Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, თურქეთი - რა ხდება საქართველოს სამეზობლოში


აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები თურქმენეთში. 2021 წლის ნოემბერი
აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები თურქმენეთში. 2021 წლის ნოემბერი

უკრაინასთან ომის ფონზე, როცა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს კარგავს და „3+3“-ის ფორმატიც წარსულს ჩაბარდა, საქართველოს სამეზობლოში მოვლენები ახლებურად ვითარდება და ესპერტებისთვის საკმაოდ სახიფათოდ გამოიყურება.  

როცა სომხეთი და აზერბაიჯანი მდგრადი მშვიდობის პირობებზე ჯერ ისევ ვერ თანხმდებიან, ძლიერდება დაძაბულობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის. აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას და აშკარაა პრეზიდენტ ერდოანის გაზრდილი ინტერესიც რეგიონში. საერთაშორისო თანამეგობრობა თეირანის გარშემო წრეს ავიწროებს. ირანის გვერდით დღეს სომხეთი და პრობლემებით სავსე რუსეთი დგანან.

რა ხდება რეგიონში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ძალის დემონსტრირება აზერბაიჯანის საზღვართან

გრძელდება მასშტაბური სამხედრო სწავლება, რომელშიც ირანის ათობით ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, წვრთნების პროცესში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედროები იყენებენ „პონტონის“ ხიდებს, მდინარე არასზე სამხედრო ტექნიკის გადასვლის იმიტირებისთვის. სწორედ ამ მდინარეზე გადის ირანისა და აზერბაიჯანის საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

„ირანი მზად არის დაიცვას საზღვარი და პასუხი გასცეს ნებისმიერ საფრთხეს“, - ამბობს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალების მეთაური, მოხამად პაკპური და განმარტავს წვრთნების მიზანს - საკომუნიკაციო გზებზე კონტროლის დამყარება და სტრატეგიული სიმაღლეების დაპყრობა.

თეირანი აცხადებს, რომ ბაქო წინასწარ გააფრთხილა დაგეგმილი წვრთნების შესახებ, მაგრამ ამ გაფრთხილებას წინ უსწრებდა თეირანის მიერ ბაქოს მიმართ გამოხატული უკმაყოფილება, რაც ძირითადად „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხს უკავშირდება.

„ირანი თავს გარიყულად გრძნობს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ და ახლა თეირანს, საერთაშორისო წნეხის ფონზე ეშინია იმ გზის ჩაკეტვის, რომელიც მას აკავშირებს სომხეთთან, საქართველოსთან, საქართველოს გავლით - რუსეთთან და შავი ზღვის გავლით - ევროპასთან... ირანი აცხადებს, რომ არ დაუშვებს საზღვრის შეცვლის მცდელობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ის ფიქრობს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა ირანმა ომი დაიწყოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ასეთ შემთხვევაში, ბატიაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანს აუცილებლად დაეხმარებიან თურქეთი და ისრაელი, რაც კონფრონტაციის მასშტაბებსა და არეალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

რა არ მოსწონს ირანს?

ირანს არ მოსწონს აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი მიზანი - „ზანგეზურის დერეფნის“ გაჭრა. ეს გულისხმობს სახმელეთო კავშირს ნახიჩევანის ექსკლავსა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას შორის. ბაქოს გეგმით, გზამ უნდა გაიაროს სომხეთისა და ირანის საზღვრის გასწვრივ, რაც ბუნდოვანს ხდის ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობებსაც. მოვლენების ასეთი განვითარება არც სომხეთს აძლევს ხელს.

„ზანგეზურის დერეფანის“ გახსნასთან დაკავშირებით, ივლისში, შეშფოთება გამოხატა ირანის სულიერმა ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმაც.

„სიტუაცია რეგიონში ფეთქებადსაშიშია ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია ერთგვარი აალების პრინციპი და სხვადასხვა ადგილას საერთო სურათი ბევრად უფრო მკვეთრი გახადა... ვნახეთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის გაყინული კონფლიქტიც სწრაფად გალღვა“, - გვეუბნება ზურაბ ბატიაშვილი.

ბაქოსა და ერევნის საფუძვლიანი შეთანხმება ჯერ ისევ ვერ ხერხდება და ბევრისთვის წარმოუდგენელიც არის მდგრადი მშვიდობა, მათ შორის - ევროკავშირის აქტიური ჩარევის მიუხედავად.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოვლენები რუსეთის მიერ პოზიციების დაკარგვის ფონზე ვითარდება და უკვე აღარავინ ახსენებს თურქეთის პრეზიდენტის მიერ ერთ დროს ზარ-ზეიმით გამოცხადებულ იდეას, ახალი რეგიონალური ფორმატის - „3+3“-ის შექმნის შესახებ, რომელშიც თურქეთის, ირანისა და რუსეთის გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გაერთიანება იყო ჩაფიქრებული.

ირანი, სომხეთი, რუსეთი

ირანის მოკავშირეებად ამ ეტაპზე სომხეთი და რუსეთი მიიჩნევიან, მაგრამ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს საკუთარი პრობლემაც თავზე საყრელად აქვს და თანდათან მნიშვნელოვნად კარგავს სხვების მხარდაჭერის ძალასა და შესაძლებლობებს.

ირანი რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა, რომელიც მას უკრაინასთან ომში სამხედრო შეიარაღებას აწვდის და საერთაშორისო თანამეგობრობა თეირანს ახალ სანქციებსაც უწესებს - რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიწოდების გამო.

