სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების შემთხვევაში, სომხეთი მზადაა გაიყვანოს ახალი გზები, მაგრამ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი სომხეთის ცალმხრივი ვალდებულების შესახებ, რომ ააგებს გზებს აზერბაიჯანის დასავლეთი რაიონების ნახჭევანის რეგიონთან დასაკავშირებლად.
თუ ბაქო დათანხმდება, სომხეთი თავისი კანონმდებლობის შესაბამისად გაიყვანს თავის ტერიტორიაზე გზას, წერს ფაშინიანი ტვიტერზე.
„შეუძლია ვინმეს მოძებნოს „დერეფნის“ ხსენება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში, როცა ლაპარაკია სომხეთის ტერიტორიაზე? რა თქმა უნდა, არა. არის თუ არა ნახსენები „დერეფანი“ 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში? დიახ, ეს არის ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღში, სიტყვა ერთადერთხელ არის ნახსენები", - დაწერა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ სომხეთი თავის ვალდებულებებს ასრულებს.
სომხეთის პრემიერი დასძენს, რომ სომხეთი მზად არის გახსნას სამი გამშვები პუნქტი ვალდებულებების შესასრულებლად. ერევნის ამ წინადადებას ბაქომ „არარეალური“ უწოდა.
ფაშინიანის თანახმად, აზერბაიჯანმა თვეების განმავლობაში არ უპასუხა სომხეთის წინადადებას, გახსნილიყო გამშვები პუნქტები აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად. უფრო ადრე ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო სომხეთისგან ითხოვს ზენგეზურის დერეფანზე, ლაჩინის მსგავსად, შეუზღუდავ წვდომას. ხოლო სტამბოლში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ სომხეთმა ჯერ კიდევ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და „ზანგეზურის დერეფანი ახსენა.“ ჩავუშოღლუს თქმით, „ზანგეზურს და ლაჩინს ერთნაირი სტატუსი უნდა ჰქონდეთ.“