაში არსებობს ნაკლებად პოლიტიკური ქვეტექსტი და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიამ გაიმეორა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ნაბიჯები;
მეორე [უკრაინის] შემთხვევაში გვაქვს წმინდად პოლიტიკური ქვეტექსტი. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ეკლესია ადასტურებს მის ყოფნას რუსული ეკლესიის ორბიტაზე".
მირიან გამრეკელაშვილის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით, რუსეთს არანაირი ინტერესი არ ჰქონია ტერიტორიების მხრივ, რაც ყველაზე მეტად განასხვავებს მას უკრაინის საკითხისგან:
"ესაა მიზეზი, რატომაც დღემდე ვერ იღებს საქართველოს საპატრიარქო გადაწყვეტილებას კიევთან მიმართებაში".
რას ელოდება საპატრიარქო?
რას ელოდება საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების, ან თუნდაც მაკედონიის მსგავსად, ევქარისტიული კავშირის დამყარების გადასაწყვეტად?
ამ თემაზე სამივე თეოლოგს ერთი პასუხი აქვს: "ომის დასრულებას".
"ომი დაწყებული არ იყო, როცა [საპატრიარქოს] სირაქლემას პოზიცია ჰქონდა. იმისდა მიხედვით, როგორ დასრულდება ომი, გადანაცვლდება როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური ლანდშაფტიც ევროპის კონტინენტზე", - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
ლადო ნარსია ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკლესიის პოზიციის ცვლილება სწორედ ომის დასრულების შედეგებზეა დამოკიდებული:
"ამ ომის დასრულების შემდეგ, - და ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება უკრაინის მკაფიო გამარჯვებით, - ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის ავტოკეფალიის საკითხი, რაც ამ შემთხვევაში, მეათეხარისხოვანია.
მაქვს ვარაუდი, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ეკლესიის გავლენები მაქსიმალურად შეიზღუდება. ეს საშუალებას მისცემს, მათ შორის საქართველოს ეკლესიას, იმოქმედოს მეტი თავისუფლებით".