„ირანი არ დაუშვებს, რომ სომხეთთან მისი დამკავშირებელი გზები დაიბლოკოს და რეგიონში სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ატარებს სამხედრო წვრთნებს ირანის ისლამური რესპუბლიკა“, - ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსეინ ამირ აბდოლახიანის სიტყვებია. ის 20 ოქტომბერს, სომხეთში ბევრისთვის მოულოდნელად ჩავიდა.

ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხარეებს წინასწარ არ გაუხმაურებიათ, თუმცა როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება - ვიზიტი დაგეგმილი იყო და ირანელმა მინისტრმა მიწვევა კარგა ხნის წინ მიიღო.

სომეხი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ვიზიტის ფარგლებში, ირანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა - რეგიონის უსაფრთხოება იქნება და არ არის გამორიცხული, შედგეს გარიგება ირანისგან იარაღის შესყიდვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას დასავლეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.

21 ოქტომბერს, სომხეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კაპანში, ირანის გენერალური საკონსულო გაიხსნა. კაპანი აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს.

აზერბაიჯანი და თურქეთი

თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერა ახალი არ არის და ის მზარდია.

იმ დღეს, როცა ირანელი მინისტრი სომხეთში ჩავიდა, აზერბაიჯანს თურქეთის პრეზიდენტი სტუმრობდა. რეჯებ ტაიპ ერდოანის თვითმფრინავი პირველი იყო, რომელიც, 20 ოქტომბერს, ზანგილანის რაიონში აშენებულმა ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

„დღეს დაუვიწყარი დღეა ზანგილანის რაიონისთვის. აქ არის ჩვენი მოძმე ქვეყნის პატივცემული პრეზიდენტი, ჩემი ძმა - რეჯებ ტაიპ ერდოანი. ეს დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, დიდი დღესასწაულია მთელი აზერბაიჯანელი ხალხისთვის“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

20 აგვისტოს, აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, წითელი ლენტი ორმა პრეზიდენტმა ერთობლივად გაჭრა.

„საერთაშორისო აეროპორტი, რომლის გახსნაც ჩვენ დღეს ზანგილანში აღვნიშნეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ გმირობის მატიანის დაწერის შემდეგ, აზერბაიჯანი ახლა უკვე ყარაბაღის განვითარების მატიანეს წერს. საგანგებო სიამაყის წყაროა ის ფაქტი, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტში თურქული კომპანიები მონაწილეობენ“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ზანგილანის რაიონი სომხეთსა და ირანს ესაზღვრება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ეს აეროპორტი აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რაიონის ლოგისტიკურ ცენტრად იქცევა.

20 ოქტომბერი სიმბოლური თარიღია აზერბაიჯანისთვის.

ზანგილანი, რომელიც მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სომხური მხარის კონტროლქვეშ მოექცა, აზერბაიჯანმა 2020 წლის შემოდგომაზე განახლებული საბრძოლო მოქმედებების დროს, ზუსტად 20 ოქტომბერს დაიბრუნა და ამ სიმბოლურ დატვირთვაზე პრეზიდენტმა ალიევმაც გაამახვილა ყურადღება.

პარალელურად, ოქტომბერი დატვირთული იყო აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებით. მათ შორის, თურქეთის ქალაქ მარმარისში, ორი ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა სპეციალური საზღვაო და სახმელეთო ტაქტიკა შეიმუშავეს.

აზერბაიჯანის ინტერესები ირანის ტერიტორიაზე?

აგვისტოში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა გამოცემა Caliber.az-მა დაბეჭდა პუბლიკაცია სათაურით „დრო მოვიდა: სამხრეთი აზერბაიჯანი უნდა გამოვიდეს ირანის შემადგენლობიდან“. შემდეგ, ამას მოჰყვა Haqqin.az-ის სტატია მსგავსი სათაურით - „ირანული ლომი თავს დაკარგავს. სამხრეთი აზერბაიჯანი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის!“. სტატიაში ნახსენებია ბაქოს მზადყოფნაც - ხელი შეუწყოს ამ პროცესს:

„აზერბაიჯანის სახელმწიფოს აქვს საკმარისი სამობილიზაციო ძალა თავისი თანამემამულეების [ირანელი აზერბაიჯანელების] უფლებების დასაცავად. ბაქოს აქვს საკმარისი რესურსი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ახალი ტალღის მხარდასაჭერად“.

სპეციალისტების განმარტებით, სამხრეთ აზერბაიჯანში იგულისხმება ირანის ჩრდილოეთი პროვინციები, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ჭარბობს.

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ ამ ინტერესებისთვის ბრძოლა ამ ეტაპზე არ შედის აზერბაიჯანის დღის წესრიგში; თუმცა მისი გახმაურებით, ბაქო თეირანზე, შესაძლოა, გარკვეული შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდეს.

ბაქოსა და თეირანს შორის დაძაბულობის დემონსტრირება არ ხდება. სააგენტო Trend-ი იტყობინება, რომ 20 ოქტომბერს, ბაქოში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე შახინ მუსტაფაევი ირანის ვიცე-პრეზიდენტს, ალი სალაჯეგეს შეხვდა. ოფიციალური ცნობებით, შეხვედრაზე აღინიშნა მტკიცე კავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კულტურული თუ ეკოლოგიური მიმართულებებით. საგანგებოდ არის გამოყოფილი მდინარე არასის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ერთობლივად ზრუნვის აუცილებლობა. მანამდე, 13 ოქტომბერს, ერთმანეთს, ასტანაში, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებიც შეხვდნენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG