Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 დღე არჩევნებამდე


საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაძაბულობისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ეს სიმშვიდე გამოარჩევდა შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის საარჩევნო ოლქს 19 მაისს, არჩევნების პირველ ტურშიც. მთაწმინდა, სხვა საარჩევნო ოლქებს შორის გამორჩეული გამოდგა დარღვევების სიმცირისა და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიმართულებითაც. შენარჩუნდება თუ არა ეს მაჩვენებლები არჩევნების მეორე ტურში? გადაინაცვლებს თუ არა დაძაბულობის ეპიცენტრი ზუგდიდიდან და მარნეულიდან თბილისში? გაიზრდება თუ შემცირდება ამომრჩევლის აქტივობა? ამ შეკითხვებს ნათელი რამდენიმე დღეში, 9 ივნისს მოეფინება.

მეორე ცდა - არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე

9 ივნისს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

  • 19 მაისს არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოიპოვა, ხოლო „შალვა შავგულიძემ“ 36, 83%.
  • სულ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანია გახსნილი და - ოლქში ცხოვრობს 43 908 ამომრჩეველი
  • პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 15 022-მა ადამიანმა, ანუ ამომრჩევლის 34, 27 %-მა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთლიანობაში ხელისუფლების კანდიდატზე მეტი ხმა მოაგროვეს, ეს უპირატესობა შალვა შავგულიძის ელექტორატის ავტომატურად გაზრდას არ ნიშნავს. ამ დროისათვის უკვე ნათელია, რომ, მოლოდინის მიუხედავად, შალვა შავგულიძეს ყოფილი კონკურენტებიდან არც ერთი კანდიდატი არ დაუჭერს მხარს.

კონკურენტები, რომლებიც ვერ იქცნენ მხარდამჭერებად

„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს 9 ივნისს არჩევნების მეორე ტურში, ისევე როგორც პირველ ტურში, მხარს უჭერენ „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და „რესპუბლიკური პარტია“. თავიანთ ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძის სასარგებლოდ კენჭისყრისკენ არ მოუწოდეს პირველ ტურში მისმა უშუალო კონკურენტებმა სოფიო ხორგუანმა, გრიგოლ გეგელიამ, კობა დავითაშვილმა. მათ თავიანთი პოზიცია პირველი ტურის დასრულებისთანავე გამოხატეს. მათგან განსხვავებით, პირველი ტურის შემდეგ ცალსახად ნათელი არ იყო არჩევნების შედეგებით მესამე ადგილზე გასული ლევან იოსელიანის და მეოთხე ადგილზე გასული ჰერმან საბოს პოზიცია. კერძოდ, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ამომრჩეველთან შეთანხმების საფუძველზე მიიღებდნენ, ხოლო „გირჩი“ თავად იწვევდა თავის ამომრჩეველთან სასაუბროდ შალვა შავგულიძეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ არც ისინი დაუდგებიან გვერდში შალვა შავგულიძეს:

ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი-„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ყოფილი კანდიდატი: „ვფიქრობთ, რომ ჩვენ საკმაოდ პასუხისმგებლობით მივუდექით ამ პროცესს. არ ავიღეთ ჩვენს თავზე გადაწყვეტილების მიღება და ვკითხეთ იმ ხალხს, ვინც მე მომცა ხმა პირველ ტურში. ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 10 დღე. უამრავი ადამიანი თვითონაც მიკავშირდებოდა, მაგრამ ჩვენც დავდიოდით მთაწმინდაზე. აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ამომრჩევლის არის იმ აზრზე, რომ არ უნდა დამეჭირა მხარი შალვა შავგულიძისთვის. ის მათთვის იყო მიუღებელი, ვინაიდან თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემი ამომრჩევლისთვის მიუღებელია“.

ლევან ჯგერენაია, „გირჩის“ დამფუძნებელი: „ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ესაუბრათ ჩვენთან, ეს არ ნიშნავდა, რომ აუცილებლად დავეთანხმებოდით, ანუ დავუჭერდით მხარს, მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა გაეკეთებინა, ჩვენთან უნდა ესაუბრა. ამისთვის შევთავაზეთ ბევრი სხვადასხვა პლატფორმა, ჩვენს ტელე - გადაცემაში რომ ესაუბრა მაგალითად, ვახო მეგრელიშვილთან. გვაქვს გირჩის წევრების 12 000-იანი ფეისბუკ ჯგუფი. შეიძლებოდა იქ ესაუბრა ამ ადამიანებთან და დაერწმუნებინა ისინი, რომ არის ღირსი მხარდაჭერის. არც ვახო მეგრელიშვილის გადაცემაში მოვიდა, არც წევრების ჯგუფში საუბარზე დაგვთანხმდა.“

პრიორიტეტი - პასიური ამომრჩევლის მობილიზება

შალვა შავგულიძემ „გირჩის“, როგორც კონკურენტის მიერ შექმნილ ინტერნეტ-აქტივობაში მონაწილეობის მიღება გამართლებულად არ მიიჩნია და დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია. მისი წინასაარჩევნო კამპანიაც ძირითადად ამომრჩევლებთან შეხვედრებით გრძელდება, მათ შორის ეგრეთ წოდებული კარდაკარის გამოყენებით. ამომრჩეველთან შეხვედრების საფუძველზე იგი ამბობს, რომ:

  • ამომრჩევლის უმრავლესობა ოპოზიციურადაა განწყობილი
  • ამომრჩევლის ნაწილი პროტესტს პასიურად გამოხატავს და არ აპირებს არჩევნებზე მისვლას

შექმნილ ვითარებაში შალვა შავგულიძის ამოცანაა, დაარწმუნოს პასიურ რეჟიმში მყოფი ამომრჩეველი, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აქტიური მოქმედება, არჩევნებზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო.

„ჩვენ ვიცით, რომ ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო პირველ ტურში, დაახლოებით 35 პროცენტი იყო. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავისი ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას ახდენს. მას აქვს ბერკეტები, როგორ მოიყვანოს ხალხი და არ დაკარგოს ხმა. სახლში დარჩენილთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ამომრჩეველი, რომელიც ხმას არ აძლევს ხელისუფლებას, მაგრამ აქტიური არ არის ამ პროტესტში. მაგრამ თუ შევძლებთ რომ მეტი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე, ეს განაპირობებს ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას“,-აღნიშნავს შალვა შავგულიძე.

თავის მხრივ, მთაწმინდის ამომრჩეველთან აქტიურად მუშაობს მმართველი პარტია. როგორც პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პოლიტიკური პირების არა თუ უფლება, ვალდებულებაა აქტიურები იყვნენ საარჩევნო პროცესში. თამარ ჩუგოშვილის აზრით, შუალედური არჩევნების პირველ ტურში მთაწმინდაზე ოპოზიციურმა ელექტორატმა სრულად გამოხატა ნება. შესაბამისად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასკვნის, რომ არჩევნების პირველ ტურში სრულად არ მისულან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ამომრჩეველი. ეს შეხედულება „ქართულ ოცნებას“ აიმედებს, რომ მეორე ტურში არა ოპოზიციის, არამედ მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაიზრდება.

ხელსუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების ფონზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტურშიც სახლში დარჩება. მისი თქმით, ნეიტრალურად ითვლება ამომრჩეველი, რომელიც

  • აპოლიტიკურია,
  • ამომრჩეველი, რომლის კანდიდატიც არჩევნებში არ მონაწილეობს
  • ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართული პოლიტიკა "მარაზმია".

შესაბამისად, იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ ნეიტრალური ადამიანისთვის არც მეორე ტურში იცვლება რამე. ამიტომ, მისი აზრით, პოლიტიკოსების ამოცანაა არჩევნებზე მიიყვანონ ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც მათ საშუალოდ ან მცირედ უჭერენ მხარს. იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ოპოზიციის პოტენციური მხარდამჭერები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მხარს არ უჭერენ კონკრეტულ კანდიდატს, თუმცა დემოკრატიას იცავენ და მიიჩნევენ, რომ კარგია, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ მანდატს მოიპოვებს.

როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია?

საკანონმდებლო ორგანოში მთაწმინდის მაჟორიტარის პოლიტიკური მანდატისთვის პრინციპული ბრძოლა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. მათ შორის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება ახორციელებს ასევე სოციალური ქსელების მონიტორინგსაც. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე ამბობს, სოციალურ ქსელებში გრძელდება შალვა შავგულიძის ანტისარეკლამო კამპანიები, რომელთა მასშტაბი შესაძლოა, ძალიან დიდი არ არის, თუმცა შესამჩნევია.

„როგორც ჩანს, იგივე ხაზი იკვეთება ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდანაც. ეს შეიძლება მიუთითებდეს გარკვეულ სარედაქციო კავშირებზე ოფიციალურ მედიასაშუალებებსა და სოციალური მედიის ანონიმურ გვერდებს შორის. ისინი მსგავსი ხაზით ცდილობენ კანდიდატის დისკრედიტაციას. ამაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია“,- ამბობს მიხეილ ბენიძე. მისი შეფასებით, ზოგადად საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა სახეზე ცალკეული გამოწვევებიც.ორგანიზაცია 9 ივნისის არჩევნებზე, დაკვირვების გარდა, ტრადიციულად გეგმავს ხმების პარალელურ დათვლასაც.

XS
SM
MD
LG