Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლი ლაჩინის გზაზე, კონტროლი ყარაბაღზე - დაძაბულობის ახალი ფაზა ბაქოსა და ერევანს შორის


აზერბაიჯანმა გახსნა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჰაკარის ხიდზე. 23 აპრილი, 2023 წელი.
აზერბაიჯანმა გახსნა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჰაკარის ხიდზე. 23 აპრილი, 2023 წელი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისედაც დაძაბული ვითარება ახალ ნიშნულს აღწევს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაამყარა მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტზე - ლაჩინის დერეფანზე, რომლის დასაწყისშიც ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩადგა.

ბაქო აცხადებს, რომ წინასწარი შეთანხმებისთვის არ გადაუხვევია და საკონტროლო-გამშვები პუნქტის საკუთარ ტერიტორიაზე ამოქმედება გზის ჩაკეტვას სულაც არ ნიშნავს. თუმცა ერევნისთვის ცხადია, რომ ეს გზა მათთვის პრაქტიკულად სრულად ჩაიკეტა.

სომხეთთან ერთად, აზერბაიჯანმა ფაქტის წინაშე დააყენა რუსეთიც, რომელიც ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, რეგიონში თავისი ე.წ. სამშვიდობო ძალებით გამაგრდა და 2020 წლიდან პოზიციებიც გაიუმჯობესა. თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. რუსული კონტინგენტის როლს ბაქომ ხაზი გადაუსვა.

თუკი ვითარება დაიძაბება, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პროცესებში ირანიც ჩაერთოს.

აზერბაიჯანი საფრთხეებით ხსნის

ლაჩინის დერეფნის გზის დასაწყისში, ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ამოქმედების ძირითად მიზნად აზერბაიჯანი ასახელებს სომხეთის მიერ „ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალის, ნაღმების და სამხედრო დანიშნულების სხვა საშუალებების უკანონო გადატანის“ აკრძალვას „აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე მოქმედი სომხური შეიარაღებული ფორმირებებისთვის“.

ბაქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმება აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე. ის თვლის, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი სომხეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ამიერიდან ძალიან მწირ არჩევანს უტოვებს.

„სეპარატისტებს [მთიან ყარაბაღში] შესაძლებლობის ფანჯარა ეხურებათ მწირ არჩევნამდე - ან აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი [უნდა აიღონ], ანდა ბარგიანად გასასვლელისკენ“, - წერს რუსტამზადე ფეისბუკზე.

ბაქოელი ანალიტიკოსის, ფუად შაჰბაზის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ რუკაზე ჩანს, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჰაკარის ხიდზეა აგებული, რაც, თავის მხრივ, ლაჩინის გზის დასაწყისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. შაჰბაზი ასევე ტვიტერზე წერს, რომ აზერბაიჯანმა რუსეთის მხარე წინასწარ გააფრთხილა და მოულოდნელი არაფერი იყო.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია, რომ ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაყენება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის ძალისხმევას. ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ, რომ ლაჩინის დერეფანში თავისუფალი და ღია უნდა იყოს გადაადგილება ადამიანებისა და სავაჭრო საქონლისთვის. მოვუწოდებთ მხარეებს, გააგრძელონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და მტრული ქმედებებისგან საზღვრის გასწვრივ“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა ბაქო არ იზიარებს არც ერევნისა და არც საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა არღვევს 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ სამმხრივ (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) შეთანხმებას და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) 2023 წლის თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელიც აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფას ავალდებულებს.

„აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, ვალდებულებების შესაბამისად, ლაჩინის გზაზე მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა და გააგრძელებს შესაბამის ზომებს ამ მიმრთულებით“, - ასე უპასუხეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებიდან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას.

ლაჩინის დერეფანის ბლოკადა ბაქოს არც მანამდე უღიარებია, როცა 2022 წლის დეკემბერში, შუშასთან, ცენტრალური გზა გადაკეტეს ადამიანებმა, რომლებიც თავს „ეკოლოგებად“ წარმოადგენდნენ და გაცხადებულ მიზნად, მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვებისა და სომხეთში გატანის აღკვეთას ასახელებდნენ.

სომხეთში თავიდანვე დარწმუნებული იყვნენ, რომ „ეკოლოგების აქცია“ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არის მართული.

ამ პირობებში, თვეების მანძილზე, ლაჩინის დერეფნის გავლას ძირითადად მხოლოდ რუსული „სამშვიდობო კონტინგენტის“, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ახერხებდნენ.

სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღისკენ, სტეფანაკერტამდე ძირითადი გზა სწორედ ლაჩინის დერეფანია. მისი ალტერნატივაა „ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ გრუნტის გზა და ბაქო ერევანს, უკანონო სამხედრო მიზნებისთვის, სწორედ ამ გზის გამოყენებაში ადანაშაულებდა.

მარტში, ყარაბაღში მორიგი შეტაკების შემდეგ, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც პროსახელისუფლებო მედიის თანახმად - რუსი სამშვიდობოების ესკორტით, სომხური ტექნიკის გადაადგილებას ასახავს. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კოლონის მიზანია, სომხურ უკანონო სამხედრო ფორმირებას მიაწოდოს საკვები, წყალი და შეიარაღება“, - წერდა აზერბაიჯანული საიტი Caliber-ი, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უკავშირებენ და რომელიც ხშირად აქვეყნებს სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას.
ლაჩინის დერეფნის მახლობლად, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში, შეტაკება ასევე მსხვერპლით დასრულდა აპრილშიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ლაჩინის რაიონი ბაქოს კონტროლქვეშ დაბრუნდა და დერეფანს თავიდანვე რუსეთის "სამშვიდობო ძალები" უწევდნენ მეთვალყურეობას.

2022 წლის 26 აგვისტოს, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა. ეს ქალაქი 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა.

სომხეთი გენოციდის საფრთხეს ხედავს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 108-ე წლისთავს ეძღვნება, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უპირატესად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღზეც კეთდება.

„სამწუხაროდ, დღეს, ისევე, როგორც საუკუნის წინ, კვლავ შეიგრძნობა გენოციდის პოლიტიკის საფრთხე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. და დღეს გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საფრთხეს აწყდებიან მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები. მთიანი ყარაბაღის ხალხის მიმართ აზერბაიჯანის განგრძობადი აგრესიული პოლიტიკა, ანტისომხური რიტორიკა, სამშობლოს წართმევისა და სომხური კვალის გაქრობისკენ მიმართული ქმედებები წარმოადგენენ გენოციდის განზრახვის გამოვლინებებს“, - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

23 აპრილს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში, სომხეთის საგარეო უწყება მოუწოდებს მოკავშირე რუსეთს, რომ „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ფარგლებში“ მოაგვაროს აზერბაიჯანის მიერ შექმნილი პრობლემა, რაც „მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების გამოდევნას“ ისახავს მიზნად.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება [2020 წლის ნოემბრის] სამმხრივი შეთანხმების მე-6 პუნქტის შესაბამისად - რათა აღმოიფხვრას დერეფნის უკანონო ბლოკადა და მოხდეს აზერბაიჯანის ძალების გაყვანა ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოების ზონიდან“, - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აქვეა მოწოდება - გაეროს მისამართით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

განცხადება გამოაქვეყნა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამაც. ისინი მოელიან, რომ ლაჩინის დერეფნის დეკემბრის ბლოკადის შემდეგ სერიოზულად გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარება, კიდევ უფრო დამძიმდება და აზერბაიჯანის მიზანი „ეთნიკური წმენდაა“.

რა პასუხი აქვს რუსეთს?

რუსეთი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღელვებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის სიხშირე, თანმდევი მსხვერპლი და ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის „ბრალდებების შემცველი და აგრესიული საჯარო რიტორიკის გაზრდილი გრადუსი".

„განსაკუთრებით აღვნიშნავთ ნებისმიერი ცალმხრივი ნაბიჯის მიუღებლობას - რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ძირითადი დებულებების დარღვევის კუთხით... მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ არსებულ შეთანხმებებს“, - წერია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ რეგიონში დასავლელი მოთამაშეები და „ლოკალური რუსოფობი ელემენტები“ მოქმედებენ.

რუსეთის 2000-წევრიანი სამხედრო კონტინგენტი, მშვიდობისმყოფელის სტატუსით, რეგიონში მას შემდეგ შევიდა, რაც 2020 წლის 10 ნოემბერს, 44-დღიანი ომის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა, სწორედ მოსკოვის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას. შედეგად, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის 1/3 და კიდევ, ერთნიკური სომხებით დასახლებული 7 მიმდებარე რაიონი აზერბაიჯანის ხელში გადავიდა.
2023 წლის დასაწყისიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის თხოვნით, ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდნენ.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც დიდი ხანია ადევნებს თვალს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს და რუსეთის აქტივობებს რეგიონში, თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთი, მოცემულ სიტუაციაში, ვეღარ მოახერხებს პროცესებზე კონტროლის დამყარებას.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დასუსტებული რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, უკვე ვეღარ ფლობს ძველებურ ძალას - ზეგავლენა მოახდინოს პროცესებზე. ვხედავთ, რომ რუსეთი უპირატესობას მოლაპარაკებების გზას ანიჭებს, თუმცა ეს მოლაპარაკებები, ვხედავთ, რომ უშედეგოა და ბერკეტებს ვერც ამ მხრივ ფლობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბატიაშვილი. ის საყურადღებოდ მიიჩნევს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ - 2000 სამხედრო, რომლებიც რუსეთმა ყარაბაღის რეგიონში თავიდან შეიყვანა, უკრაინაში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, „თანდათან ჩვეულებრივი მობილიზებულებით ჩაანაცვლა“ და „მათ არა აქვთ შესაბამისი სამხედრო მომზადება“.

ანალიტიკოსები ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან, რომ აზერბაიჯანი უკან დაიხევს.

ბაქოდან ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში შეუთვალეს მოსკოვს, რომ საერთოდ აღარ ახსენოს „მთიანი ყარაბაღი“, რადგან ასეთი სახელწოდების „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არის“.

რუსეთი სომხეთს ვერც აქამდე დაეხმარა, მრავალი მიმართვისა და მათ შორის - სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საკმაოდ ხშირი სატელეფონი საუბრების მიუხედავად. ერევანი მიმართავდა მოსკოვს - შეეჩერებინა ბაქო, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში, ეტაპობრივად დაიკავა ახალი ტერიტორიები და, მათ შორის - არაერთი სტრატეგიული სიმაღლე. თავის მხრივ, აზერბაიჯანელი ექსპერტები ყოველ ჯერზე აცხადებდნენ, რომ ბაქოს ნაბიჯები რუსეთის უმოქმედობით იყო განპირობებული.

  • სომხეთი რუსეთმა იმედგაცრუებული დატოვა 2022 წელსაც, როცა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის მიუხედავად, რუსეთმა არ დაახმარა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ), რომელიც, მაგალითად, 2022 წელს მიავლინა ყაზახეთში, შიდა არეულობის დროს.

სომხეთს დამოუკიდებლად არა აქვს ძალა, რომ წინ აღუდგეს აზერბაიჯანის გადაწყვეტილებებსა და წინსვლას მთიან ყარაბაღში. თუმცა ზურაბ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, სომხეთს გვერდში ამოუდგეს ირანი, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად, ბაქოსა და ანკარის მიერ წამოყენებული „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტი აშფოთებს. თეირანი თვლის, რომ ეს პროექტი მას სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მიღმა დატოვებს.

„ზანგეზურის დერეფანი“ გულისხმობს სახმელეთო კავშირს ნახიჩევანის ექსკლავსა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას შორის. ბაქოს გეგმით, გზამ უნდა გაიაროს სომხეთისა და ირანის საზღვრის გასწვრივ, რაც ბუნდოვანს ხდის ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობებს და თურქეთისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქციას. მოვლენების ასეთი განვითარება არც სომხეთს აძლევს ხელს. ეს დერეფანი თურქეთს, ნახიჩევანისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანს ხმელეთით დაუკავშირებს.
„ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებით, ივლისში, შეშფოთება გამოხატა ირანის სულიერმა ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმაც.

ამასთან, ირანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბაქოს მცდელობები, ურთიერთობები გაიუმჯობესოს ისრაელთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG